„მთავრობა საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯებს ვერ აკავებს“ - რამდენს ვხარჯავთ ამ სახელმწიფო პროგრამაზე?

„მთავრობა საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯებს ვერ აკავებს“ - რამდენს ვხარჯავთ ამ სახელმწიფო პროგრამაზე?

ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებიდან ყველაზე მეტი თანხა საყოველთაო ჯანდაცვაზე იხარჯება. 2020 წელს 802 მლნ ლარი დაიხარჯა, ხოლო 2021 წელს 800 მლნ ლარია გამოყოფილი. ამის შესახებ ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე თავის ბლოგში წერს.

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს საყოველთაო ჯანდაცვაზე 338 მლნ ლარი დაიხარჯა. ბესო ნამჩავაძის თქმით, მას შემდეგ, საყოველთაო ჯანდაცვა თანდათან არასაყოველთაო გახდა, მოსახლეობის გარკვეული ჯგუფები გამოაკლდა (მაგალითად, კერძო დაზღვევის მქონეები ვეღარ სარგებლობენ), თუმცა მისი დაფინანსება წლიდან წლამდე მაინც იზრდება. „შეიძლება ითქვას, რომ მთავრობა საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯებს ვერ აკავებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიზნით ბოლო წლებში რამდენიმე რეგულაცია შეიმუშავა. სამწუხაროდ, საქართველოში არ ჩატარებულა კვლევები, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობას შეისწავლიდა“, – აღნიშნულია ბლოგში.

ბესო ნამჩავაძის მოსაზრებით, ჯანდაცვის ხარჯების ზრდას სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების გაძვირებაც განაპირობებს. საქსტატის მონაცემებით, 2013 წლის დასაწყისიდან 2021 წლის თებერვლამდე ჯანმრთელობის დაცვა 58%-ით გაძვირდა.

რაც შეეხება უფრო ადრე პერიოდს, მაგალითად, 2003 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯანდაცვაზე 10.3 მლნ ლარი დაიხარჯა. 2004 წლიდან ყოველწლიურად იზრდებოდა და 2010-ში 415 მლნ-ს მიაღწია. 2011-2012 წლებში შემცირდა. 2014 წლიდან ისევ ყოველწლიურად იზრდებოდა ჯანდაცვის ხარჯები და 2020 წელს 1,805 მლნ ლარს მიაღწია. „თავდაპირველად, 2020 წლისთვის ჯანდაცვის დაფინანსებაზე 1,134 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, მაგრამ კორონავირუსის გავრცელებამ და საყოველთაო ჯანდაცვაზე თანხის დაკლებამ საბოლოოდ ჯანდაცვის ხარჯი 671 მლნ ლარით გაზარდა“, – აღნიშნულია ნამჩავაძის ბლოგში.

2021 წლისთვის ჯანდაცვისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში 1,665 მლნ ლარია გამოყოფილი, მაგრამ ნამჩავაძის მოსაზრებით, სავარაუდოდ, ეს თანხა საკმარისი არ იქნება, რადგან 22 მარტის მდგომარეობით პირველი კვარტალის გეგმაზე 112 მლნ ლარით მეტი იყო დახარჯული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *