ფოტო: georgiatoday.ge
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გუშინ ბელარუსის დედაქალაქ მინსკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და მოსკოვთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს სპეციალურმა წარმომადგენელმა შეხვედრა გამართეს, რაც ორ ქვეყანას შორის პირდაპირი დიალოგის განახლებას ნიშნავს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის ომის შემდეგ გაუქმებულია.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი ხუთშაბათს, მინსკში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი ზურაბაშვილს შეხვდა. ზურაბაშვილი რუსეთთან ურთეირთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რამდენიმე კვირის წინ დაინიშნა.
„გაიმართა აზრთა საფუძვლიანი გაცვლა ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებზე, განსაკუთრებული აქცენტით სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებზე“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
განცხადების თანახმად, მხარეებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებიც. ასევე აღნიშნულია, რომ „მიღწეულ იქნა რიგი პრაქტიკული შეთანხმებები“, თუმცა დაკონკრეტებული არ არის, რა შეთანხმებებზეა საუბარი.
მხარეებს შორის შეხვედრის შესახებ განცხადება საქართველოს მთავრობამაც გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას, როგორც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული გადაუჭრელი საკითხების მოგვარების, ასევე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, გააგრძელონ შეხვედრები აღნიშნული ფორმატის ფარგლებში და მადლობა გადაუხადეს ბელარუსულ მხარეს პირველი შეხვედრის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის.









