მსოფლიო მასშტაბით ბოლო დროს გახშირებული კიბერთავდასხმების ფონზე, „მაიკროსოფტის“ უახლესმა უსაფრთხოების ხარვეზმა შესაძლოა გრძელვადიანი უარყოფითი გავლენა იქონიოს მომხმარებლებსა და ბიზნესზე.
ციფრული უსაფრთხოების კომპანია Sangfor-ის მკვლევრებმა „მაიკროსოფტის“ მიერ შექმნილი Windows-ის ოპერაციულ სისტემაში მნიშვნელოვანი ჩავარდნა აღმოაჩინეს. PrintNightMare გახლავთ გზა, რომელიც ჰაკერებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აძლევს უფლებას, მოიპოვონ წვდომა ოპერაციულ სისტემაზე, ახალი პროგრამები დააინსტალირონ ნახონ და წაშალონ მონაცემები ან შექმნან ახალი მომხმარებლის პროფილი სრული უფლებებით.
უცნაურია, რომ კომპანიამ უნებლიეთ საკუთარ განცხადებას ის ინსტრუქციაც დაურთო, თუ როგორ მოახერხებენ ჰაკერები ოპერაციულ სისტემაში შეღწევას. ეს კი, თავის მხრივ, კიდევ უფრო ამცირებს მომხმარებლების მიერ ამ ხარვეზის აღმოფხვრის დროს, რათა თავიდან აიცილონ პირადი ინფორმაციის გაჟონვა.
თავად ტექ. კომპანია დაჟინებით მოუწოდებს საკუთარ მომხმარებლებს, რომლებიც იყენებენ Windows 7-ს, Windows 8-სა და Windows 10-ის ოპერაციულ სისტემებს, რაც შეიძლება მალე დააყენონ განახლება, რომელიც, მათი თქმით, აღმოფხვრის ჰაკერული თავდასხმის შესაძლებლობას. თუმცა საინტერესოა, რომ კომპანიამ Windows 7-ის ოპერაციული სისტემის მხარდაჭერა გასულ წელს შეწყვიტა, რაც შესაძლოა დიდი პრობლემის გამომწვევი აღმოჩნდეს.
მსოფლიო მასშტაბით, ოპერაციული სისტემების ბაზრის 75% სწორედ Windows 10-ის ოპერაციულ სისტემაზე მოდის, რომლითაც დაახლოებით 1.3 მილიარდი მოწყობილობა სარგებლობს, შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უარყოფითი სცენარის განვითარების შემთხვევაში შედეგები არასახარბიელო იქნება.