ვის რამდენი ექიმი ჰყავს? - საქართველო მსოფლიო დონეზეც კი გამორჩეულია

ვის რამდენი ექიმი ჰყავს? - საქართველო მსოფლიო დონეზეც კი გამორჩეულია

ექიმების რაოდენობით საქართველო მსოფლიო დონეზეც კი გამორჩეულია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში ყოველ 1000 ადამიანზე 7.1 ექიმი მოდიოდა და ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მე-2 ადგილზე იყო, მხოლოდ კუბას ჩამორჩებოდა. ამის შესახებ ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე თავის Forbes-ბლოგში წერს. მას განვითარებული ქვეყნების მაგალითი მოჰყავს, სადაც ყოველ 1000 მოსახლეზე 2.5-დან 5-მდე ექიმი მოდის. თურქეთში კი 1000 მოსახლეზე 1.8 ექიმი მოდის, თუმცა ქვეყანა სამედიცინო მომსახურების ხარისხით გამორჩეულია.

ბესო ნამჩავაძე აღნიშნავს, რომ 2019 წლის ბოლოს საქართველოში ექიმებისა და ექთნების ჯამური რაოდენობა 51,359 იყო. ოფიციალურ სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, სპეციალიზაციის მიხედვით, ყველაზე მეტნი ქირურგები არიან – 2,648. შემდეგ მოდიან სტომატოლოგები (2,435 ექიმი), რადიოლოგები (2,026), მეან-გინეკოლოგები (1,812), პედიატრები (1,563) და თერაპევტები (1,248). 2013 წლიდან ყველაზე მეტად ქირურგებისა (1,178-ით) და რადიოლოგების (1,007-ით) რაოდენობა გაიზარდა.

ნამჩავაძის ბლოგის მიხედვით, 2013 წლიდან საქართველოში ექიმების (იგულისხმება დასაქმებული ექიმები) რაოდენობა ყოველწლიურად იზრდებოდა, 2019 წლის ბოლოს კი 31,746 ექიმი იყო დასაქმებული. „ბოლო წლებში ექთნების რაოდენობაც გაიზარდა და 2019 წელს 19,613-ს მიაღწია, თუმცა ექიმების რაოდენობას ბევრად ჩამორჩება. 2013-2019 წლებში ექთნების რაოდენობა 39%-ით გაიზარდა (როცა ექიმების 64%-ით) და კიდევ უფრო ჩამორჩა ექიმების რაოდენობას. ყოველ 100 ექიმზე 62 ექთანი მოდის, რაც არანორმალური სიტუაციაა“, – ამბობს ეკონომისტი და დასძენს, რომ, მაგალითად, OECD-ის 2017 წლის მონა­ცემების მიხედვით, იაპონიაში, ფინეთსა და დანიაში 100 ექიმზე 460 ექთანი მოდიოდა, შვეიცარიაში – 430, აშშ-ში – 410, ნორვეგიაში – 390, გერმანიაში – 320, პოლონეთსა და რუსეთში – 220, ლიეტუვასა და ესტონეთში – 180, ჩინეთსა და თურქეთში – 130 და ა.შ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *