მეცნიერებმა ქაღალდის ინდუსტრიის ნარჩენებისგან ტკივილგამაყუჩებლები დაამზადეს

მეცნიერებმა ქაღალდის ინდუსტრიის ნარჩენებისგან ტკივილგამაყუჩებლები დაამზადეს

ბათის უნივერსიტეტის (University of Bath, UK) მკვლევრებმა იბუპროფენისა და სხვა ტკივილგამაყუჩებლების დასამზადებლად ქაღალდის წარმოების ნარჩენები წარმატებით გამოიყენეს.

სამეცნიერო ჟურნალ ChemSusChem-ში გამოქვეყნებულ კვლევაში მეცნიერთა ჯგუფი აღწერს ფარმაცევტული პროდუქციის შესაქმნელად სკიპიდარის შემადგენლობაში არსებული β-პინენისგან ფარმაცევტული პრეკურსორის შექმნას და შემდეგ, მისი სინთეზით პარაცეტამოლისა და იბუპროფენის წარმოებას. ცნობისთვის, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების მწარმოებლების უმეტესობა დღეს ამ მიზნით ნედლი ნავთობისგან მიღებულ ქიმიურ პრეკურსორებს იყენებს.

მკვლევართა ჯგუფის თქმით, მათ სკიპიდარი, რომელიც ქაღალდის ინდუსტრიის ნარჩენებისგან მიღებული პროდუქტია, ასევე წარმატებით გამოიყენეს 4-HAP-ის სინთეზისთვის. 4-HAP ბეტა-ბლოკერებისა და ასთმის საწინააღმდეგო წამლის, სალბუტამოლის პრეკურსორია.

The Conversation-ის მიერ 2019 წელს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, წამლის მწარმოებელი კომპანიები საავტომობილო ინდუსტრიაზე უფრო მეტ ნახშირორჟანგს გამოყოფენ (ტონა ნახშირორჟანგის წილი $1 მილიონ დოლარზე). „ჩვენი გამოთვლებით, ფარმაცევტული ბაზარი 28%-ით ნაკლებია საავტომობილო ბაზარზე, თუმცა, 13%-ით უფრო დამაბინძურებელი“ — ვკითხულობთ კვლევაში.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად გარემოზე შესაძლო პოზიტიური გავლენისა, ტკივილგამაყუჩებელი წამლების ამ გზით წარმოება უფრო ძვირია.