მსოფლიო მილიარდერთა სიას 2021 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი პიროვნება შეემატა

მსოფლიო მილიარდერთა სიას 2021 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი პიროვნება შეემატა

მიუხედავად მზარდი ინფლაციის შიშისა და კოვიდ-19-ის ახალ ვარიანტებთან დაკავშირებული შეზღუდვებისა, 2021 წელს საფონდო ბირჟა ზრდას საკმაოდ აქტიური ტემპებით განაგრძობდა. S&P 500 და Dow Jones-ის ინდუსტრიული საშუალო მაჩვენებელი წელს ორნიშნა პროცენტით გაიზარდა, რამაც არაერთი ახალი მილიარდერის გამოჩენასაც შეუწყო ხელი. ამ პროცესში დიდი წვლილი კრიპტოვალუტების ბუმმაც შეიტანა.

საერთო ჯამში კი, ყველა გარემოების გათვალისწინებით, Forbes-ის სიაში 2021 წელს 400 ახალი მილიარდერი გამოჩნდა. მათი მთლიანი ქონება 17 დეკემბრის მონაცემებით 1 ტრილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა. ამ სტატიაში Forbes Georgia რამდენიმე მნიშვნელოვანი ახალბედა მილიარდერის ისტორიას გაგიზიარებთ.

ყველაზე მდიდარი ახალბედა მილიარდერი კაზინოების მაგნატის, შელდონ ადელსონის ქვრივი გახლავთ. მემკვიდრეობით მიღებული ქონების მოცულობამ 27 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მირიამ ადელსონი ერთ-ერთი გახლავთ იმ 60 ქალბატონიდან, რომლებიც 2021 წელს მილიარდერები გახდნენ.

2021 წელს მილიარდერების სიას შეუერთდა ბილ გეიტსის უკვე ყოფილი მეუღლე, მელინდა გეიტსი. განქორწინების შემდეგ მელინდამ 6 მილიარდი აშშ დოლარის ქონება მიიღო და ამაყად შეუერთდა ამერიკელი ქალი მილიარდერების ღირსეულ სიას.

თუმცა, ალბათ კიდევ უფრო საინტერესოა იმ მილიარდერი ქალების  ჩამონათვალი, რომლებმაც მილიარდები თავად გამოიმუშავეს. ერთ-ერთი ასეთი, ყველასათვის ცნობილი და პოპულარული პოპვარსკვლავი რიანა გახლავთ. რიანა 2021 წელს არა მხოლოდ მილიარდერი, არამედ ყველაზე მდიდარი მომღერალი ქალიც გახდა. იგი საკუთარი კოსმეტიკის ბრენდის, Fenty Beauty-ის 50%-იანი წილის მფლობელია და მისი ქონება 1.7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. გარდა ამისა, ის პირველი ბარბადოსელი მილიარდერიცაა.

2021 წელს მილიარდერთა სიას კიდევ ერთი პოპვარსკვლავი – კიმ კარდაშიან ვესტი შეუერთდა მას შემდეგ, რაც ცნობილ ჰიპ-ჰოპ-არტისტ კანიე ვესტს დაშორდა. მისი ქონება 17 დეკემბრის მონაცემებით 1.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

მიმდინარე წელს მილიარდერი გახდა კიდევ ერთი ქალი, დიზაინერული პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმის, Canva-ს 18%-იანი წილის მფლობელი, მელანი პერკინსი. მისმა ქონებამ წელს 6.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

საინტერესოა, რომ ყველაზე მეტი მილიარდერი ჩინეთში გაჩნდა და მათმა რაოდენობამ 160-ს მიაღწია. შემდეგ მოდის შეერთებული შტატები 100 ახალი მილიარდერით. მესამე და მეოთხე ადგილზე კი ინდოეთი და გერმანიაა 20-20-ზე მეტი ახალბედა მილიარდერით.

აუცილებლად აღსანიშნავია ისიც, რომ ბარბადოსის მსგავსად საკუთარი პირველი მილიარდერები კიდევ სამ ქვეყანას შეემატა. ბულგარეთში ასეთები ძმები კირილ და გიორგი დომუშიევები გახდნენ, რომელთა ქონებაც ჯამურად 4.2 მილიარდ დოლარს უტოლდება. პირველი მილიარდერი ჰყავს ესტონეთსაც. ვალუტის გაცვლის სატრანსფერო მომსახურების დამფუძნებლები კრისტო კაარმანი და ტაავეტ ჰინრიკუსი მილიარდერები მას შემდეგ გახდნენ, რაც საკუთარი აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსეს. საინტერესოა, რომ ურუგვაიში წელს ერთბაშად სამი ახალი მილიარდერი გაჩნდა.

2021 წლის ახალბედა მილიარდერების 50% სამ მთავარ ინდუსტრიაში: წარმოებაში, ტექნოლოგიურ და ფინანსურ სექტორებში საქმიანობენ. მილიარდერთა სიას შეემატა კრიპტოინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიროვნება ვიტალიკ ბუტერინიც. ბლოკჩეინპლატფორმისა და კრიპტოვალუტის, ეთერიუმის, შემქმნელის ქონება 17 დეკემბრის მოცემულობით 1.3 მილიარდ აშშ დოლარს უდრის, თუმცა ხშირად იცვლება ეთერიუმის ფასის ცვლილებასთან ერთად.

როგორც ხედავთ, ცნობილი მილიარდერების სიას კიდევ არაერთი ცნობილი სახე შეემატა და ის კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა. საინტერესოა, რომ გახშირდა თანამედროვე ინდუსტრიაში მოღვაწე პიროვნებების წინსვლაც. თავადაც ხედავთ, რომ გარდა ტრადიციული ბიზნესებისა, მილიარდერთა სიას კრიპტოინდუსტრიის, ფინტექის, პროგრამული უზრუნველყოფისა და სხვა საინტერესო ინდუსტრიების წარმომადგენლებიც უერთდებიან. თუმცა კიდევ უფრო საინტერესოა, რა პროგრესი ექნებათ მათ 2022 წელს.