ინდოეთში პომიდორი იმდენად გაძვირდა, რომ „მაკდონალდსმა“ მისი გამოყენება შეწყვიტა

ინდოეთში პომიდორი იმდენად გაძვირდა, რომ „მაკდონალდსმა“ მისი გამოყენება შეწყვიტა

პომიდვრის ფასის ხუთჯერ გაზრდის მიზეზით, ინდოეთის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში მაკდონალდსმა საკვებიდან პროდუქტი სრულად ამოიღო. ფასების მკვეთრი ზრდა პომიდვრის მოსავლიანობის შემცირებით აიხსნება. არახელსაყრელი ამინდის გამო ქვეყნის ნაწილში პროდუქტზე დეფიციტი შეიქმნა.

„ვმუშაობთ ამ საკითხის გადასაჭრელად. მათ შორის, სოფლის მეურნეობის ისეთი მდგრადი პრაქტიკების გამოყენებით, როგორიცაა სრულიად კონტროლირებად გარემოში ჰიდროპონიკურად მოყვანილი პომიდორი. გვსურს, თავიდან ავიცილოთ სეზონური დეფიციტით შექმნილი რისკები,“ – განაცხადა მედიასთან სწრაფი კვების ქსელის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, პომიდორზე ფასების ზრდა ივნისი-ივლისის პერიოდში ინდოეთისთვის ჩვეული ამბავი გახლდათ. თუმცა, მიმდინარე წელს ძლიერმა წვიმებმა, ჩვეულებრივზე მაღალმა ტემპერატურამ და დაგვიანებულმა მუსონებმა ქვეყნის მოსავლიანი ტერიტორია მნიშვნელოვნად დააზარალა, შედეგად კი, პროდუქტზე ფასები მკვეთრად გაიზარდა.

ინდოეთის სამზარეულოში პომიდორი ფართოდ გამოიყენება, ამიტომ, პროდუქტზე ფასების მკვეთრმა ზრდამ შესაძლოა საპროტესტო გამოსვლებიც გამოიწვიოს. პროტესტი წინა წლებში ხახვზე ფასების მკვეთრი ზრდის ფონზეც მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, მსგავსი პროტესტები ადგილობრივი მთავრობების დამხობითაც დასრულებულა.