მეცნიერების ვარაუდით, მერკურის ქერქი 16 კვადრილიონ ტონა ალმასს შეიცავს

მეცნიერების ვარაუდით, მერკურის ქერქი 16 კვადრილიონ ტონა ალმასს შეიცავს

მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე პლანეტა, მერკური მეცნიერების განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს, ვინაიდან ამ ციური სხეულის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. თუმცა, სპეციალისტების დახმარებით, მის მახასიათებლებთან დაკავშირებით გარკვეულ ინფორმაციას ვფლობთ.

მეცნიერების განცხადებით, მერკურის ქერქი დიდწილად გრაფიტით არის მდიდარი, რომელიც უცხო სხეულებთან შეჯახების შემდეგ ალმასად გარდაიქმნება. პლანეტის ზედაპირი კი მეტეორიტებისა და კომეტების შეჯახების შედეგად წარმოქმნილი კრატერებით არის დაფარული. სპეციალისტები ახალი კვლევის საფუძველზე, რომლის შესახებაც მათ ცოტა ხნის წინ გამართულ კონფერენცია Lunar and Planetary Science Conference-ზე ისაუბრეს, ვარაუდობენ, რომ მერკურის ქერქი შესაძლოა, 16 კვადრილიონ ტონა ალმასს შეიცავდეს.

„ასტეროიდების ან კომეტების პლანეტის ზედაპირთან წამში ათეულობით კილომეტრის სიჩქარით შეჯახების შედეგად წარმოქმნილმა წნევის ტალღამ შესაძლოა, ეს გრაფიტი ალმასად გადააქციოს“, – განაცხადა კონფერენციაზე გეოლოგმა კევინ კენონმა, რომელიც კვლევაში იყო ჩაბმული.

როგორც მეცნიერები აცხადებენ, დიდი ალბათობით, ეს ალმასები იმ ქვებს არ ემსგავსება, რომლებიც დედამიწაზე საკმაოდ ძვირად ფასობს და სამკაულების დასამზადებლად გამოიყენება. ისინი უფრო მეტად ემსგავსება ალმასებს, რომლებსაც მრეწველობაში აბრაზიული მასალის სახით იყენებენ. სპეციალისტების განცხადებით, პლანეტაზე ალმასები, სავარაუდოდ, გრაფიტთან და ნახშირბადის სხვა ფორმებთან ნარევის სახითაა წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ აქამდე პლანეტა მერკურიმდე მისვლა და მასზე დაკვირვება აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს, NASA-ს ორმა კოსმოსურმა ხომალდმა – MESSENGER-მა და Mariner 10-მა შეძლო. ციური სხეულის შესწავლა არა მხოლოდ მისი შორეული მდებარეობის, არამედ იქ არსებული არახელსაყრელი პირობების გამო რთულდება. აღსანიშნავია, რომ მერკურის სიახლოვეს საკმაოდ ძლიერი მიზიდულობა შეინიშნება, პლანეტაზე კი ექსტრემალური ტემპერატურაა, რომელიც 427 °C-დან -173°C-მდე მერყეობს.

მეცნიერები იმედებს ხომალდ BepiColombo-ზე ამყარებენ, რომელიც ევროპისა და იაპონიის კოსმოსურმა სააგენტოებმა ერთობლივი მისიის ფარგლებში მერკურის შესასწავლად 2018 წლის 20 ოქტომბერს გაუშვეს. გეგმის მიხედვით აპარატი ობიექტამდე 2025 წელს მიაღწევს და მის გამოკვლევას დაიწყებს.