თიბისიმ მოგზაური მომხმარებლებისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, Primeclass-თან კოლაბორაციის შედეგად, „თიბისი კონცეპტის“ სივრცე გახსნა. მოგზაურობის კომფორტულად დაწყება „თიბისი კონცეპტისა“ და Wealth Management-ის მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ. ახალ სივრცეში გათვალისწინებულია ყველა ის საჭიროება, რაც, თიბისის მოკვლევით, მათ მომხმარებლებს მოგზაურობის დაწყების წინ სჭირდებათ. ეს არის კომფორტული გარემო, საკვებისა და სასმლის მრავალფეროვანი მენიუ, ბიბლიოთეკა, სწრაფი ინტერნეტი და ინფორმაცია ფრენებზე. დეტალურად ამ სიახლის და ასევე სამომავლო გეგმების შესახებ Forbes Georgia თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილეს, თორნიკე გოგიჩაიშვილს ესაუბრა.
თორნიკე, რატომ გადაწყვიტეთ „კონცეპტ სივრცის“ აეროპორტში მოწყობა? რამ გიბიძგათ ამ იდეის განხორციელებისკენ?
დავიწყოთ იმით, რომ „კონცეპტი“ შექმნილია ჩვენი მაღალშემოსავლიანი სეგმენტისთვის. ფინანსური მომსახურების გარდა, აღნიშნული სტატუსები ე.წ. lifestyle-შეთავაზებებსაც ითვალისწინებს. ჩვენი მისიიდან გამომდინარე, რომელიც მომხმარებლისთვის ცხოვრების გამარტივებას გულისხმობს, ვიფიქრეთ, რომ აეროპორტში მათთვის შესაბამისი სივრცის შექმნა და კომფორტის უზრუნველყოფა საჭირო და მნიშვნელოვანი იყო. მოხარული ვართ, რომ ეს შესაძლებლობა აეროპორტის მმართველ კომპანია TAV Georgia-სა და Primeclass-თან თანამშრომლობით მოგვეცა.
Primeclass-ლაუნჯში „თიბისი კონცეპტის“ სივრცით სარგებლობის შესაძლებლობა ჩვენ ორი სეგმენტის – „კონცეპტისა“ და Wealth Management-ის მომხმარებლებს აქვთ. ეს არის სეგმენტი, რომელიც ძალიან ხშირად მოგზაურობს, იქნება ეს ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე თუ ზოგადად მოგზაურობა. მოგზაურობის კომფორტულად დაწყება კი ძალიან მნიშვნელოვანია. ამისთვის „კონცეპტ-სივრცეში“ ყველაფერი გავითვალისწინეთ. კონცეფცია კი მარჯანიშვილის 7- ში არსებული „თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციური სივრციდან ავიღეთ. იქაური სივრცე მომხმარებლებს მოსწონთ, თავს მყუდროდ და კომფორტულად გრძნობენ, ამიტომ სხვა დიზაინზე არც გვიფიქრია. ანალოგიურია განლაგება და სერვისებიც. შედეგად, თბილისის აეროპორტში „თიბისი კონცეპტის“ სივრცის გახსნით მოგზაურობის პროცესი უფრო სასიამოვნო და მარტივი გახდა. ადამიანებს შეუძლიათ, გაფრენას უფრო წყნარ გარემოში დაელოდონ ან მშვიდად აკეთონ თავიანთი საქმე.
კიდევ სად შეიძლება ველოდოთ მსგავს სივრცეს?
ვფიქრობ, თბილისის აეროპორტი ძალიან გამართლებული და სწორი არჩევანი იყო „თიბისი კონცეპტის“ სივრცისთვის. თუმცა განვიხილავთ სხვა პოტენციურ ადგილებსაც და კვლევის, მომხმარებელთა უკუკავშირის და საჭიროების მიხედვით გადავწყვეტთ, სტრატეგიულად სად განვითარდება ახალი ფორმატის სივრცეები.
გარდა ამისა, თიბისის 27 ფილიალში ცალკე სივრცეები გვაქვს მოწყობილი, რომლებიც ანალოგიურად „თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციური სივრცისა, განსხვავებული და კომფორტულია. ასევე, მომხმარებელზე უფრო მეტად ფოკუსირებულია და ითვალისწინებს თანამედროვე ბიზნესპროცესების საჭიროებებს.
აქვე გკითხავთ, აპირებთ სხვა ფილიალების მოდერნიზებასაც?
ფილიალების ანალოგიური კონცეფციით მოდერნიზება გასულ წელს დავიწყეთ. დაახლოებით 50 ფილიალი გვექნება წლის ბოლოს მოდერნიზებული. ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს ამ კუთხით ბოლოში უნდა გავიდეთ და ჩვენს ძირითად ფილიალებში, რომლებიც, ვფიქრობთ, 5-10 წელს იფუნქციონირებს, სივრცე განახლებული იქნება. მათი რაოდენობა დაახლოებით 80-ია.
თქვენ ახსენეთ, რომ კონცეპტ-მომხმარებლების დიდი ნაწილი ხშირად მოგზაურობს. გარდა აეროპორტში ახალგახსნილი სივრცისა, რას სთავაზობს კონცეპტის სტატუსი მათ?
ბევრი სარგებელი გვაქვს გათვალისწინებული, მათ შორის, განაღდების განსხვავებული საკომისიოები და ლიმიტები, საერთაშორისო Lounge Key ლაუნჯებზე წვდომა ბარათის ტიპის მიხედვით, ფასდაკლებები დასვენების, შოპინგის და მრავალი სხვა მიმართულებით. კონცეპტის მომხმარებელს პირადი ბანკირის დახმარებით შეუძლია, მოიპოვოს ყველა სასურველი ინფორმაცია იმ ადგილას, სადაც მოგზაურობს და მიიღოს რჩევები განთავსების თუ კვების ობიექტების შესახებ.
შედეგებზეც რომ ვისაუბროთ, „კონცეპტი“ თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურების რებრენდინგის შედეგად დაახლოებით ორი წლის წინ გამოჩნდა. რა შედეგები გაქვთ ამ დრომდე?
რიცხვები ძალიან შთამბეჭდავია. თიბისისთვის მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომსახურება უცხო არ ყოფილა. თუმცა „თიბისი კონცეპტს“ ცნობადობის კუთხით ძალიან დიდი ნახტომი აქვს და ამით ძალიან ვამაყობთ. უკვე 105 000 მომხმარებელი გვყავს და საქართველოს ბაზარზე რაოდენობის მხრივაც პირველები ვართ. ეს ჩვენი დაუღალავი შრომის შედეგია.
დაბოლოს, რა მიმართულებით აპირებთ „თიბისი კონცეპტის“ განვითარებას?
ზოგადად, „კონცეპტი“ ჩვენი მხრიდან მომსახურების შემდეგ საფეხურზე გადასვლა იყო. რეალურად თანამედროვე ციფრულ ეპოქაში საბანკო მომსახურებები მაქსიმალურად გამარტივებული და სწრაფია, ამიტომაც ორმაგი შრომა გვიწევს, რომ ეს პროდუქტი განვითარების კიდევ ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ.
ჩვენ „კონცეპტის“ მომხმარებლებს არა მხოლოდ საბანკო უპირატესობებს და Lifestyle-მომსახურებას ვთავაზობთ, არამედ მათ თვითგანვითარებაზეც ვზრუნავთ. ჩვენი მონაცემთა ინჟინრების მეშვეობით, ახლა უფრო მეტი ყურადღებით ვსწავლობთ მომხმარებლების სურვილებსა და ინტერესებს და პირადად მათზე მორგებულ შეთავაზებებს ვაკეთებთ. ამ მიმართულებით კიდევ უფრო განვითარებას ვგეგმავთ და ვაპირებთ, ფაქტობრივად, მათ მაგივრად ვიფიქროთ და მათი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე რა საჭიროებებიც აქვთ ან მომავალში გაუჩნდებათ, ჩვენი სერვისები დავახმაროთ. ეს ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.