მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა ჩვეულებრივზე მცირეა

მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა ჩვეულებრივზე მცირეა

წინა თვეებთან შედარებით 2021 წლის აგვისტოში შეცვლილი ლანდშაფტი საერთაშორისო ვიზიტორების ქვეყნებიდან შემოდინების წილშიც შენარჩუნდა. 2021 წლის აგვისტოში ქვეყანაში სრულიად შემოსული ვიზიტორების მხოლოდ 41% იყო მეზობელი ქვეყნებიდან, განსხვავებით 2019 წლის აგვისტოსგან, როდესაც აღნიშნული მაჩვენებელი 72%-ს უტოლდებოდა.

თუმცა, მიუხედავად ამისა, მატება შეინიშნებოდა ყოველთვიურ მონაცემებში. მიმდინარე წლის ივლისში საერთაშორისო ვიზიტორთა მხოლოდ 38% პროცენტი იყო მეზობელი ქვეყნებიდან. აღნიშნული მატების მთავარი მიზეზი კი რუსეთიდან დიდი რაოდენობით ტურისტების ნაკადია. 2021 წლის აგვისტოში რუსეთიდან შემოსული ტურისტების წილი 15%-ს შეადგენდა. ამავე წლის ივლისში კი ეს მაჩვენებელი 11% იყო.

საკმაოდ დიდი წილი უკავია საერთაშორისო ვიზიტორებს უკრაინიდან, ევროკავშირის ტერიტორიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან. თუმცა მნიშვნელოვნადაა შემცირებული ისრაელიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა. 2021 წლის აგვისტოში ებრაელი ტურისტების წილი 1%-ს შეადგენდა, მაშინ როდესაც ივლისში ეს მაჩვენებელი 8%-ის ტოლი იყო. აღნიშნულის მიზეზი ისრაელის მიერ საქართველოს წითელი ზონის ქვეყნებში შეყვანას უკავშირდება იმ პერიოდში გაზრდილი კოვიდშემთხვევების გამო. გარდა ამისა, აგვისტოში ისრაელში პანდემიის ახალი ტალღაც მიმდინარეობდა, რამაც გარკვეული წვლილი შეიტანა ვიზიტორთა რაოდენობის კლებაში.

მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელთან შედარებით წელს თითქმის ყველა მონაცემი კლებაშია წასული, უკრაინელი ტურისტების რაოდენობა 3%-ითაა გაზრდილი, რაც საკმაოდ დადებითი ტენდენციის მაჩვენებელია.