მილიარდერები, რომლებიც მასობრივ საფონდო გაყიდვებში ლიდერობენ

მილიარდერები, რომლებიც მასობრივ საფონდო გაყიდვებში ლიდერობენ

აქციების ფასები შეერთებულ შტატებში ბოლო 6 თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. S&P 500 (ამერიკის 500 უმსხვილესი კომპანია) 28%-ით გაიზარდა და ჯერ კიდევ განაგრძობს ყოველთვიური რეკორდების დამყარებას. ინვესტორები კი ვარაუდობენ, რომ რიცხვები ვაქცინაციის მაჩვენებლის გაზრდასთან ერთად ნორმალურ ნიშნულს დაუბრუნდება. ასეთმა ტენდენციამ მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს პანდემიის პერიოდში მთლიანობაში დამატებით 5 ტრილიონი დოლარი მოუტანა.

თუმცა ისმის კითხვა: ხომ არ არის ეს დასასრულის დასაწყისი? თვის დასაწყისში ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც 957 აქტიური ინვესტორი იღებდა მონაწილეობას, აჩვენა, რომ, რესპონდენტთა უმრავლესობის აზრით, ამჟამად ბაზარი გადაფასებულია.

ბოლო დროს შეინიშნება ტენდენცია, რომლის მიხედვითაც ინვესტორთა ნაწილი საკუთარ წილებს ამცირებს. ამ ინვესტორთა შორის კი ბევრი ამერიკელი მილიარდერი ხვდება. „ფორბსის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყველაზე დიდი მილიარდერი გამყიდველი წინა თვეში ერნესტ გარსია II გახლდათ. იგი მეორეული  ავტომობილების კომპანიის Carvana-ს უდიდესი ინდივიდუალური მეწილეა, რომელიც 90-იან წლებში თაღლითურ სკანდალში გაეხვა. ერნესტ გარსია 73 სავაჭრო დღის განმავლობაში მიყოლებით ყიდდა საკუთარ აქციებს და ნოემბრიდან მოყოლებული 1.8 მილიარდი დოლარის გამოთავისუფლება შეძლო.

თუკი პროცენტულ მაჩვენებლებზე გავამახვილებთ ყურადღებას, ყველაზე დიდი ლიკვიდატორი კაპიტალისტი და ფინანსისტი ჩამათ პალიჰაპიტია გამოდის. ნოემბრიდან მოყოლებული მან კომპანია Virgin Galactic-ში საკუთარი პირადი წილები გაყიდა.  გაყიდული წილების ოდენობა 311 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს, რაც მისი საერთო ქონების, 1.2 მილიარდის, მესამედია.

ზემოთ აღნიშნული პიროვნებები 20 ამერიკელ მილიარდერს შორის არიან, რომელთაც საკუთარი წილები ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საგრძნობლად შეამცირეს. მათ გარდა სიაში ხვდებიან მარკ ცუკერბერგი, ლეონარდ ლაუდერი, ჯეკ დორსი, ენტონი ვუდსი, ერიკ იუანი და სხვები.

მარკ ცუკერბერგმა, რომლის ქონებაც 111 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, 2020 წლის ნოემბრიდან მოყოლებული 1.63 მილიარდი დოლარი გადარიცხა მისი და მეუღლის საერთო საქველმოქმედო ორგანიზაციაში.

მსგავსი ვითარებაა ცნობილი კოსმეტიკური ბრენდის,  Estée Lauder-ის მფლობელების ოჯახშიც. ლეონარდ ლაუდერმა, რომლის ქონებაც 26.9 მილიარდი ამერიკული დოლარია, ბოლო თვეების განმავლობაში 1.09 მილიარდი დოლარის ოდენობის აქციები გაასხვისა. მასვე მიბაძა მისმა ძმამ, რომელმაც 108 მილიონი დოლარის პირადი აქციები გამოათავისუფლა.

Twitter-სა და Square-ს აღმასრულებელი დირექტორის, ჯეკ დორსის, პირადი ქონება 14.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. თუმცა ბოლო დროს გავრცელებულ ტენდენციას არც ის ჩამორჩენილა და ამერიკელმა მილიარდერმა Square-ის აქციები გაასხვისა. საერთო ჯამში გაყიდული აქციების საერთო ღირებულება 529 მილიონ ამერიკულ დოლარს უდრის. საინტერესოა ისიც, რომ დორსის არ გაუყიდია Twitter-ის აქციები.

სიაში კიდევ ერთი მილიარდერი ენტონი ვუდსია, რომელიც ვიდეოტრანსლირების  სერვისის კომპანიის, Roku-ს დამფუძნებელია. ვუდსის კომპანიის აქციების ფასი პანდემიის პირობებში 400%-ით გაიზარდა. ამჟამად კი მისი ქონება 7.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მან $342 მილიონი გამოათავისუფლა, თუმცა იგი მაინც ფლობს კომპანიის აქციების 15%-ს.

საინტერესოა სიაში Netflix-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, რიდ ჰასტინგსის ხილვაც. მისი ქონება 5 მილიარდს ითვლის, საიდანაც რიდმა 2020 წელს 334 მილიონის ოდენობის აქციები გაყიდა. თუმცა უცნაურია, რომ მას 2021 წელს არც ერთი აქცია არ გაუყიდია.

პანდემიის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი აღმოჩენის, Zoom-ის აღმასრულებელი დირექტორისა და დამაარსებლის, ერიკ იუანის  ქონება 2020 წლის მარტიდან მოყოლებული საგრძნობლად გაიზარდა. როგორც კვლევაშია ნათქვამი, იუანი მუდმივ რეჟიმში ყიდის საკუთარი აქციებიდან გარკვეულ წილს გადასახადების საკითხების მოსაგვარებლად. ამჟამინდელი მონაცემებით კი, მისი 14.6-მილიარდიანი ქონებიდან 238$ მილიონი გამოთავისუფლდა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პიროვნებებისა, სიაში იმყოფებიან კომპანიების: Pinterest, Ehrsam, Skillz, Victoria Secret-ისა და Arista Network-ის დამფუძნებლები და აღმასრულებელი დირექტორები.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *