ამერიკული მზე | დინ სოლონი

ამერიკული მზე | დინ სოლონი

დინ სოლონმა მზის ენერგიის ბიზნესში მრავალმილიარდიანი ქონება იმით შექმნა, რომ საჭირო აღჭურვილობიდან სწორედ იმას აწარმოებდა, რისი წარმოებაც ჩინეთში იაფად შეიძლება. მისი საიდუმლო: მაღალი ფასები უკეთესი ხარისხისათვის.

საჭიპორტლენდში (ტენესი), Shoals Technologies-ის 100,000 კვადრატული ფუტის ქარხანაში დინ სოლონის სწრაფვა სიმარტივისკენ ფერებით კოდირებული, Sesame Street-ით შთაგონებული პერანგებით იწყება, რომელიც პერსონალს აცვია. „SunPower-ის ლოგო ყვითელი იყო, ასე რომ, ესაა Big Bird-ი. First Solar-ი წითელი იყო, Elmo-ს გამო”, – ამბობს ის. ისინი, ვინც დიდი მზის ენერგიის კონტრაქტორის, Blattner Energy-სთვის მუშაობს, Cookie Monster Blue-ს ფერში არიან გამოწყობილი. დაბოლოს, ჩვენ გვაქვს Count-ი, მეწამულ ფერში. ის ყოველთვის ითვლის. ესენი ხარისხზე პასუხისმგებელი ხალხია“.

Shoals-ის თანამშრომლები, რომლებიც არ არიან პროფკავშირებში გაერთიანებული, ტენესისა და ალაბამის ოთხ ქარხანაში მუშაობენ და მზის ენერგიის დიდი ინსტალაციების შიგნეულობას ამზადებენ – ძირითადად ყველაფერს, იმ ბრჭყვიალა ფოტოვოლტური პანელებისა და მათი ინვერტერების გარდა, რომლებიც აუცილებელია ენერგიის ქსელში გასაშვებად. ისინი ამზადებენ კაბელების კომპლექტებს, გამაერთიანებელ ყუთებს, გარე დამცველებს. ეს სწორედ ის არამიმზიდველი წარმოებაა, რომელზეც ყველა ფიქრობს, რომ უკვე წლებია, ჩინეთში გადაიხვეწა. 

მართლაც, სოლონის კონკურენტების დიდი ნაწილი ისეთი ჩინური კომპანიებია, როგორიცაა GCL System-ი და Wuxi Sun King-ი. ჩინური წარმოების კომპონენტები Shoal-ისაზე უფრო იაფია, მაგრამ სოლონს თავისი კოზირი აქვს: მისი პროდუქცია უფრო უსაფრთხოა, უფრო სანდო და ადვილად დასაინსტალირებელი. ეს კი ნიშნავს, რომ კომპანიები თანახმა არიან, გადაიხადონ 5%-10%-ით მეტი, რასაც, მათი აზრით, მოგვიანებით ნაკლებ მუშახელსა და შენახვის ხარჯებში დაზოგავენ. გასულ წელს ეს პრემიუმი საბოლოოდ $176 მილიონის გაყიდვებში $34 მილიონს შეადგენდა. იანვრის პირველადი საჯარო შეთავაზების შემდეგ, 57 წლის სოლონის ქონება დაახლოებით $2.2 მილიარდს შეადგენს, რაც კომპანიაში მისი 40%-იანი წილისა და სააქციო კაპიტალის წინარე გაყიდვებიდან მიღებული თანხების (გადასახადების შემდეგ) დამსახურებაა. 

იმისთვის რომ „დამზადებულია ამერიკაში” პრემიუმი რაც შეიძლება დაბალი დატოვოს, სოლონი წარმოების პროცესს მაქსიმალურად ამარტივებს. ყოველი ხელსაწყოს წინ დამონტაჟებული ეკრანი მუშებს უჩვენებს, როგორ უნდა შეასრულონ თითოეული დავალება – სადენების გაშიშვლებითა და დახვევით დაწყებული, ფარების დამონტაჟებითა და კაბელების კომპლექტის დასრულებამდე – სადაც ციკლები არა ადამიან-საათებში, არამედ ადამიან-წამებში იზომება. ეს „პავლოვის ძაღლის” სამყაროა, ამბობს სოლონი, რომელშიც მუშებს ავარჯიშებენ საკუთარი შეცდომების გასწორებაზე. როცა მათი სადგურის თავზე ნათურა ციმციმს იწყებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი საჭირო ტემპს ჩამორჩებიან და დაახლოებით 15 წუთი აქვთ იმისთვის, რომ დანაკარგი შეავსონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ციმციმი უფრო აჩქარდება და „მხარდაჭერას” გამოიძახებენ. მუშებს ეუბნებიან, რომ არასდროს ინერვიულონ შეცდომების გამო. „თუ ეს პროცესი რაღაცას აშავებს, პასუხისმგებლობა ჩვენზეა – ჩვენ დავგეგმეთ რაღაც არასწორად, ჩვენ არ უზრუნველვყავით ყველაფერი იმისთვის, რომ შეცდომები შეუძლებელი გამხდარიყო”, – ამბობს ის.

წარმოების მენეჯერები ზემოთ, ანტრესოლის პლატფორმაზე სხედან, რომელსაც სოლონი Pride Rock-ს უწოდებს, The Lion King-ის ცნობილი ბლოკის მიხედვით. ისინი იშვიათად ერევიან საქმეში; ჯგუფები პრობლემების გადაჭრაში ერთმანეთს ეხმარებიან, რადგან თუ ერთი ადამიანი ზედმეტად შენელდა, შემდეგ მომუშავეს ნაწილები მოაკლდება. „არ უყვირო არავის; აცადე, რომ მათ თავიანთ თავს სძლიონ, – ამბობს სოლონი. – მე არ მჭირდება ვინმესგან დამატებითი 10 წამის გამოწურვა. თუ მწვანე შუქი ანთია, ჩვენ ფულს ვაკეთებთ“. უკვე ათწლეულებია, სოლონს თავისი ოჯახი Disney World-ში წელიწადში ორჯერ მიჰყავს და ყოველთვის აღფრთოვანებული რჩებოდა პარკის ორკესტრირებული პერფექციონიზმით. „ზედაპირზე ყველაფერი მშვიდი, მხიარული და მოსვენებულია, მაგრამ ქვემოთ ასობით ადამიანი ზრუნავს იმაზე, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც წესი და რიგია“. თუმცა ის ამჯერად ორლანდოში არა Disneyში, არამედ Origis Energy-ს მფლობელობაში მყოფი მზის ენერგიის სადგურის მოსანახულებლად მიემგზავრება.

მზიან დღეებში ეს 1 კვადრატულ კილომეტრზე გაშენებული ინსტალაცია 60 მეგავატს გამოიმუშავებს – საკმარისს ჯადოსნური სამყაროს მოთხოვნილების ნახევრის დასაკმაყოფილებლად. Origis Services-ის მმართველის, მაიკლ ეიმანის სიტყვებით, Shoals-ის პროდუქტები „ყოველთვის ყველაზე იაფი არაა, მაგრამ ყოველთვის საუკეთესოა“. Origis-ს გამოცდილი აქვს კონკურენტების აღჭურვილობაც, „და უკლებლივ ყველა მათგანი საგარანტიო ვადებზე ადრე ჩაფლავდა“.

Shoals-ის მარტივად დასამონტაჟებელი აღჭურვილობა აქრობს მინდორში ძვირად ღირებული ელექტრიკოსების ჯგუფის ყოლის აუცილებლობას, რომლებმაც უნდა დააცალკევონ მავთულები და ხელით დაამაგრონ მილიონობით კონექტორი. „ჩვენ არ ვაქცევთ ჩვენი კლიენტების მინდვრებს საცდელ პოლიგონებად”, – ამბობს სოლონი და გვიჩვენებს ხუთი საცდელი კამერის კედლებს. მაცივრის სიდიდის ამ ყუთებში პროტოტიპები 40 დღის განმავლობაში იტესტება სიცხეში, სიცივესა და 100%-იან ტენიანობაში. 

JAMEL TOPPIN FOR FORBES

სოლონი 30 არსებული და პროცესში მყოფი პატენტის მფლობელია. მას აქვს დაახლოებით ამდენივე ჯინსის შორტი, მისი საყვარელი უნიფორმა, ასევე მაისურები საყელოზე Shoals წარწერით. ის ამაყობს, რომ იმდენად არ აინტერესებდა მარცვლების თვლა და ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) ბიუროკრატია, რომ 15 თვის წინ თავისი აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციები დიდი ხნის მთავარ ტექნიკურ ოფიცერ ჯეისონ უიტაკერს გადაულოცა. სოლონი რჩება დირექტორთა საბჭოში და ახალ პროდუქტებზე ფოკუსირდება. Shoalsის თავმჯდომარე ბრედ ფორტი ასევე Oaktree Capital-ის მრჩეველია, რომელმაც კომპანიის ნახევარზე მეტი სოლონისგან 2017 წელს გამოისყიდა და ბოლო IPO-ში $2 მილიარდი გაინაღდა. ახლა, როცა უკვე კომპანია საჯაროდ იყიდება, არსებობს თუ არა კიდევ იმპულსი სოლონის ობსესიებზე უარის თქმის სანაცვლოდ დამატებით მოგების სანახავად? „ჩვენ არასდროს არაფრის დიდებით არ გავცვლით ხარისხსა და სანდოობას რამე სხვაზე, – ამბობს 41 წლის უიტაკერი, – რადგან ეს თავად პროცესშია ჩაქსოვილი“.

სოლონმა ყველაფერი 8 წლის ასაკში დაიწყო. ის ხელსაწყოების ყუთს დაატარებდა მამამისისთვის, რომელიც კონდიციონერებისა და მაცივრების შემკეთებელი იყო და ინდიანის ტექნიკუმში ასწავლიდა. ახალგაზრდა დინი ყველაფერს შლიდა, რომ ენახა, თუ როგორ მუშაობდა ესა თუ ის ხელსაწყო და შემდეგ ხელახლა აწყობდა. ბალახის სათიბებით დაწყებული,V8 ძრავებით დასრულებული. ზოგჯერ რამდენიმე ზედმეტი ნაწილი რჩებოდა ხოლმე. 16 წლისთვის მას ჰყავდა თავისი კლიენტები და პიკაპი. ის სწავლობდა ინჟინერიას Purdue-ში მაგრამ სწავლას თავი დაანება. ის შეეშვა ინტერნშიპს Inland Steel-ში, როცა კომპანიამ დინს უარი უთხრა, მისი გამოგონილი ინიციატივა მის სახელზე ეღიარებინა. 1980-იანების მიწურულისთვის ის ქმნიდა და ყიდდა ავტონაწილებს General Electricისა და Bosch-ის ერთობილივი საწარმოსთვის. მან მიზანმიმართულად დაიკლო თავისი ანაზღაურება იმისთვის, რომ კლიენტებისთვის განმეორებით მოსვლის სტიმული მიეცა – შემდეგ კი საერთოდ დატოვა სამსახური, როცა მისი ბოსები უკმაყოფილო იყვნენ იმით, რომ ყველაფრის მიუხედავად ის მათზე მეტ ფულს შოულობდა. 

2003 წელს მას First Solar-იდან დაურეკეს. კომპანიას მავთულებისა და შემკრები ყუთების მზის პანელებთან დაკავშირება უნდოდა. ცოტა ხანში Cypress Semiconductor-მა იგივე აღჭურვილობა მოისურვა თავისი SunPower-ის მზის ბიზნესისთვის. „მთელი ჩემი ცხოვრება თავში აღჭურვილობა მიტრიალებდა – ვფიქრობდი, რომ მანქანის ნაწილების კეთებისთვის თავი დამენებებინა“. ამის ნაცვლად, მან მზის ენერგიის „Ph.D. მოაზროვნეებსა და სარდაფის ფინაჩებს“, რომლებიც აზრზე არ იყვნენ, როგორ გაეზარდათ თავიანთი წარმადობა, წარმოების პერფექციონიზმი შესთავაზა: „მასშტაბებზე გასვლა საუკეთესოდ ვიცოდი“.

მზის ენერგიის რევოლუცია ჯერ კიდევ ადრეულ ფაზაშია. 2020 წელს აშშ მზის ენერგიის გენერაცია 25%-ით გაიზარდა 130 გიგავატამდე, მაგრამ განახლებადი ენერგიები, გარდა ჰიდროელექტრობისა, ადგილობრივი ენერგიის მიწოდების ჯერ კიდევ მხოლოდ 12.5%-ს შეადგენს. მაღალი ხარისხის გარდა, ადგილობრივი კომპანიებისთვის არსებობს სხვა საშუალებებიც: 2019 წელს ჩინეთის Huawei-მ დახურა თავისი მზის ენერგიის ბიზნესები აშშ-ში მას შემდეგ, რაც კონგრესმა განაცხადა, რომ Huawei-ს მოწყობილობები შესაძლოა, კიბერშეტევებისთვის გამოეყენებინათ. 

იმედის მომცემია, რომ პროცესში ჩართული ისეთი ადამიანისთვის, როგორიც სოლონია, ის თავის ბიზნესში ადამიანური ელემენტის ერთგული რჩება. მექანიკურობა შესაძლოა სახალისო იყოს გასართობ პარკში, მაგრამ არა Shoal-ის ქარხნებში. „კარგია, რომ რობოტს შეუძლია, იმუშაოს 24/7, მაგრამ რობოტი არ მიდის სახლში და არ უზრუნველყოფს ოჯახს დღის ბოლოს, – ამბობს სოლონი. – შემეძლო, დამეყენებინა ავტომატური მოწყობილობები და ყველაფერი რობოტულად გამეკეთებინა, მთელი ეს ქარხანა. მაგრამ ეს საძაგლობა იქნებოდა“. 

დაე, მუდამ იყოს მზე

კილოვატსაათისთვის 3 ცენტზე ნაკლები ღირებულებით, მზის ენერგია ყველაზე იაფი და ყველაზე სწრაფად მზარდი ენერგიის წყაროა, რომელიც გასულ წელს 25%-ით გაიზარდა. ეს ჯერ კიდევ დასაწყისია, მზის ტექნოლოგიები ამერიკის ენერგეტიკის მხოლოდ 3.3%-ს უზრუნველყოფს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *