18 ივნისს ნახევარგამტარების მწარმოებელმა Nvidia-მ საბაზრო კაპიტალიზაციით Microsoft-ს გადაასწრო და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია გახდა. თუმცა ამ უკანასკნელმა Nvidia-ს ლიდერობა მხოლოდ რამდენიმე დღით დაუთმო.
რეიტინგში ცვლილება Nvidia-ს აქციების ფასის დაახლოებით 3.5%-იან შემცირებას უკავშირდება. მართალია, გასული ერთი დღის განმავლობაში Microsoft-ის აქციების ფასიც შემცირდა, თუმცა უმნიშვნელოდ, მხოლოდ 0.14%-ით. ბოლო მონაცემებით, Microsoft-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $3.312 ტრილიონს შეადგენს, Nvidia-ს ღირებულება კი $3.216 ტრილიონს უტოლდება.
აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა განსხვავება Nvidia-სა და მესამეადგილოსანი Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაციას შორის ($3.215 ტრილიონი). აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, მან ნახევარგამტარების მწარმოებელს გადაუსწროს და მეორე ადგილი დაიბრუნოს.
ცნობისთვის, ამჟამად $3-ტრილიონიან ნიშნულს მხოლოდ ზემოთ ნახსენები კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაცია აჭარბებს, ტრილიონიანი კომპანიების რიგებში კი კიდევ ოთხ კომპანიას ვხვდებით: Alphabet (Google) – $2.186 ტრილიონი, Amazon – $1.936 ტრილიონი, Saudi Aramco – $1.788 ტრილიონი და Meta Platforms (Facebook) – $1.272 ტრილიონი.