მესის წასვლამ ბარსელონას შესაძლოა 137 მილიონი ევრო დააკარგვინოს

მესის წასვლამ ბარსელონას შესაძლოა 137 მილიონი ევრო დააკარგვინოს

გამოცემა Brand Finance-ის გათვლებით, ესპანური კლუბიდან არგენტინელი სუპერვარსკვლავის, ლიონელ მესის წასვლის შემდეგ საფეხბურთო კლუბ ბარსელონას ბრენდის ღირებულება 11%-ით შემცირდება. კლუბმა შესაძლოა ფეხბურთელის ვერ დარეგისტრირების გამო 2021 წლის ღირებულების 1.266 მილიარდი ევროდან 137 მილიონი ევრო დაკარგოს.

Brand Finance-ის 2021 წლის კვლევის თანახმად, ბარსელონა ამჟამად მსოფლიოს მეორე ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბია. ის ამ მაჩვენებლით მხოლოდ მადრიდის რეალს ჩამორჩება, რომლის ღირებულებაც 1.276 მილიარდი ევროა. ბრენდის ღირებულება კი სწორედ იმ შემოსავლებით განისაზღვრება, რომელსაც კლუბი იღებს. შესაბამისად, მესის წასვლას პირდაპირი ეფექტი ექნება ბარსელონას სამომავლო სპონსორულ შემოსავალზე, სპორტული ატრიბუტიკის გაყიდვასა და საფეხბურთო მატჩებიდან შემოსავალზე. გარდა ამისა, აღნიშნული მოვლენა ბრენდის რეპუტაციაზეც იმოქმედებს, რაც ასევე ფინანსურ ზარალად შეგვიძლია ვთარგმნოთ.

ლიონელ მესის როლი უდიდესი იყო კლუბის კომერციულ შემოსავლებში. მისი ცნობადობა მსოფლიოს მასშტაბით სპონსორების ინტერესს კლუბის მიმართაც ზრდიდა. არგენტინელ ვარსკვლავს ინსტაგრამზე 240 მილიონი მიმდევარი ჰყავს, რაც 2.4-ჯერ მეტია თავად კლუბის გამომწერების რაოდენობაზე. მისი წასვლით კი, სხვადასხვა გათვლებით, კლუბი კომერციული შემოსავლებიდან 77 მილიონ ევროს დაკარგავს.

მესის გამოჩენა მოედანზე და ათეულობით რეკორდის დამხობა მაყურებლებისათვის ყველაზე საინტერესო სანახაობა იყო. შეიძლება ითქვას, რომ სტადიონზე მაყურებელთა უმეტესობა ყოველ კვირა სწორედ არგენტინელი ვარსკვლავის თამაშის სანახავად მიდიოდა. მისი წასვლით კი კლუბი ამ ნაწილში 17 მილიონ ევროს დაკარგავს.

გარდა ამისა, მესის გაყიდული საფეხბურთო მაისურების ღირებულებამ 200 მილიონი ევრო შეადგინა, საიდანაც კლუბს 30 მილიონი ევრო ერგო. შეიძლება ითქვას, რომ ბრენდის ღირებულებას აღნიშნული შემოსავალიც გამოაკლდება.

შეგახსენებთ, რომ ბარსელონადან წასვლის შემდეგ არგენტინელმა ვარსკვლავმა ხელშეკრულება ფრანგულ კლუბთან გააფორმა და იგი ანაზღაურების სახით წელიწადში 25 მილიონ ევროს მიიღებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *