მეგი

მეგი

თეტჩერის სიკვდილი მეგობრისგან გავიგე. ემოციური ადამიანია და თავისი აღელვება ტელეფონიდან მეც გადმომდო. საუბარს რომ მოვრჩით, მისი კატა გამახსენდა – მარგო ჰქვია და იმიტომ. გადავწყვიტე, რომ მეგობარმა თავის დროზე, თეტჩერის ასოციაციით კატას მარგარეტის ქართული, შინაურული ვერსია დაარქვა. ყოველ შემთხვევაში, შინაგანად ასე მინდოდა ყოფილიყო. ისე დავინტერესდი, კინაღამ არ დავურეკე, მაგრამ მივხვდი, რომ არაადეკვატური ვიქნებოდი და აჯობებდა, შეხვედრისას მეკითხა. მეორე მხრივ, მე სხვანაირად დავარქმევდი. როგორ, არ გეტყვით, მაგრამ ამ წერილს თუ ბოლომდე გაუძლებთ, შეიძლება მიხვდეთ.

მოკლედ, ასეა თუ ისე, შევატყვე, რომ ძალაუნებურად თეტჩერის გავლენის ქვეშ ვექცეოდი. თავიდან გამიკვირდა, რაღა დროს თეტჩერია-მეთქი – ეგ რომ თანამდებობიდან გადადგა, საქართველო ჯერ კიდევ არ იყო დამოუკიდებელი. მაგრამ მერე ნელ-ნელა გამახსენდა რაღაცები და თითქოს გამოვფხიზლდი.

მაშინ ამაზე არ ვფიქრობდი, მაგრამ მოგვიანებით გავაცნობიერე – რომ არა იმ პერიოდის რამდენიმე ადამიანის სიმტკიცე, რომელთა შორის მარგარეტ თეტჩერის ღვაწლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, საქართველო შეიძლება დღეს ისეთი ქვეყანა არ ყოფილიყო, როგორიც არის.

ბუნებრივია, რომ ყველა ეპოქაში არსებობენ გამორჩეული პიროვნებები, რომელთა მსოფლმხედველობა, ნიჭი, ცხოვრებისადმი დამოკიდებულება და ენერგია ბევრად განსაზღვრავს ადამიანთა დიდი ჯგუფების მომავალს, მათი ცხოვრების ხარისხს. ისიც ბუნებრივია, რომ ამ პიროვნებების უდიდესი ნაწილი მაღალი რანგის პოლიტიკოსები არიან, რომლებსაც თავიანთი აქტივობების განსახორციელებლად შესაბამისი ბერკეტები გააჩნიათ. სამწუხაროდ, ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ ამ პოლიტიკოსებს თავის გამოჩენის საუკეთესო საშუალება კრიზისული სიტუაციების, განსაკუთრებით კი ომების დროს ეძლევათ.

სწორედ ამიტომაც არის აღსანიშნავი ის, რომ გაერთიანებულ სამეფოში თეტჩერი მშვიდობიანი დროის უმნიშვნელოვანეს პრემიერ-მინისტრად ითვლება. მით უფრო აღსანიშნავია, რომ ამ ქალბატონმა აღიარება მოიპოვა ისეთ მასკულინურ სფეროში, როგორიც პოლიტიკაა და ისეთი გამორჩეული ლიდერების კომპანიაში, როგორიც რონალდ რეიგანი და ჰელმუტ კოლი, ან თუნდაც სოციალისტი ფრანსუა მიტერანი და კომუნისტი მიხაილ გორბაჩოვია. ანდა სულაც მისი იდეოლოგიური მტრები, პოლარულად განსხვავებული მსოფლმხედველობის ლეონიდ ბრეჟნევი, ფიდელ კასტრო და კიმ ირ სენი გაიხსენეთ.

აი ასეთი ქალბატონის გარდაცვალება მაცნობა მეგობარმა ტელეფონით. თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების დონის გათვალისწინებით, ცხადია, ამ ცნობას იმ დღეს მაინც ვერ გავექცეოდი: სხვა თუ არაფერი, საკმარისი იყო, ინტერნეტის საძიებო სისტემებში ასო მ შეგეყვანა, რომ გამაოგნებელი რაოდენობის ინფორმაცია მარგარეტ თეტჩერის შესახებ მისი მსუბუქად გადახედვის სურვილსაც კი ჩაგიკლავდა.

გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს კი, როცა თეტჩერი პრემიერი გახდა, უტყუარი ინფორმაციის მოპოვება საბჭოთა კავშირში გმირობის ტოლფასი იყო. მართლაც ბოროტების იმპერიაში ვცხოვრობდით – 65 ქვეყანამ ბოიკოტი გამოუცხადა მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებს, მაგრამ ესენი მაინც უარყოფდნენ, რომ ავღანეთს ეომებოდნენ. თეტჩერზე სულ რომ არაფერი გვცოდნოდა, თუნდაც მარტო იმიტომ ვაღიარებდით, რომ კომუნისტებს ვერ იტანდა.

იმ ღამეს, ძილის წინ რაღაცებს ვიხსენებდი თეტჩერთან, უფრო სწორედ იმ ეპოქასთან დაკავშირებით, როცა ის, ალბათ მარტო ქალისთვის დამახასიათებელი, დედობრივი შეუპოვრობით იცავდა და ახორციელებდა თავის იდეებს. პოლიტიკით დიდად არასდროს ვყოფილვარ გატაცებული, ამიტომ თეტჩერით გამოწვეულ ასოციაციებს უფრო ჩემი ბრიტანეთთან დამოკიდებულება განსაზღვრავდა და დაახლოებით ასეთი სახე ჰქონდა:

იტალიის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალის დროს, 1990 წლის ივნისში, კონსერვატორმა პარლამენტარმა კენეტ კლარკმა პრემიერ-მინისტრს შესჩივლა – საშინელება არ არის, როცა გერმანელები ჩვენს ეროვნულ სპორტში გვამარცხებენო? „გულს ნუ გაიტეხთ, – უპასუხა მარგარეტ თეტჩერმა, – ამ საუკუნეში ჩვენ ორჯერ დავამარცხეთ ისინი თავიანთ ეროვნულ სპორტში”.

ეს ძალიან ინგლისური იუმორი და პოლიტკორექტულობის ზღვარამდე მისული ცინიზმი ერთ-ერთი კომპონენტია იმ ფენომენისა, რასაც „რკინის ლედი” ჰქვია. ეს ფრაზა მან თავისი პოლიტიკური კარიერის მიწურულს თქვა – 5 თვის შემდეგ მან დატოვა პრემიერ-მინისტრის ოფისი დაუნინგ-სტრიტზე, სადაც მე-20 საუკუნის ბრიტანელი პრემიერებიდან ყველაზე მეტი დრო დაყო. ის რომ ბრიტანეთის ისტორიაში ამ კაბინეტის მფლობელებიდან ერთადერთი ქალი იყო, ყველასათვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ შეიძლება ყველას არ ახსოვდეს, რომ ის ასევე ერთადერთია მათ შორის, რომელმაც სიცოცხლეშივე მოიპოვა „-იზმი”: პრემიერ-მინისტრობისას ის ატარებდა პოლიტიკურ კურსს, რომელსაც „თეტჩერიზმი” უწოდეს. უფრო უკეთ რომ გავიაზროთ მისი მნიშვნელობა, გავიხსენოთ – ვინსტონ ჩერჩილმა ომი მოიგო, მაგრამ „-იზმი” ვერ შექმნა.

ისე, ზოგადად, საერთო სახალხო პოპულარობით, ყოველ შემთხვევაში ჩვენში, ბრიტანელ პრემიერ-მინისტრებს ამერიკელი პრეზიდენტები სჯობნიდნენ. „ჩემი” პირველი პრემიერ-მინისტრი ჰაროლდ ვილსონი იყო. მაგრამ ჩემი ყურადღება მან სრულიად არაპოლიტიკური საფუძველით მიიპყრო. ჩემი ბავშვობის გმირებთან გადაღებულ მის ფოტოებს დღესაც ვერ ვათვალიერებ გულგრილად ინტერნეტში. ბედი არ გინდა, სწორედ მაშინ იყო პრემიერ-მინისტრი, როცა შენი ქვეყნის ნაკრები პირველად ხდება მსოფლიოს ჩემპიონი ფეხბურთში და როცა მთელი პლანეტა დაპყრობილი აქვს „ბითლზს”?!

თეტჩერს ასე არ გაუმართლა. ის რომ პრემიერი გახდა, „ბითლზი” უკვე 9 წლის დაშლილი იყო, ხოლო ინგლისის ნაკრებს რაიმე წარმატებისთვის რომ მიეღწია მისი პრემიერ-მინისტრობის ხანაში, ზემოთ მოყვანილი ფრაზა ეროვნული სპორტების შესახებ სხვანაირად გაიჟღერებდა. თუმცა თეტჩერის მმართველობის პირველ ნახევარში ინგლისურმა კლუბებმა თავი ევროპულ ტურნირებში გამოიჩინეს. ყველა საფუძველი არსებობდა, რომ ეს წარმატება მეორე ნახევარშიც გაგრძელებულიყო, მაგრამ 1985 წლის 31 მაისს მათ რამდენიმე წლით აუკრძალეს ევროპაში თამაში. ყველაფერი კი მათი ხულიგანი გულშემატკივრების გამო მოხდა, რომლებიც ისევე ატერორებდნენ ევროპის ქალაქებს, როგორც მათი წინაპარი მეკობრეები მსოფლიო ზღვებს.

ამით იმის თქმა მინდა, რომ თეტჩერმა სპორტისა და შოუბიზნესის ვარსკვლავების გარეშე მოაღწია ჩემამდე. საქმე ის არის, რომ თვითონ იყო ვარსკვლავი თავის სფეროში და მთელი მსოფლიოს ყურადღებას იზიდავდა. ცხადია, ამისთვის მას ერთი სასტარტო უპირატესობა ჰქონდა: ის იყო ქალი, რომელიც ასპარეზობდა მამაკაცების ტურნირზე. მაგრამ გაიხსენეთ, რომ ეს ტურნირი ტარდებოდა ბრიტანეთში – სამეფოში, რომელსაც მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან მართავდა ქალი.

ცხადია, ნებისმიერი არაორდინარული, თანამედროვე ბრიტანელი ქალბატონის – თუნდაც ისეთი რადიკალურად განსხვავებულის, როგორიც ემი ვაინჰაუზია – პოპულარობას გაფერმკრთალება ემუქრება მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მონარქიის წარმომადგენლის ფონზე. ამ მხრივ მარგარეტ თეტჩერს არ გაუმართლა. არ გაუმართლა კიდევ ერთხელ, როცა სამეფო ოჯახში გამოჩნდა პრინცესა დაიანა, რომლის პოპულარობამ კინაღამ თვით მონარქიის საფუძვლები შეარყია. ასეთ „კონკურენტულ” გარემოში მოღვაწეობდა „რკინის ლედი”, რომელსაც მის მიერ განხორციელებულმა უმკაცრესმა სოციალურმა რეფორმებმა კიდევ ერთი არაფორმალური – ნომერი პირველი კაპიტალისტი ქალის ტიტული შესძინა.

მკაცრი იყო თეტჩერი ფოლკლენდებთან დამოკიდებულებაშიც. მან ძველი ინგლისური იმპერიალისტური ტრადიციების მიხედვით, სამშობლოდან 13 ათასი კილომეტრით დაშორებულ არგენტინის სანაპიროსთან მდებარე არასტუმართმოყვარე, ქარიან კუნძულებზე იმპერიის ღირსების აღსადგენად ინგლისელი ბიჭები გაუშვა. ეს ღირსება კი შელახა არგენტინელმა დიქტატორმა ლეოპოლდო გალტიერიმ, რომელმაც თავის ქვეყანაში გამეფებული საეჭვო რეჟიმიდან ყურადღების გადატანის მიზნით ფოლკლენდები მიითვისა.

ორთვიანი ომის შემდეგ არგენტინამ კაპიტულაცია გამოაცხადა და რევანში მხოლოდ 1986 წელს აიღო მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც მარადონამ ორი ისეთი გოლი გაუტანა ინგლისის ნაკრებს, დღესაც რომ მთელ მსოფლიოს ალაპარაკებს. მაგრამ მარადონამდეც იყო ფოლკლენდთან დაკავშირებული ერთი საფეხბურთო საპნის ოპერა: ისევ მთელი მსოფლიო ელოდებოდა, თუ როგორ მოიქცეოდა არგენტინელი მსოფლიო ჩემპიონი ოსვალდო არდილესი, რომელიც „ტოტენჰემ ჰოტსპურსში” თამაშობდა და რომლის ბიძაშვილიც ომში მოკლეს. მან ომის შემდეგ ერთი სეზონი საფრანგეთში გაატარა და მერე ისევ ინგლისში დაბრუნდა.

თეტჩერის მტკიცე, ხშირად დაუნდობელი გადაწყვეტილებები ბევრისთვის მიუღებელი იყო ბრიტანეთში. ცხადია, ხელოვანების მხრიდან, რომელთა შორის ლიბერალური განწყობილება უცხო არასდროს ყოფილა, რეაქცია არ აყოვნებდა. ამ მხრივ, როგორც მხატვრული დონით, ისე პირადი ნოსტალგიური ასოციაციებით ვერ გავექცევი „პინქ ფლოიდის” 1983 წლის ალბომ Final Cut-ს, რომელიც, ფაქტობრივად, როჯერ ვოტერსის სოლო ნამუშევარია.

ომის თემისადმი მიძღვნილ ალბომში ვოტერსი თეტჩერს ინგლისურ ნაციონალისტურ შოვინიზმში (თუ შოვინისტურ ნაციონალიზმში – დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ) ადანაშაულებს და იქ ნახსენები პოლიტიკური ლიდერებისგან განსხვავებით, კნინობითი მეგით მოიხსენიებს. სწორედ ამ ალბომის ერთი სიმღერის გამო, რომელშიც მეგისთან ერთად ნახსენები არიან ბრეჟნევი, ბეგინი და გალტიერი, „პინქ ფლოიდის” ვიზიტი საბჭოთა კავშირში რამდენიმე წლით გადაიდო. მაშინ ამის შესახებ ვინ გვეტყოდა, მაგრამ როგორც კი ალბომი ჩამივარდა ხელში, ყველაფერი ცხადი გახდა: სიმღერა იწყება იმით, რომ ბრეჟნევმა ავღანეთი აიღო და მთავრდება იმით, რომ მეგიმ ომი დაიწყო.

ისე მოხდა, რომ მარგარეტ თეტჩერი „პინქ ფლოიდამდე” ორი წლით ადრე, 1987 წელს ჩამოვიდა საბჭოთა კავშირში. ეს იყო ამ ქვეყანაში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი 12 წლის განმავლობაში. აქ განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში თეტჩერი საქართველოშიც ჩამოვიდა. აი თვითონ რას ამბობს ამასთან დაკავშირებით: „როცა შემომთავაზეს, რომ საბჭოთა კავშირში ვიზიტისას მოსკოვის გარდა სხვა ადგილიც მომენახულებინა, არ ვიცოდი, სად წავსულიყავი. ასე რომ, რჩევისათვის მივმართე ჩემს კოლეგას და მოადგილეს, ლორდ ვაიტლოუს, რომელიც შარშან აქ საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობდა. მან კი მითხრა, რომ მხოლოდ ერთი ადგილი იყო, სადაც აუცილებლად უნდა წავსულიყავი და ეს ადგილი საქართველოა”.

როგორც მის პატივსაცემად გამართულ სადილზე წარმოთქმული სიტყვიდან ირკვევა, ძალიან მოეწონა აქაური სტუმართმოყვარეობა. ვერ გეტყვით, ეს გულწრფელობა იყო, თუ დიპლომატია – თქვენი გემოვნების მიხედვით გადაწყვიტეთ, მაგრამ მოსასმენად სასიამოვნოა: ეს ხომ ჩვენი ეროვნული სპორტია.

ამ ვიზიტიდან სამი წლის შემდეგ ბრიტანეთს სხვა პრემიერ-მინისტრი ჰყავდა, მერე კიდევ სხვა, კიდევ და კიდევ… მაგრამ თეტჩერის დონის კვალი ჯერ ვერავინ დატოვა. ის კი დროდადრო გვახსენებს ხოლმე თავს. 2007 წელს გახდა პირველი პრემიერი, რომელსაც სიცოცხლეში დაუდგეს ძეგლი პარლამენტში. 2011 წელს მშვენიერმა მერილ სტრიპმა განასახიერა „რკინის ლედიში”. თეტჩერს არ მოეწონა, სტრიპმა კი მესამე ოსკარი მიიღო.

ასეა, დიდი ადამიანები მარტო სიცოცხლეში კი არა, გარდაცვალების შემდეგაც ახდენენ გავლენას ცხოვრებაზე. მაგალითად, მე ამ დღეებში ერთი მხატვრული, ერთი დოკუმენტური და ერთი სატელევიზიო ფილმი ჩამოვტვირთე თეტჩერის შესახებ და შევიძინე მისი წიგნის ელექტრონული ვერსია. ეს მარტო მე. ჩემნაირი კი რამდენია მთელ მსოფლიოში? ძალიან, ძალიან ბევრი. ცოტანი მეგისნაირები არიან.

 

 

 

 

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *