მსოფლიოში პირველად, ევროკავშირში CO2-ის ემისიის ტარიფი დაინერგება

მსოფლიოში პირველად, ევროკავშირში CO2-ის ემისიის ტარიფი დაინერგება

ევროკავშირის ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს ბლოკის გადაწყვეტილებას, რომელიც დაბინძურებული საქონლის იმპორტისთვის, ნახშირორჟანგის ემისიებზე ტარიფის დაწესებას ითვალისწინებს. როგორც ცნობილია, მსოფლიოში პირველი CO2-ის ემისიის ტარიფი ევროკავშირში 2026 წლისთვის დაინერგება.

ორგანიზაციის ახალი გეგმის შესახებ დამატებითი დეტალები მოლაპარაკებების შედეგად დაზუსტდება. ევროკავშირს სურს, რომ 2026 წლისთვის გადასახადი დაწესდეს ფოლადის, ცემენტის, სასუქების, ალუმინისა და ელექტროენერგიის იმპორტზე. გადაწყვეტილების მიზანია, ევროპული ინდუსტრია სუსტი გარემოსდაცვითი წესების მქონე ქვეყნებში წარმოებული იაფი საქონლით ჩანაცვლებისგან დაიცვას.

ევროპარლამენტი საკუთარი პოზიციის დადასტურებას ივლისისთვის გეგმავს. შესაბამისად, პარლამენტსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის საბოლოო წესებზე მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ზაფხულის შემდგომ დაიწყება. გარდა ამისა, ევროკავშირის ნახშირბადის ბაზრის რეფორმებზე ცალკეული შეხვედრებისას გადაწყდება არსებული უტარიფო წესდების ეტაპობრივი მოხსნის საკითხიც.

ნახშირორჟანგის ემისიებზე ტარიფის დაწესება კლიმატურ კრიზისთან ბრძოლისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. ევროკავშირის გადაწყვეტილება არის ორგანიზაციის კლიმატურ ცვლილებასთან ბრძოლის პოლიტიკის ნაწილი, რომლის მიზანიც 2030 წლისთვის, 1990 წლის დონესთან შედარებით, ემისიების 55%-ით შემცირებაა.