„მეტრო ატლას ჯორჯია“ ბათუმში ახალ მრავალმილიონიან პროექტებს განახორციელებს

„მეტრო ატლას ჯორჯია“ ბათუმში ახალ მრავალმილიონიან პროექტებს განახორციელებს

„მეტრო ატლას ჯორჯია“ ბათუმში მორიგ საინვესტიციო პროექტებს იწყებს. საუბარია სასტუმრო აპარტამენტებისა და ბიზნეს-ცენტრის მშენებლობაზე – ინვესტიციის საერთო მოცულობა კი $150 მილიონია. ინვესტიციის 25% თავად „მეტრო ატლას ჯორჯიას“ ეკუთვნის, ხოლო დარჩენილი 75% ებრაულ-ჩინური ჯგუფის „სს დე ჯგუფი“ ინვესტიციაა.

სასტუმრო აპარტამენტებისა და ბიზნეს-ცენტრის მშენებლობა საჯარო რეესტრის შენობის უკან, ფიროსმანის ქუჩაზე დაიწყება. აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული 7023 კვ.მ ფართობის მიწა სახელმწიფო აუქციონზე „მეტრო ატლას ჯორჯიამ“ ებრაულ-ჩინურ ჯგუფთან ერთად დღეს შეიძინა. სახელმწიფო ქონების საწყისი ფასი 11,4 მლნ ლარი იყო. საბოლოო ჯამში აუქციონზე ის 30 მლნ ლარად გაიყიდა.

როგორც Forbes Georgia-ს „მეტრო ატლას ჯორჯიაში“ განუცხადეს, შესყიდულ ტერიტორიაზე სასტუმროს და ბიზნეს-ცენტრის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება და დაახლოებით ორი წლის ვადაში დასრულდება.

სახელმწიფო აუქციონის ვებგვერდზე შესაბამისი შესყიდვის პირობების აღწერაში წერია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 48 თვის ვადაში უნდა მოხდეს უძრავი ქონების ან მისი ნაწილის განვითარება, რაც მოიცავს 150-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას, შესაბამისი შენობების ექსპლუატაციაში მიღებას და სასტუმროს ფუნქციონირების დაწყებას. ნასყიდობა ასევე ითვალისწინებს სასტუმროს ფუნქციონირების დაწყებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს არანაკლებ 30 მოქალაქის დასაქმებას, სულ მცირე ორი წლის ვადით.

„მეტრო ატლას ჯორჯია“ ბათუმში კიდევ ერთ პროექტს განახორციელებს. საუბარია მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე 5958,00 კვ.მ. ფართობის მიწაზე კიდევ ერთი სასტუმრო კომპლექსის, სავაჭრო ცენტრისა და ბიზნეს-ცენტრის მშენებლობაზე. ამ პროექტის ინვესტიციის მოცულობა $200 მილიონია, თუმცა, ინვესტიციას ამ შემთხვევაში სრულად ჩინური კომპანია XINGQIBA ახორციელებს.

ცნობისთვის, „მეტრო ატლას ჯორჯიას“ დამფუძნებელი ეროვნებით თურქი, საქართველოს მოქალაქე გალიფ ოზთურქია. ოზთურქი ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ინვესტორად მიიჩნევა აჭარაში. მას 2012 წლიდან საქართველოში არაერთი საინვესტიციო პროექტი აქვს განხორციელებული. მისი ძირითადი ბიზნესსაქმიანობა ტურიზმის, ტრანსპორტისა და საფინანსო სექტორებზე მოდის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *