მოულოდნელობის პირისპირ

მოულოდნელობის პირისპირ

ამერიკელ რომანისტს, ლეო როსტენს, ნათქვამი აქვს: „ზოგი რამ იმდენად მოულოდნელია, რომ არავინაა მზად“. ეს ფრაზა განსაკუთრებით ეხმიანება იმ საფრთხეს, რომლის წინაშეც COVID-19-მა დაგვაყენა. იმისათვის, რომ ადამიანთა სიცოცხლის დაცვა და ჯანდაცვის სისტემის ადაპტირება ყოფილიყო შესაძლებელი, ვირუსის გავრცელების შენელების მიზნით იზოლაცია, კარანტინი და ბიზნესების დახურვა გახდა საჭირო. ამდენად, ჯანმრთელობის კრიზისს მწვავე გავლენა აქვს ეკონომიკურ აქტივობაზე. ქვეყნები „უპრეცედენტო“ ზომებს მიმართავენ „მოულოდნელ“ კრიზისთან გასამკლავებლად. საერთაშორისო სავალუტო ფონდ Policy Tracker- ის ვებგვერდი ნაირგვარ პოლიტიკურ ზომებს მოიცავს, რომელთაც ფონდის თითოეული წევრი ქვეყანა ახორციელებს. კრიზისი ყველა ქვეყანაზე მოქმედებს. ჯერ გაურკვეველია, როგორ მოხდება მსოფლიო ეკონომიკის გაჯანსაღება.

არც საქართველოა გამონაკლისი. ვირუსის გავრცელების შესამსუბუქებლად შემოღებული ზომები მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალის ფასად ხდება. საქართველო, როგორც ტურიზმზე, ვაჭრობასა და ფულად გზავნილებზე დამოკიდებული ეკონომიკა, მოწყვლადია პანდემიით გამოწვეული ჯანმრთელობის, სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მიმართ. ახლა, როცა გლობალური მოგზაურობა შემცირებას განაგრძობს, ტურიზმით მიღებული ფინანსური სარგებელი (რაც 2019 წელს მშპ-ის 20 პროცენტს შეადგენდა), პროგნოზის თანახმად, საგრძნობლად შემცირდება. სავაჭრო პარტნიორების შემცირებული ზრდა შეამცირებს ექსპორტებსა და ფულად გადმორიცხვებს, ხოლო შემოსავლის დანაკარგები შიდა მოხმარებაზე უარყოფითად აისახება. გლობალური გაურკვევლობის გაზრდა შეაფერხებს ნდობას, შეამცირებს კაპიტალის შემოდინებას და შეაჩერებს ინვესტიციებს“. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, ქართული ეკონომიკა 2020-ში 4%-ით შემცირდება და დაღმასვლის რისკები იარსებებს.

რადგანაც ჩვენ პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან გვაქვს საქმე, პრიორიტეტი ვირუსის დამარცხება და ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა უნდა იყოს. ამის გარეშე ეკონომიკის გაჯანსაღება შეუძლებელია. საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის ეს პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველოს მთავრობის სწრაფი და მტკიცე ქმედებები, რომლებიც თავიდანვე იქნა განხორციელებული, კრიტიკული მნიშვნელობის აღმოჩნდა ვირუსის გავრცელების შეკავებისთვის და საერთაშორისო ქებაც დაიმსახურა.

COVID-19-ის შეკავების წარმატებას ეკონომიკური ზომები უნდა მოჰყვეს, რათა შემცირდეს ეკონომიკური ზიანი. კრიტიკული მნიშვნელობა აქვს იმ ადამიანებისა და ფირმების მხარდაჭერას დროებითი, დროული და მიზანზე ორიენტირებული ქმედებებით, რომლებიც არსებულმა შოკმა ყველაზე მეტად დააზიანა. დახმარების გაწევა მოსახლეობისა და ბიზნესებისთვის უზენაესი მნიშვნელობისაა არა მხოლოდ პანდემიის პერიოდში მათი მხარდაჭერის მოტივით, არამედ იმისთვისაც, რომ ისინი მზად იყვნენ, ენერგიულად და სწრაფად განაახლონ ეკონომიკური აქტივობა. მხარდაჭერის სტრატეგიები ბიზნესისა და მოწყვლადი ჯგუფებისათვის უკვე ინიცირებულია და მთავრობა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ეკონომიკის გაჯანსაღების გეგმაზე მუშაობს.

მოსალოდნელია, რომ ფისკალური დეფიციტი დროებით მშპ-ის 8½ პროცენტამდე გაფართოვდება, ვინაიდან შემოსავლები იკლებს, ხარჯვა კი მატულობს, რათა ვირუსის შეკავება და პანდემიით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური ზიანის შემსუბუქება მოხდეს. მთავრობის წარმომადგენლები სწრაფად ახდენენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებისგან თანხების მობილიზებას დეფიციტის დასაფინანსებლად და ბუფერების შესაქმნელად, რაც საშუალებას მისცემს დამატებითი რეაგირება მოახდინოს, თუ არსებული რისკები მატერიალიზდება. მთავრობის ქმედებათა დადებითი ისტორია საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და სხვა დონორებს აძლევს რწმენას, რომ საქართველო განაგრძობს რეფორმების განხორციელებას და შეძლებს ეკონომიკა და ფისკალური დეფიციტი ძველ ნიშნულზე დააბრუნოს, როცა COVID-19-ის გავლენა მიილევა.

მონეტარული შემსუბუქებისთვის სივრცე შეზღუდულია სამიზნეზე მაღალ ნიშნულზე მყოფი ინფლაციის მაჩვენებლისა და საქართველოში დოლარიზაციის მაღალი ხარისხის გამო. საქართველოს ეროვნული ბანკი რთული ამოცანის წინაშე დგას: მან უნდა დაადგინოს საპროცენტო განაკვეთები, რათა დააბალანსოს ლარის გაუფასურებით გამოწვეული ზიანი და შედეგად მიღებული ინფლაციის ზრდა ეკონომიკური აქტივობის ვარდნის ფონზე. მანამ, სანამ ინფლაციისა და ინფლაციის მოლოდინების საგრძნობი კლება არ შეიმჩნევა, სივრცე განაკვეთების შემცირებისთვის შეზღუდულია.

პოსტპანდემიურ პერიოდში ფინანსურ სექტორს საკვანძო როლი ეკისრება კრიზისით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შემცირებისა და ეკონომიკური მოძლიერების მხარდაჭერის თვალსაზრისით: მან უნდა განაგრძოს კრედიტზე კლიენტთა მოთხოვნის დაკმაყოფილება, საოპერაციო ფულის ნაკადების მართვისა და ინვესტირების მიზნებისთვის. ვალის გადახდაზე დაწესებული მორატორიუმი ერთგვარ სუნთქვის საშუალებას აძლევს ბინზესს და მოსახლეობას. საბანკო სისტემა პანდემიის აფეთქებას კარგად კაპიტალიზებული და მაღალი ლიკვიდურობის ბუფერებით შეხვდა: საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო წლებში მიღებულმა ზომებმა აჩვენა, რომ საბანკო სექტორს აქვს შოკებთან გამკლავების უნარი. საფინანსო სისტემის კაპიტალი და ლიკვიდურობა გაიზრდა გამკაცრებული ფინანსური რეგულაციებისა და ზედამხედველობის პასუხად. COVID-19-ის პირობებში, ეროვნულმა ბანკმა უფლება მისცა ბანკებს, გამოეთავისუფლებინათ კაპიტალის და ლიკვიდურობის მარაგი.

საბოლოო ჯამში, საქართველომ ადეკვატური ნაბიჯები გადადგა COVID-19-ით გამოწვეული ჯანდაცვისა და ეკონომიკური ზიანის შესაკავებლად. წინდახედულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ, გარე და ფისკალური ბუფერების ზრდამ კრიზისამდე, დონორ საზოგადოებასთან თავიდანვე თანამშრომლობამ და ჯანსაღმა, კარგი ზედამხედველობის ქვეშ მყოფმა ფინანსურმა სისტემამ შექმნა მრავალმხრივი რეაგირების საშუალება. ასეა თუ ისე, მომავლის თვალსაზრისით, გლობალური დაღმასვლის სიმწვავესა და ხანგრძლივობასთან დაკავშირებული დაბნეულობა და კრიზისის უარყოფითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, დიდია. სამომავლოდ, არსებული რისკების მატერიალიზების შემთხვევაში, საჭირო გახდება დამატებითი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან, ფისკალური და საგარეო ბუფერების გამოყენება და შემდგომი მხარდაჭერა პარტნიორებისგან, რომლებიც განვითარების საკითხებზე მუშაობენ. COVID-19-ის ეკონომიკური გავლენის შესაკავებლად აუცილებელია ზედმიწევნითი დაკვირვება და სწრაფი რეაგირება.

თუ დაღმასვლის რისკები რეალური აღმოჩნდა, საჭირო გახდება დამატებითი პოლიტიკური მოქმედება, ფისკალური და გარე ბუფერების გამოყენება, ისევე როგორც მხარდაჭერა განვითარების პარტნიორებისგან. COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესაკავებლად ფრთხილი მონიტორინგი და სწრაფი პოლიტიკური რეაგირებაა საჭირო.