მთავრობამ აუქციონზე გატანილი ცხრა ქონებიდან მხოლოდ ერთი გაყიდა

მთავრობამ აუქციონზე გატანილი ცხრა ქონებიდან მხოლოდ ერთი გაყიდა

საქართველოს მთავრობამ აუქციონზე გატანილი ცხრა ქონებიდან მხოლოდ ერთის გაყიდვა მოახერხა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, გაიყიდა შპს ,,თბილისის N1 სტომატოლოგიური პოლიკლინიკის” 100%-იანი წილი. აუქციონში მონაწილეობა ერთმა პრეტენდენტმა მიიღო და გაყიდული ობიექტის ღირებულებამ 268 ათასი ლარი შეადგინა.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებებს შორის იყო „რიყის დოქებიც“, რომელიც ვერც ამჯერად გაიყიდა. ეს ამ ობიექტის აუქციონის ჩავარდნის უკვე მესამე შემთხვევაა. პირველი აუქციონი 2020 წლის გაზაფხულზე გამოცხადდა, მაშინ „რიყის დოქების“ ღირებულება 95 მილიონ ლარს შეადგენდა. აუქციონის ჩაშლიდან ერთ წელში მთავრობამ გასაყიდად ობიექტი 23.75 მილიონით უფრო იაფად გამოიტანა, თუმცა ინვესტორთა  დაინტერესება მას არც ამჯერად გამოუწვევია.  მესამედ კი ეს ობიექტი გუშინ, საპრივატიზაციოდ პროგრამა “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” ფარგლებში გამოვიდა, ამჯერადაც უშედეგოდ.

საინვესტიციო პირობის თანახმად, ობიექტის შემძენს ადგილზე 36 თვის ვადაში, მინიმუმ 10 მილიონი ლარის ინვესტიციის შედეგად, მრავალფუნქციური კომპლექსი უნდა მოეწყო.

ცნობისთვის, მთავრობა მის საკუთრებაში არსებული მცირე ზომის სახელმწიფო კომპანიების უფუნქციო აქტივებს ყიდდა. აუქციონი ორი დღითაც კი იყო გახანგრძლივებული. ამის მიზეზი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განცხადების თანახმად, გახდა ტექნიკური ხარვეზი, რამაც ობიექტების შეძენის მსურველებს ტრანზაქციების განხორციელებაში შეუშალა ხელი. საპრივატიზაციოდ გამოტანილი კომპანიების სია და მათი საწყისი ფასი კი ასე ნაწილდებოდა:

  • შპს “ზუგდიდის ფარმაცია” 100% წილი; ობიექტის საწყისი ფასი – 306,000 ლარი;
  • შპს ,,დეზინფექციის, დეზინსექციის დერატიზაციისა და სტერილიზაციის სპეციალიზებული ეპიდზედამხედველობის ცენტრის” 100% წილი; ობიექტის საწყისი ფასი – 246,000 ლარი;
  • სს „ცეკავშირის ზუგდიდის სასურსათო კომბინატის“ 51%-იანი წილი; ობიექტის საწყისი ფასი – 1,014,000 ლარი;
  • შპს “საზღვაო ტექსერვისის” 100% წილი; ობიექტის საწყისი ფასი – 2,263,800 ლარი;
  • სს ,,ხაშურის მინის ტარა” კომპანიის კაპიტალის 23%-იანი წილი; ობიექტის საწყისი ფასი – 747,200 ლარი;
  • შპს „დემეტრე 96“-ის 100%-იანი წილი; ობიექტის საწყისი ფასი – 3,921,000 ლარი;
  • შპს „თერმული წყლების“ 100%-იანი წილი; ობიექტის საწყისი ფასი – 1,511,000 ლარი;
  • შპს უნიონის 20 % წილი. ობიექტის საწყისი ფასი – 399,000 ლარი.
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *