გერმანიის მიერ უკრაინისათვის გამოყოფილი სამხედრო დახმარება €3.8 მილიარდით გაიზრდება

გერმანიის მიერ უკრაინისათვის გამოყოფილი სამხედრო დახმარება €3.8 მილიარდით გაიზრდება

Reuters-ის ინფორმაციით, გერმანია უკრაინისათვის გამოყოფილ სამხედრო დახმარებას კიდევ €3.8 მილიარდით გაზრდის. გერმანული გაზეთის, Bild-ის თანახმად, ქვეყანამ წელს კიევისთვის €7.1 მილიარდის მოცულობის შეიარაღება და აღჭურვილობა გამოყო, თუმცა დაფინანსების დიდი ნაწილი უკვე ათვისებულია. შესაბამისად, მხარდაჭერის გასაძლიერებლად, დაფინანსების გაზრდის საჭიროება დადგა.

„თუ გვინდა, გავაკეთოთ უფრო მეტი, დაგვჭირდება უფრო მეტი ფული,“ – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა.

Bild-ის ინფორმაციით, მეტი დაფინანსების გამოყოფის მოთხოვნით თავდაცვის მინისტრმა ფინანსთა მინისტრს მიმართა, რომელიც მას მხარს უჭერს. თუმცა დაფინანსების გაზრდაზე საბოლოო ნებართვას გერმანიის პარლამენტი ივნისში უყრის კენჭს. როგორც ცნობილია, თავდაცვის მინისტრმა გერმანიის 2025 წლის ბიუჯეტიდან დამატებით 15 მილიარდი ევრო მოითხოვა უკრაინის დახმარების პაკეტის შესადგენად.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლელ პარტნიორებს შეიარაღების მიწოდების დაჩქარებას აქტიურად სთხოვს. ფრონტის ხაზზე არასახარბიელო სიტუაციის გამო უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები სჭირდება. თუმცა სხვადასხვა სახელმწიფოში შიდაპოლიტიკურ აზრთა სხვადასხვაობის გამო პროცესები ჭიანურდება.