მთავრობის საინვესტიციო ლუსტრაცია

მთავრობის საინვესტიციო ლუსტრაცია

გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ინსტიტუციური რეფორმები და გადაწყვეტილებები, რომლებიც მას დასავლური დემოკრატიის სტანდარტებთან დააახლოებს და უცხოელ ინვესტორებს ბიზნესის ამ ქვეყანაში გადმოტანის სტიმულს შეუქმნის.

დემოკრატიაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეგულაციური გარემოს შესაბამისობა დემოკრატიის სტანდარტებთან, არამედ პროცედურები, რომლებითაც მთავრობა იღებს გადაწყვეტილებებს. სწორედ ეს უზრუნველყოფს დემოკრატიისა და საინვესტიციო გარემოს სტაბილურობასა და განჭვრეტადობას. მოქალაქემ და ინვესტორმა უნდა იცოდეს, რომ მთავრობა არ მიიღებს ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გააუარესებს მის უფლებრივ მდგომარეობას. დემოკრატიული სტანდარტით გადაწყვეტილების მიღების პროცესი გამჭვირვალე და პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს.

ცალკეულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებები და დემოკრატიული სტანდარტების დაცვის მდგომარეობა ხშირად იძლევა საშუალებას, მთავრობის მიდგომები განზოგადდეს, რაც უარყოფითად ცვლის ინვესტორთა ქცევას და აუარესებს ქვეყნის დემოკრატიულ და საინვესტიციო გარემოს.

ბოლო პერიოდში ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით, აგრეთვე ელექტრონული კომუნიკაციებისა და ენერგეტიკის კანონმდებლობაში დაჩქარებული და გაუმჭვირვალე წესით მიღებული გადაწყვეტილებები არის სახიფათო გზავნილები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისა და ინვესტორებისთვის. ეს გადაწყვეტილებები არ იყო დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი, რაც შესაძლოა გადაითარგმნოს საქართველოში დემოკრატიისა და საინვესტიციო გარემოს გაუარესებად.

ელექტრონული კომუნიკაციების კანონში შეტანილი ცვლილებები სერიოზულ კითხვის ნიშნებს წარმოშობს კონსტიტუციით დაცული საკუთრებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებების თვალსაზრისით. ეს უფლებები პრაქტიკულად სრულად და ხანგრძლივი დროით შეიძლება შეიზღუდოს გონივრული დასაბუთებისა და საჭიროების გარეშე, ისე რომ დაცული არ იყოს გონივრული ბალანსი ჩადენილ ქმედებასა და კომისიის მიერ გამოყენებულ სანქციას შორის. რაც ყველაზე საგანგაშოა, კომისიების გადაწყვეტილებები არ ექცევა ეფექტიანი სასამართლო კონტროლის ქვეშ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მოამზადა, ხოლო საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტს 2020 წლის 1 ივლისს წარუდგინა კანონპროექტი “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“. ამ პროექტით კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას საკუთარი შეხედულებისამებრ, სასამართლოს ეფექტიანი კონტროლის გარეშე მიენიჭა უფლებამოსილება, ოპერატორ კომპანიაში დანიშნოს სპეციალური მმართველი.

ცვლილებების შესაბამისად, სამ საკითხთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიენიჭა სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებამოსილება.

ეს საკითხებია:

(ა) შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის გასხვისების ტრანზაქციები; (ბ) ოპერატორის კომუნიკაციების ქსელებთან დაშვება; (გ) ქსელებთან დაშვების სატარიფო რეგულირება.

აღნიშნულ საკითხებზე ოპერატორის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან დავის არსებობის შემთხვევაში კომუნიკაციების კომისია მისი მანდატის ფარგლებში უფლებამოსილია, ოპერატორი კომპანიის მიმართ გამოიყენოს სხვადასხვა ღონისძიება და სანქცია. სანქციების მეშვეობით დასახელებული სამი საკითხის გადაუწყვეტელობის შემთხვევაში კომისიას მიენიჭა უფლება, დანიშნოს სპეციალური მმართველი საკმაოდ ფართო უფლებამოსილებებით.

კომუნიკაციების კომისიის მიერ დანიშნულ სპეციალურ მმართველს უფლება აქვს:

(ა) შეცვალოს ოპერატორი კომპანიის მენეჯმენტი,

(ბ) კომპანიის აქციონერებს არ მისცეს დივიდენდი და პრემია,

(გ) დანიშვნამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში დადებული კონტრაქტების ბათილობის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს, თუკი ის პერსონალურად, ყოველგვარი სტანდარტის გარეშე მიიჩნევს, რომ ოპერატორი კომპანიის მიერ დადებული გარიგებით ზიანი მიადგა ან ადგება ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების/ლიცენზიის მფლობელების, მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს,

(დ) შეასრულოს ოპერატორი კომპანიის მმართველობითი ორგანოს (მაგ.: აქციონერთა კრება, პარტნიორთა კრება, სამეთვალყურეო საბჭო, დირექტორატი) სხვა ნებისმიერი უფლებამოსილება.

ამ უფლებამოსილებების მინიჭება კომუნიკაციების კომისიის მიერ დანიშნული სპეციალური მმართველისთვის ნიშნავს კომპანიის, ინვესტიციებისა თუ აქტივის ექსპროპრიაციას, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციით, აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ საკუთრების უფლებას. მით უმეტეს, რომ საქართველოს პარლამენტმა მიღებულ კანონში სპეციალურად მიუთითა, რომ სპეციალური მმართველის დანიშვნის თაობაზე კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებაზე სასამართლოს მიერ სარჩელის მიღება ამ გადაწყვეტილების აღსრულებას ვერ შეაჩერებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლო სხვაგვარად გადაწყვეტს.

საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით რომელიმე საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილების (მაგ.: ჯარიმა, ლიცენზიის გაუქმება) სასამართლოში გასაჩივრება იწვევს მის შეჩერებას დავაზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის დრომდე. ელექტრონული კომუნიკაციების კანონში შეტანილი ცვლილებებით სწორედ ეს სტანდარტი შეცვალა საუარესოდ საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ, რამაც აზრი დაუკარგა კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების კანონიერებაზე სასამართლო დავის წარმოებას, ფიქციად აქცია საქართველოს კონსტიტუციით, აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციით დაცული სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის უფლება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონი მიღებულია 2005 წელს და 2020 წლის 1 ივლისამდე კომუნიკაციების კომისიის მხრივ არასდროს დასმულა ოპერატორთა მიმართ სანქციების არაეფექტიანობისა და აღსრულების უკიდურესად მძიმე ჩარევის, სპეციალური მმართველის დანიშვნის საჭიროების საკითხი.

შემაშფოთებელია, რომ მთავრობა და კომუნიკაციების კომისია კანონპროექტის განმარტებით ბარათში არ მალავენ და ღიად უთითებენ, რომ ეს ცვლილებები საჭიროა ერთი კონკრეტული ოპერატორი კომპანიის მიმართ ღონისძიებების გასატარებლად. “პრაქტიკაში არის შემთხვევები, როცა კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება დაკავშირებულია ადრესატის უშუალო ქმედებასთან და მხოლოდ მას შეუძლია მისი აღსრულება და აღსრულების ყველა სხვა საშუალება არაეფექტურია. მაგალითად, ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიერ მისი პირდაპირი ან არაპირდაპირი წილების/აქციების კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გაყიდვის შემთხვევაში (რაც აკრძალულია და ბათილია “ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის 25-ე – 27-ე მუხლების მიხედვით), კომისია უფლებამოსილია, ავტორიზებულ/ ლიცენზიის მფლობელ პირს მოსთხოვოს კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე განხორციელებული ტრანზაქციის შებრუნება და წილის/ აქციის გასხვისებამდე არსებული პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა“. – მითითებულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. ეს გარემოება, რომ კანონის ცვლილება და კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილების გაფართოება კონკრეტული კომპანიის, “კავკასუს ონლაინის“ მიმართ განხორციელდა, 17 ივლისს დაადასტურა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემაც.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონი ოპერატორი კომპანიის შერწყმის ან ამ კომპანიის აქციების/ წილის გასხვისებისას ოპერატორ კომპანიას ეკისრება ამ ტრანზაქციის შესახებ კომპანიისთვის ინფორმაციის წინასწარ შეტყობინების ვალდებულება. კანონი ცხადად უთითებს, თუ ვისზე და რა ტრანზაქციაზე ვრცელდება ეს ვალდებულება. “შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება“. – აღნიშნულია “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში. კანონის ამ ფორმულირებიდან ჩანს, რომ შეტყობინების ვალდებულება წარმოიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ხდება ოპერატორი კომპანიის შერწყმა სხვა კომპანიასთან ან უშუალოდ ამ ოპერატორი კომპანიის აქტივის, წილის ან აქციის, ანუ ე.წ. “მშობელი კომპანიის“ ცვლილება. ავტორიზებულ ოპერატორ კომპანიას კანონით მხოლოდ ამ ორ შემთხვევაში აქვს კომუნიკაციების კომისიისთვის შეტყობინების მიწოდების ვალდებულება. სწორედ ამ, ერთი შეხედვით მარტივ, საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობდა ხანგრძლივი დავა კომისიასა და “კავკასუს ონლაინს“ შორის და ამ დავის “ეფექტიანად და სწრაფად“ გადაწყვეტის დამატებითი ბერკეტის მოპოვებისთვის მიიღო პარლამენტმა ბოლო ცვლილებები. კომუნიკაციების კომისია ფართოდ განმარტავდა კანონის ნორმას და თვლიდა, რომ ინფორმირებისა და თანხმობის მიღების ვალდებულება ვრცელდება არა მხოლოდ “მშობელი კომპანიის“ ცვლილებაზე, არამედ “მშობელი კომპანიის“ “მშობელი კომპანიის“, ე.წ. “ბებია კომპანიის“ ცვლილებაზეც, რაც არასწორია. კომისიის ამ არასწორი ინტერპრეტაციისა და დაკისრებული ჯარიმების თაობაზე ოპერატორს აქვს სასამართლო დავის წარმოების უფლება. კანონის ბოლო ცვლილებების მთავარი საფრთხე ის არის, რომ ინტერპრეტაციის სისწორეზე სასამართლო დავის არსებობის მიუხედავად, კომუნიკაციების კომისიას მიეცა უფლებამოსილება, არ დაელოდოს სასამართლო დავის დასრულებას და თვითონვე, სპეციალური მმართველის დანიშვნით, ისე აღასრულოს საკუთარი გადაწყვეტილება, რა მნიშვნელობითაც მოახდინა ინტერპრეტაცია. ბუნებრივია, ამ პირობებში სასამართლო დავის წარმოება აზრს კარგავს, რადგან ოპერატორმა კიდევაც რომ მოიგოს სასამართლო დავა, კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება უკვე აღსრულებული იქნება.

კომუნიკაციების დარგში სახელმწიფოს ინტერესების უგულებელყოფაზე მსჯელობა არაგონივრულად მიგვაჩნია, თუმცა შესაძლებელია ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა დემოკრატიული მექანიზმებით. ასეთი კი არაერთი არსებობს როგორც საქართველოს კონსტიტუციაში, ასევე კანონმდებლობაში. მაგალითისთვის შესაძლებელია საბანკო კანონმდებლობის გახსენება, რომლითაც კომერციული ბანკის აქციის შეძენის მსურველმა დეკლარანტმა (და არა ოპერატორმა, ბანკმა) უნდა მიმართოს მარეგულირებელს და მიიღოს თანხმობა. მარეგულირებლის თანხმობის არარსებობის პირობებში აქციების გადაცემის ტრანზაქცია ვერ დაიხურება, შესაბამისად, რაიმე მძიმე სანქციების გამოყენების საჭიროებაც არ წარმოიშვება. გონივრული იქნება, განხილვის საგნად იქცეს, რომ სპეციალური მმართველის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღოს არა ადმინისტრაციულმა ორგანომ, კომუნიკაციების კომისიამ, არამედ ამ ორგანოს ინიციატივით გადაწყვეტილება მიიღოს სასამართლომ.

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, მთავრობისა და პარლამენტის ერთობლივი ძალისხმევით სერიოზული ზიანი მიადგა არა მხოლოდ ერთ ოპერატორს, არამედ ქვეყანას. დროა, საზოგადოების ჩართულობით მის გამოსწორებაზე ვიზრუნოთ.