მსოფლიო ბანკი COVID-19-ის ვაქცინების შესაძენად და გასანაწილებლად 12-მილიარდიან დახმარებას 20 მილიარდ დოლარამდე ზრდის. ბანკის პრეზიდენტ დევიდ მალპასის განცხადებით, ვაქცინაციის ხელშეწყობისათვის 51 განვითარებად ქვეყანას უკვე გადაეცა 4 მილიარდი დოლარი, სამომავლოდ ფინანსური დახმარება კი დამატებით 25 ქვეყანაზე გავრცელდება.
ფინანსური დახმარების გაზრდის მიზეზად განვითარებად ქვეყნებში გართულებული ვაქცინაციის პროცესი სახელდება. აღსანიშნავია, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისის საპასუხოდ, განვითარებადი ქვეყნებისათვის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკმა (IBRD) და საერთაშორისო განვითარების ასოციაციამ 100 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხები გამოყო, რაც ჩვეულებრივ მაჩვენებელზე 60 მილიარდით მეტია.
მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დიდი ოცეულის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, ხელი შეუწყონ 2021 წლის ბოლოსთვის მოსახლეობის 40%-ის ვაქცინაციას, ხოლო 2022 წლის ივნისამდე – 60%-ის. საერთო განცხადებით, G20-ის წევრ ქვეყნებს ასევე მოუწოდეს წლის ბოლომდე განვითარებადი ქვეყნებისათვის 1 მილიარდი ვაქცინის გამოყოფისკენ, ვაქცინაციის მიწოდების ბარიერების აღმოფხვრის ხელშეწყობისა და დაფინანსების ზრდისკენ.
ამას გარდა, მალპასი აღნიშნავს ვაქცინაციასთან დაკავშირებული კონტრაქტებისა და დისტრიბუციის საკითხების გამჭვირვალობის მნიშვნელობას. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ქვეყნებს შეეძლებათ, ვაქცინის დოზები COVAX-იდან, AVATT-იდან და სხვა წყაროებისგან შეიძინონ.