FT: ევროკავშირის ქვეყნები „რუსული კანონის“ გამო საქართველოსთვის სანქციების დაწესებას განიხილავენ

FT: ევროკავშირის ქვეყნები „რუსული კანონის“ გამო საქართველოსთვის სანქციების დაწესებას განიხილავენ

გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, მათ შორის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს. სანქციები მთავრობის მხრიდან ე.წ. „აგენტების კანონის“ მიღების შემთხვევაში დაწესდება.

FT-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს, ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, უარყო ბრიუსელის გაფრთხილება და მის გადაწყვეტილებაზე გავლენა არც ქვეყანაში მიმდინარე რამდენიმეთვიანმა საპროტესტო აქციებმა იქონია. მთავრობამ მესამე მოსმენით მაინც მიიღო საკამათო კანონი, რომელიც მედიასა და უფლებადამცველ ჯგუფებს, სხვა ქვეყნების ინტერესის გამტარებელ ორგანიზაციებად დარეგისტრირებას ავალდებულებს.

ევროკავშირის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც საქართველოსთვის სანქციების დაწესებას განიხილავენ, არიან ნიდერლანდები, ესტონეთი, შვედეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა. გამოცემის ინფორმაციით, საკითხის განხილვა მომდევნო კვირას, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას იგეგმება. განსახილველ საკითხებს შორისაა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის გაუქმება, მიზანმიმართული სანქციები და ევროკავშირში აქტივების გაყინვა.

ეს იქნება შესაბამისი ზომები, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნები საქართველოს მთავრობაზე ზეწოლისთვის გამოიყენებენ – იტყობინება Financial Times-ი. სტატიის მიხედვით, ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოს მთავრობა არაერთგზის გააფრთხილეს, რომ ე.წ. „აგენტების კანონის“ მიღება ქვეყანას ევროკავშირისგან დააშორებს.