მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ, საქართველოსთვის, $35 მილიონის ინვესტიცია დაამტკიცა. ინვესტიცია „ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისთვის ელექტროკავშირისა და განახლებადი ენერგიის“ (ESPIRE) პროგრამის პირველი ფაზის დაფინანსებისთვის გამოიყოფა.
ESPIRE Program-ი სამი ეტაპისგან შედგება, $500 მილიონის პოტენციური დაფინანსებით, რომელიც მიზნად შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარებისთვის საქართველოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესებას, საქართველოს ელექტროგადამცემი სისტემის გაძლიერებასა და სამხრეთ კავკასიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას შორის პირდაპირი ელექტროკავშირის დამყარებას ისახავს. ამასთან ერთად კი, პარალელური ციფრული კავშირი შეამცირებს ინტერნეტის ხარჯებს, გააუმჯობესებს გამტარუნარიანობას და, ზოგადად, გააძლიერებს საერთაშორისო ციფრულ დაკავშირებას შავი ზღვის მასშტაბით.
ESPIRE-ის პროგრამა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის (BSSC) პროექტის მომზადების შემდგომი ეტაპების მხარდასაჭერადაა შექმნილი. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი შავი ზღვაში ელექტროენერგიისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი პარალელური წყალქვეშა კაბელის კავშირების განვითარებას ითვალისწინებს და საქართველოსა და რუმინეთს აკავშირებს.
„ESPIRE-ის პროგრამა წამყვან როლს ითამაშებს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული და ამბიციური ენერგეტიკული და ციფრული კავშირის ინიციატივის განხორციელებაში“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ESPIRE-ის პროგრამის პირველი ნაწილია. საწყისი ფაზის ფარგლებში შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის (BSSC) პროექტისთვის შესაფერისი დერეფანი შეირჩევა და დაიწყება პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები, მათ შორის: შავი ზღვის ფსკერის კვლევა და გეოტექნიკური გამოკვლევები. პროექტის ხელშესაწყობად, ბანკის რეკომენდაციით, მთავრობათაშორისი კოორდინაციისა და პროექტში მონაწილე სხვა ქვეყნებთან ერთად შეთანხმებული გადაწყვეტილებების მისაღწევად, ადეკვატური ინსტიტუციური მექანიზმიც უნდა შეიქმნას.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველო და სხვა მონაწილე ქვეყნები საბოლოოდ შეთანხმდებიან BSSC-ის პროექტის განხორციელებაზე, პარალელურად დაიწყება პროექტის მეორე ფაზის დაფინანსებაც. მეორე ეტაპზე საქართველოსა და პოტენციურად სხვა ქვეყნებშიც, სახმელეთო გადამცემი ქსელის გაძლიერება დაფინანსდება, რაც გადამწყვეტი საკითხია წყალქვეშა საკაბელო სისტემის მეშვეობით ელექტროენერგიის გაცვლისთვის. მესამე ეტაპზე კი თავად წყალქვეშა კაბელის მშენებლობის დაფინანსება მოხდება.
ESPIRE MPA-პროგრამა მსოფლიო ბანკის გლობალური გამოწვევის პროგრამების ნაწილია, „ენერგეტიკული გადასვლის, ეფექტიანობისა და ხელმისაწვდომობის“ და „დიგიტალიზაციის დაჩქარების” მიმართულებით. პროგრამა შესაბამისობაშია საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის გაფორმებულ საქართველოს 2025-2029 წლების პარტნიორობის დოკუმენტთან, რომელიც ფოკუსირებულია ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდასა და კონკურენტუნარიანობაზე, კავშირებისა და ინტეგრაციის გაუმჯობესებაზე.