რუსი მილიარდერის, ვლადიმირ პოტანინის ყოფილი ცოლი მისგან $800 მილიონის კომპენსაციას ითხოვს

რუსი მილიარდერის, ვლადიმირ პოტანინის ყოფილი ცოლი მისგან $800 მილიონის კომპენსაციას ითხოვს

ფოტო: Getty Images

 

რუს მილიარდერს, ვლადიმირ პოტანინს, ყოფილი ცოლი, ნატალია პოტანინა, ლონდონის სასამართლოში უჩივის და მისი ქონებიდან წილს ან, სულ მცირე, $800 მილიონის კომპენსაციას ითხოვს. პოტანინას განცხადებით, დასახელებული თანხა მისი „გონივრული საჭიროებების“ დასაკმაყოფილებლად აუცილებელია.

წყვილს, რომელიც 31 წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული, სამი შვილი ჰყავს. განქორწინების პროცესი რუსეთში 2014 წელს დასრულდა, რის შედეგადაც ნატალია პოტანინამ ყოფილი მეუღლისგან დაახლოებით $105 მილიონი მიიღო. თუმცა ახლა პოტანინა ამტკიცებს, რომ განქორწინების შეთანხმებაში ვლადიმირ პოტანინის სიმდიდრის მნიშვნელოვანი ნაწილი არ გაუთვალისწინებიათ. მათ შორის, არც მისი წილი სამთო-მეტალურგიულ კომპანია Norilsk Nickel-ში და არც ტრასტებში განთავსებული აქტივები.

პოტანინა ამტკიცებს, რომ განქორწინების შეთანხმება მის ფინანსურ მოთხოვნებს სრულად არ პასუხობდა. ნატალია პოტანინა წლების განმავლობაში ცდილობდა განქორწინების შედეგად მიღებული კომპენსაციის გაზრდას. მისი თქმით, დაშორების ერთ-ერთი მიზეზი ქმრის ღალატი იყო.

ამ მიზეზით, ის დავას უკვე ლონდონის სასამართლოში აგრძელებს. ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობა გარკვეულ შემთხვევებში უცხო ქვეყანაში გაფორმებული განქორწინების შემდეგ დამატებითი ფინანსური კომპენსაციის მოთხოვნის შესაძლებლობას იძლევა, თუ მხარეებს შორის მიღწეული თავდაპირველი შეთანხმება არასაკმარისად მიიჩნევა.

ვლადიმირ პოტანინი, რომელმაც საქმიანობა 1990-იანი წლების პოსტსაბჭოთა პრივატიზაციის პერიოდში დაიწყო, რუსეთის მეორე უმდიდრესი ადამიანია. ამერიკული Forbes-ი პოტანინის ქონებას $29.7 მილიარდად აფასებს, რაც მას მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის 74-ე ადგილზე ათავსებს.

1990-იან წლებში პოტანინმა საინვესტიციო კომპანია Interros-ი დააარსა და მონაწილეობდა Onexim Bank-ის შექმნაში. 1995 წელს ის რუსეთის სადავო „სესხები აქციების სანაცვლოდ“ პროგრამის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი გახდა, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო კომპანიების წილები კერძო ინვესტორების ხელში გადავიდა. ამ პროცესის შედეგად პოტანინმა Norilsk Nickel-ის საკონტროლო პაკეტი მოიპოვა.

კომპანია მსოფლიოში პალადიუმისა და მაღალი ხარისხის ნიკელის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. ბორის ელცინის პრეზიდენტობის პერიოდში პოტანინი რუსეთის ვიცე-პრემიერის თანამდებობას იკავებდა. მას ასევე აქვს კავშირები პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. 2022 წლის გაზაფხულზე მან ფრანგული Société Générale-სგან Rosbank შეიძინა. იმავე წლის დეკემბერში აშშ-მა სანქციები დაუწესა როგორც პოტანინს, ისე მის კუთვნილ Rosbank-ს.