მშენებლობა საერთაშორისო სტანდარტით

მშენებლობა საერთაშორისო სტანდარტით

Pontus-ი საქართველოში დეველოპერული სტანდარტების გადაწერას ცდილობს — უკვე განახორციელა გამორჩეული პროექტი ბათუმში, ახლა კი იმავეს გუდაურში გეგმავს. კომპანიის დამფუძნებლის, ირაკლი ვარშალომიძისთვის მთავარი ხარისხი და გრძელვადიანი ღირებულების შექმნაა, საბოლოო მიზანი კი ქვეყანაში ძლიერი სასტუმრო, საკურორტო და საინვესტიციო პროექტების განვითარება.

ავტორი: კახი ჩაკვეტაძე

Pontus Capital-ის ჯგუფი საქართველოში არაერთი მიმართულებით ოპერირებს. რა იყო მისი შექმნის იდეა და როგორია მისი სტრატეგიული ხედვა?

Pontus Capital-ის შექმნის იდეა ჩემი გამოცდილებიდან და იმ ხედვიდან გაჩნდა, რომ საქართველოში შესაძლებელია მასშტაბური ინვესტიციების მოზიდვა და საერთაშორისო დონის პროექტების განვითარება. ნდობამ, ძლიერმა გუნდმა და საქართველოს ეკონომიკის სტაბილურმა ზრდამ მოგვცა შესაძლებლობა, უცხოური კაპიტალი მოგვეზიდა და წვლილი შეგვეტანა ისეთი სექტორების განვითარებაში, როგორებიცაა სტუმარმასპინძლობა, სოფლის მეურნეობა და ბიოტექნოლოგიები.

ჩემი საქმიანობა ამ მიმართულებით 2014 წლიდან დაიწყო. წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ დაგვანახა, რომ საჭირო იყო ერთიანი საინვესტიციო და დეველოპერული პლატფორმის შექმნა, რომელიც კაპიტალს, საერთაშორისო პარტნიორებსა და ადგილობრივ შესაძლებლობებს გააერთიანებდა.

Pontus Capital-ი სწორედ ამ მიზნით ჩამოყალიბდა არა როგორც ერთი პროექტის კომპანია, არამედ როგორც გრძელვადიანი საინვესტიციო პლატფორმა. სტრატეგიული ხედვა ეფუძნება ისეთი პროექტების შექმნას, რომლებიც რეალურ ღირებულებას შემატებს ქვეყნის ტურიზმს, უძრავი ქონების ბაზარს, ინფრასტრუქტურას და საინვესტიციო გარემოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მშენებლობა, არამედ ისეთი აქტივები, რომლებიც გრძელვადიანად იმუშავებს: შექმნის სამუშაო ადგილებს, მოიზიდავს საერთაშორისო ინვესტორებს და საქართველოს რეგიონში უფრო კონკურენტუნარიან მიმართულებად წარმოაჩენს.

როდის და რატომ გადაწყვიტეთ Pontus-ის დეველოპერული მიმართულების შექმნა?

Pontus-ის შექმნის გადაწყვეტილება მივიღეთ მაშინ, როდესაც დავინახეთ, რომ ჩვენი პროექტები იმ მასშტაბს აღწევდა, სადაც მხოლოდ საინვესტიციო ხედვა საკმარისი აღარ იყო. საჭირო გახდა ცალკე დეველოპერული მიმართულება, რომელიც სრულად იქნებოდა ფოკუსირებული პროექტების დაგეგმვაზე, განვითარებაზე, მშენებლობის პროცესის მართვასა და ხარისხის კონტროლზე.

უძრავი ქონებისა და სასტუმრო ინფრასტრუქტურის განვითარება კომპლექსური პროცესია და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კარგი ლოკაცია ან არქიტექტურა, არამედ სწორი ფინანსური მოდელი, ოპერატორი, ბრენდი, გაყიდვების სტრატეგია და პროექტის შემდგომი მართვა.

Pontus-ი სწორედ ამ საჭიროებიდან შეიქმნა. გვინდოდა, Pontus Capital-ის ფარგლებში დაგვეფუძნებინა პროფესიონალური დეველოპერული სტრუქტურა, რომელიც შეძლებდა დიდი და რთული პროექტების რეალიზებას. ჩვენი მიზანია, საქართველოში ვიმუშაოთ საერთაშორისო მიდგომებით და ბაზარზე შევქმნათ არა მხოლოდ კვადრატული მეტრები, არამედ სრულფასოვანი საინვესტიციო პროდუქტი.

როგორ დაიწყო თანამშრომლობა Rotana-სთან და რატომაა ამგვარ საერთაშორისო ბრენდთან პარტნიორობა თქვენთვის მნიშვნელოვანი?

Rotana-სთან თანამშრომლობა დაიწყო ჩვენი ხედვების თანხვედრით. გვქონდა ამბიცია, საქართველოში შეგვექმნა მაღალი დონის სასტუმრო და საკურორტო პროექტები, ხოლო Rotana არის ის ბრენდი, რომელსაც აქვს ძლიერი რეგიონული გამოცდილება, ოპერაციული სტანდარტები და საერთაშორისო სტუმრებთან მუშაობის დიდი პრაქტიკა.

პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდა Pontus Rotana Resort & Spa Gonio, 5-ვარსკვლავიანი საკურორტო კომპლექსი გონიოში, ბათუმთან ახლოს. Rotana-სთან პარტნიორობა ჩვენთვის მხოლოდ ბრენდის სახელის გამოყენება არ არის. ეს არის ხარისხის, მართვის კულტურის, ოპერაციული გამოცდილებისა და საერთაშორისო ნდობის შემოტანა პროექტში.

ამგვარი პარტნიორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვისაც. ისინი ხედავენ, რომ პროექტს აქვს პროფესიონალური მართვის სისტემა, გაყიდვების არხები, სერვისის სტანდარტები და გრძელვადიანი ფუნქციონირების მოდელი. დღეს Rotana-სთან თანამშრომლობა მხოლოდ ერთ პროექტს აღარ უკავშირდება. ეს არის სტრატეგიული პარტნიორობა, რომლის მიზანია ქვეყანაში ხუთი ძლიერი პროექტის განვითარება – ზღვის, ქალაქისა და მთის მიმართულებით.

რითაა გამორჩეული თქვენი პირველი ერთობლივი პროექტი Pontus Rotana Resort & Spa, რომელიც ბათუმში, გონიოში შენდება? რას სთავაზობთ მომხმარებელს განსხვავებულს?

Pontus Rotana Resort & Spa Gonio ჩვენთვის განსაკუთრებული პროექტია, პირველ რიგში, მისი მასშტაბიდან გამომდინარე. ის აერთიანებს 546 ნომერს, ხოლო პროექტის საინვესტიციო ბიუჯეტი 120 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. ეს არის პირველი ერთობლივი პროექტი ჩვენი პარტნიორობით და მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს სტუმარმასპინძლობის ბაზრის ახალ ეტაპზე გადასაყვანად.

პროექტი მდებარეობს გონიოში, ზღვის პირველ ზოლში, რაც თავისთავად დიდი უპირატესობაა. მაგრამ მთავარი მხოლოდ ლოკაცია არ არის. ჩვენი მიზანია, შევქმნათ არა უბრალოდ საცხოვრებელი ან სასტუმრო კომპლექსი, არამედ სრულფასოვანი 5-ვარსკვლავიანი საკურორტო პროდუქტი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით შენდება და იმართება.

Pontus Rotana Resort & Spa გამორჩეულია საინვესტიციო მოდელითაც. ინვესტორს შეუძლია საკუთრებაში ჰქონდეს კომერციული უძრავი ქონება, ერთი ან რამდენიმე სასტუმროს ოთახი. თითოეულ ნომერს მინიჭებული აქვს კოეფიციენტი, რომელიც წარმოადგენს წილს სასტუმროს ოთახების გაქირავებიდან მიღებულ შემოსავალში. Rotana-ს მენეჯმენტის ჩართულობა კი უზრუნველყოფს პროფესიონალურ ოპერირებას, მომსახურების მაღალ ხარისხსა და სტუმრების მოზიდვის გამოცდილებას.

კომპლექსი მოიცავს სპა-ს, რესტორნებს, აუზებს, საკონფერენციო და დასასვენებელ სივრცეებს და ყველა იმ სერვისს, რომელიც თანამედროვე საერთაშორისო კურორტს სჭირდება. ჩვენი ხედვაა, რომ სტუმარმა და ინვესტორმა ერთ სივრცეში მიიღონ ზღვა, კომფორტი, ბრენდი, სერვისი და ხარისხიანი მართვა.

ინვესტორისთვის ეს არის შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ბრენდის მიერ მართულ 5-ვარსკვლავიან სასტუმრო პროექტში. აქ მთავარი ღირებულება მხოლოდ კვადრატული მეტრი არ არის, ესაა ბრენდი, მართვა, შემოსავლის განაწილების მოდელი და მისი პოტენციალი.

რამდენად მზადაა ბაზარი ამგვარი პროექტისთვის? როგორ მოიპოვებთ ინვესტორების ნდობას?

ვფიქრობ, ბაზარი ასეთი პროექტისთვის არა მხოლოდ მზად არის, არამედ უკვე საჭიროებს კიდეც უფრო მაღალი სტანდარტის პროდუქტებს. ბოლო წლებში საქართველოში ტურიზმის, უძრავი ქონებისა და საინვესტიციო ბაზრის განვითარებამ აჩვენა, რომ მოთხოვნა იზრდება არა მხოლოდ საცხოვრებელ ფართებზე, არამედ სწორად სტრუქტურირებულ და პროფესიონალურად მართულ პროექტებზე.

გონიო და ზოგადად ბათუმის სანაპირო ზოლი განვითარების ახალ ეტაპზეა. რეგიონს აქვს ბუნებრივი უპირატესობები, როგორიც არის ზღვა, მდებარეობა, მზარდი ტურისტული ნაკადი და საინვესტიციო ინტერესი. ამ პოტენციალის სრულად გამოყენებისთვის კი საჭიროა ისეთი პროექტები, რომლებიც მხოლოდ მშენებლობით არ შემოიფარგლება და მომხმარებელსა და ინვესტორს გრძელვადიან ღირებულებას სთავაზობს.

ინვესტორების ნდობის მოპოვება ჩვენთვის იწყება გამჭვირვალობით. მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორმა ზუსტად იცოდეს, რა პროდუქტში მონაწილეობს, როგორია პროექტის სტრუქტურა, როგორ ნაწილდება შემოსავალი და რა არის მისი პერსპექტივა.

ნდობის მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია პარტნიორები. Rotana-ს ჩართულობა ინვესტორებისთვის დამატებითი გარანტიაა, რომ პროექტი მხოლოდ დეველოპერული იდეა არ არის, მას აქვს პროფესიონალური ოპერაციული მართვა და ბრენდის სტანდარტი. ნდობა იქმნება შესრულებული ვალდებულებებით, ხარისხით, კომუნიკაციითა და შედეგით.

ახლახან Rotana-ს მსოფლიოში პირველი სამთო კურორტი წარადგინეთ. რატომ გადაწყვიტეთ ბათუმისა და გონიოს შემდეგ გუდაურზე ორიენტირება?

გუდაური ჩვენთვის ბუნებრივი გაგრძელება იყო. გონიო ზღვის, საკურორტო და დასვენების მიმართულებაა, გუდაური კი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამთო-სათხილამურო პოტენციალის მქონე ლოკაციაა. ჩვენი ხედვაა, რომ ქვეყანა მხოლოდ ერთ სეზონზე ან ერთ რეგიონზე არ იყოს დამოკიდებული, მას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, ტურიზმი ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით განავითაროს.

გუდაური უკვე ცნობადი სამთო კურორტია, რომელსაც აქვს გრძელი ზამთრის სეზონი, მზარდი საერთაშორისო ინტერესი და განვითარების დიდი რესურსი. ამავდროულად, მას ჯერ კიდევ სჭირდება მაღალი დონის სასტუმრო ინფრასტრუქტურა, ბრენდირებული ოპერატორები და ისეთი პროექტები, რომლებიც კურორტს უფრო მაღალ სეგმენტში გადაიყვანს.

Rotana-ს პირველი სამთო კურორტის საქართველოში წარდგენა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ეს აჩვენებს, რომ აქ შეიძლება იყოს სტრატეგიული მიმართულება არა მხოლოდ რეგიონული, არამედ საერთაშორისო სასტუმრო ბრენდებისთვისაც.

გვინდა, შევქმნათ ახალი ტიპის სამთო კურორტი, რომელიც მხოლოდ ზამთრის სეზონზე არ იქნება დამოკიდებული. ჩვენი მიზანია, პროექტმა იმუშაოს ოთხივე სეზონზე, ზამთარში სათხილამურო ტურიზმისთვის, ხოლო წლის დანარჩენ პერიოდში სპა და გამაჯანსაღებელი მიმართულებისთვის, აქტიური ტურიზმისთვის, ღონისძიებებისთვის და ოჯახური დასვენებისთვის.

რა განასხვავებს ამ პროექტს სხვა მაღალი კლასის მთის სასტუმროებისგან რეგიონში? როგორია მისი არქიტექტურული კონცეფცია?

შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ Caucasus Mandili იქნება ჩვენს რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო სამთო სასტუმრო კომპლექსი. მდებარეობის, სათხილამურო ტრასებთან წვდომის, არქიტექტურის, დიზაინის, ტექნიკური გადაწყვეტების, ინფრასტრუქტურის, გასართობი სივრცეებისა და მართვის მოდელის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ პროექტი რეგიონში განსაკუთრებულ სტანდარტს შექმნის.

მიზანი არ არის მხოლოდ მაღალი კლასის სასტუმროს აშენება. გვინდა, შევქმნათ სრულფასოვანი სამთო კურორტი, რომელიც სტუმარს შესთავაზებს არა მხოლოდ განთავსებას, არამედ მთლიან გამოცდილებას: დასვენებას, გართობას, ველნესს, გასტრონომიას, ოჯახურ სივრცეებსა და მაღალი დონის მომსახურებას.

მნიშვნელოვანი იყო, რომ არქიტექტურა არ ყოფილიყო უბრალოდ ლამაზი შენობა მთაში. ის უნდა იყოს გუდაურის ბუნებრივ გარემოსთან დაკავშირებული, თანამედროვე, ფუნქციური და ამავე დროს ემოციური. არქიტექტურული კონცეფცია ეფუძნება მთასთან ჰარმონიას, ხედების მაქსიმალურად გახსნას, ბუნებრივი მასალების გამოყენებას და ისეთი სივრცეების შექმნას, სადაც სტუმარი იგრძნობს როგორც საერთაშორისო დონის კომფორტს, ისე კავკასიონის უნიკალურ ხასიათს.

ამ პროექტის განსხვავება სწორედ დეტალების ერთობლიობაშია. მხოლოდ კარგი ლოკაცია საკმარისი არ არის, საჭიროა ძლიერი ბრენდი, სწორი არქიტექტურა, ხარისხიანი ტექნიკური გადაწყვეტები, მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა და პროფესიონალური მართვა. Caucasus Mandili სწორედ ამ ელემენტების გაერთიანებას წარმოადგენს.

რამდენად მნიშვნელოვანია იტალიური არქიტექტურული სტუდია NOA-ს ჩართულობა და რა შემატა მათმა გამოცდილებამ პროექტს?

გუდაურს ესაჭიროებოდა თანამედროვე სტანდარტებით დაგეგმარებული შენობა, ახალი სტანდარტები და გემოვნებიანი არქიტექტურა. სწორედ ეს მივიღეთ NOA-ს ჩართულობით და შედეგიც უკვე თვალსაჩინოა.

NOA-ს გამოცდილება ამ პროექტისთვის უმთავრესია. მათ ჰყავთ ძლიერი არქიტექტორებისგან დაკომპლექტებული გუნდი, რომელმაც პროექტს შესძინა საერთაშორისო ხედვა, სწორად დაგეგმილი სივრცეები და ის ხარისხი, რაც აუცილებელია თანამედროვე სამთო კურორტისთვის.

ამავდროულად, NOA-ს აქვს ალპურ რეგიონებში მაღალმთიანი კურორტების პროექტირების მრავალწლიანი გამოცდილება, რის გამოც მათ განსაკუთრებულად კარგად იციან, როგორ შექმნან არქიტექტურა, რომელიც ბუნებრივ ლანდშაფტს ჰარმონიულად ერწყმის და თანაც ადგილობრივ იდენტობას უსვამს ხაზს.

სწორედ ამ მიდგომის მაგალითია ჩვენი პროექტი, რომლის არქიტექტურულ კონცეფციაში თანამედროვე ინტერპრეტაციით აისახა ქართული მანდილის სიმბოლო.

როგორი იქნება პროექტის ეკონომიკური თუ ტურისტული სარგებელი და ზოგადად, გავლენა კურორტის განვითარებაზე?

ვფიქრობ, Caucasus Mandili გუდაურისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ტურისტული პროექტი იქნება. პირველ რიგში, ის შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს როგორც მშენებლობის, ისე შემდგომი ოპერირების ეტაპზე. პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი ბიზნესების განვითარებასაც, სერვისების, ტრანსპორტის, კვების, ტურისტული აქტივობებისა და სხვა მომიჯნავე მიმართულებებით.

ტურისტული თვალსაზრისით, პროექტი გუდაურს შესთავაზებს ახალ ხარისხს. მაღალი დონის ინფრასტრუქტურისა და ოთხსეზონიანი კონცეფციის გაერთიანება კურორტს დაეხმარება უფრო მაღალი სეგმენტის სტუმრების მოზიდვაში და სეზონურობის შემცირებაში. როდესაც ბაზარზე ჩნდება ახალი ხარისხის სასტუმრო კომპლექსი, ეს ზრდის მოთხოვნას სერვისზე, ინფრასტრუქტურაზე და ხელს უწყობს კურორტის პოზიციონირებას უფრო მაღალ დონეზე.

გვჯერა, რომ პროექტი გუდაურისთვის იქნება არა მხოლოდ ახალი სასტუმრო, არამედ განვითარების ახალი ეტაპის ნაწილი, ხელს შეუწყობს კურორტის ეკონომიკურ აქტივობას, ტურისტული ნაკადების ზრდას და საქართველოს, როგორც საერთაშორისო სამთო მიმართულების გაძლიერებას.

რა მთავარი გამოწვევებია დღეს დეველოპერულ ბაზარზე და ახერხებთ თუ არა ამ რისკების თავიდან არიდებას?

მზარდ დეველოპერულ ბაზარზე გამოწვევები რამდენიმე მიმართულებითაა. პირველ რიგში, ეს არის მშენებლობის ხარჯების ზრდა, ფინანსური რესურსების ფასი, კვალიფიციური კადრების დეფიციტი და ხარისხის სტანდარტების შენარჩუნება. მნიშვნელოვანია რეგულაციებთან, ვადებთან და ინფრასტრუქტურულ საკითხებთან დაკავშირებული გამოწვევებიც.

ჩვენი მიდგომა არის ის, რომ რისკები თავიდანვე სწორად უნდა იყოს შეფასებული და არა მხოლოდ მაშინ, როცა პრობლემა უკვე წარმოქმნილია. პროექტის დაგეგმვის ეტაპზე დიდ ყურადღებას ვაქცევთ ფინანსურ მოდელს, ტექნიკურ გადაწყვეტილებებს, პარტნიორების შერჩევას, მშენებლობის ხარისხს და ოპერირების მომავალ მოდელს.

რისკების სრულად გამორიცხვა შეუძლებელია, განსაკუთრებით დეველოპმენტში. თუმცა მათი შემცირება შესაძლებელია ძლიერი გუნდის, სწორი დაგეგმვის, საერთაშორისო პარტნიორების, გამჭვირვალე პროცესებისა და პასუხისმგებლიანი მართვის საშუალებით.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროექტები არ იყოს აგებული მოკლევადიან გათვლებზე. როდესაც ქმნი სასტუმრო ან საკურორტო პროდუქტს, უნდა იფიქრო არა მხოლოდ გაყიდვაზე, არამედ იმაზე, როგორ იმუშავებს ეს აქტივი ხუთი, ათი და მეტი წლის შემდეგ. სწორედ ეს გრძელვადიანი ხედვა გვეხმარება რისკების მართვაში და უფრო მდგრადი პროექტების შექმნაში.

როგორ ხედავთ Pontus Capital-ის როლს ქვეყნის ეკოსისტემაში მომდევნო 5-10 წელიწადში? რა არის თქვენი მისია?

მომდევნო 5-10 წელიწადში Pontus Capital-ს ვხედავ გრძელვადიან საინვესტიციო და დეველოპერულ პლატფორმად, რომელიც საქართველოში ქმნის ხარისხიან პროექტებს და ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის რეალიზებას.

ჩვენი მისიაა, საქართველოში მოვიზიდოთ კაპიტალი, ცოდნა, საერთაშორისო პარტნიორები და ისეთი ბრენდები, რომლებიც ქვეყანას ახალ დონეზე წარმოაჩენს. გვინდა, რომ პროექტები არ იყოს მხოლოდ კომერციული უძრავი ქონება, ისfინი უნდა ქმნიდეს ახალ სამუშაო ადგილებს, აძლიერებდეს ტურიზმს, ზრდიდეს ქვეყნის საინვესტიციო ნდობას და აჩვენებდეს, რომ შესაძლებელია დიდი, ხარისხიანი და გრძელვადიანი პროექტების განხორციელება.

მომდევნო წლებში კი Pontus Capital-ის მიზანია, განავითაროს ძლიერი სასტუმრო, საკურორტო და საინვესტიციო პროექტები როგორც ზღვის, ისე მთისა და ქალაქის მიმართულებით. გვინდა, რომ Pontus-ი ასოცირდებოდეს ხარისხთან, პასუხისმგებლობასთან და ისეთ პროექტებთან, რომლებიც რეალურ ღირებულებას ქმნის ქვეყნისთვის.