მწვანე დეველოპმენტის უპირატესობა

მწვანე დეველოპმენტის უპირატესობა

2011 წლიდან 100 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია, ასეულობით დასაქმებული ადამიანი და ერთ დროს უკაცრიელი ტერიტორია, რომელიც დღეს უკვე პოპულარულ სარეკრეაციო ზონას და ჩვენ თვალწინ გაშენებულ ახალ მწვანე ქალაქს აერთიანებს – “ლისი დეველოპმენტის” სამომავლო გეგმები არსებულ შედეგებზე არანაკლებ ამბიციურია.

კონცეფცია 80/20 ქართულ დეველოპერულ სექტორში დღემდე უნიკალურია, თუმცა მას უდიდესი როლი მიუძღვის იმაში, რომ სფეროში ახალი კულტურა იბადება. მეტ-ნაკლებად გამწვანებული საცხოვრებელი გარემოს მოდური და სასარგებლო ტრენდი ჩვენს ქალაქში ფეხის მოკიდებას კიდევ უფრო დააგვიანებდა, რომ არა 2010 წელს დაფუძნებული კომპანია, რომელმაც მტკიცედ გადაწყვიტა: ტერიტორიის 20%-ს სამშენებლოდ გამოიყენებდა, დანარჩენ 80%-ს კი გამწვანებასა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მოწყობას დაუთმობდა. “ლისი დეველოპმენტი” ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც მშენებლობას ამ კონცეფციით  აწარმოებს.

ცხადია, განვითარება პირიქითაც შეეძლოთ, მაგრამ ამ კომპანიამ ქართულ დეველოპერულ ბაზარზე პირველმა თქვა, რომ სურს, შექმნას გარემო, ცხოვრების სტილი და არა უბრალოდ კვადრატული მეტრები. დღემდე კომპანია იმაზე ნაკლებს აშენებს, ვიდრე უფლება აქვს და თავის ამოსავალ პრინციპს არ ღალატობს: ნაკლები ეთმობა შენობებს და მეტი გარემოს, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს.

ეს კომპანია “ლისი დეველოპმენტია”.

როგორც “ლისი დეველოპმენტის” გენერალური დირექტორი გვიხსნის, პროექტის დასაწყისში მთავარი გამოწვევა იყო, თბილისის ცენტრიდან მოშორებული ადგილი მომხმარებლისთვის პოპულარული გამხდარიყო. “ვფიქრობ, ნამდვილი დეველოპმენტი სწორედ ეს არის. ხრიოკი საცხოვრებლად მიმზიდველ ადგილად ვაქციეთ”, – ამბობს ნოდარ ადეიშვილი.

ძნელია, ამ შეფასებას არ დაეთანხმო. დეველოპერის პირველი ფუნქცია სწორედ აუთვისებელი ადგილებისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებაა. ლოგიკურია, რომ ეს ბევრად რთული მისიაა, ვიდრე ცენტრალურ უბანში სახლის აშენება. ცენტრალური უბნები ისედაც განვითარებული და ცნობადია. თუმცა “ლისი დეველოპმენტის” მიზნები კიდევ უფრო შორსმიმავალია: “ლისი ვერანდა” თავისი არსით დიდი ქალაქის მხოლოდ ერთი უბანია. დღეს პროექტის “მწვანე ქალაქი ლისზე” – პირველ უბანში, “ლისი ვერანდაზე”, 200-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს, ორივე უბანში კი უკვე 400-ზე მეტი საცხოვრებელი სახლია რეალიზებული. მუხრან მაჭავარიანის ქუჩას, ლისის ტბისა და ვაშლიჯვრის დასახლების გავლით, პირდაპირ ამ ქალაქთან მივყავართ. დღეს ძნელია იმის წარმოდგენა, რომ ერთ დროს ეს ადგილი უკაცრიელი იყო. მთელი ტერიტორია მოვლილი, ხასხასა მწვანე ბალახით არის დაფარული. ხეები, დეკორატიული ბუჩქები – ირგვლივ ყველაფერი მწვანეა, ეკოქალაქის კონცეფციის შესაბამისად. თამამად შეიძლება ითქვას, სიმწვანესთან ერთად, მთავარი, რაც ამ გარემოს დედაქალაქის სხვა უბნებისგან გამოარჩევს, სუფთა ჰაერია. ტერიტორიასთან მიახლოებაც საკმარისია იმისთვის, რომ სისუფთავის, სიმწვანისა და ჟანგბადის დოზა მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

“ლისი დეველოპმენტის” გენერალური დირექტორი თავის კომპანიას ერთგვარ ტრენდსეტერად, ანუ ტენდენციის დამამკვიდრებლადაც მიიჩნევს. “დღეს სიტყვა “მწვანე” ძალიან მოდური გახდა დეველოპმენტში”, – ღიმილით ამბობს ნოდარ ადეიშვილი და აქვე ამატებს, რომ საქმედ ამ სიტყვას ყველაზე თვალსაჩინოდ ისევ მისი კომპანია – “ლისი დეველოპმენტი” აქცევს.

მწვანე უბნის გამწვანების გეგმა ქართველმა და იტალიელმა ლანდშაფტის სპეციალისტებმა განახორციელეს. განაშენიანება აქ პარკის ირგვლივ გაკეთდა, ე.წ. გერმანული ტიპის განაშენიანების პრინციპით. მწვანე ქალაქის პირველი პარკი 4000 მ2-ის ფართობზე გაშენდა. მცხოვრებლებს ასევე შეუძლიათ, საცურაო აუზითა და სავარჯიშო დარბაზით ისარგებლონ.

“გქონდეს შესაძლებლობა, ბავშვი ეზოში გაუშვა და თან იცოდე, რომ ის იქ უსაფრთხოდაა, თბილისში ბევრგან არაა გარანტირებული. ხშირ შემთხვევაში ცენტრალურ უბნებში ასეთი ტერიტორია მხოლოდ შენი კორპუსისა და მისი ეზოს ფარგლებს არ სცდება. აქ შეზღუდვა არ გაქვს. შეგიძლია გამოხვიდე ველოსიპედით სასეირნოდ, ბავშვი გაუშვა, ირბინო, აუზში იცურაო, ივარჯიშო”, – მთელი გატაცებით გვიხსნის ნოდარ ადეიშვილი.

ამ ეტაპზე მწვანე ქალაქში ბევრი ექიმი და სხვადასხვა რგოლის მენეჯერები ცხოვრობენ. მომხმარებელთა შორის უცხოელებიც არიან – ძირითადად ისინი, ვინც საქართველოში მუშაობს ან ამ ქვეყანას ხანგრძლივ გეგმებს უკავშირებს. ის ქართველებიც აქტიურად ყიდულობენ ბინებს, ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობს და მუშაობს, მაგრამ გარკვეულ დროს ქვეყანაში დაბრუნებას აპირებს.

როგორც ნოდარ ადეიშვილი გვიხსნის, ამ ბინების მომხმარებელი არ არის ის, ვინც პირველად ყიდულობს ბინას – უფრო ოჯახია, რომელმაც გადაწყვიტა, რომ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების დრო დადგა და ბედნიერი თანაცხოვრების ფსონს ჯანსაღ და მწვანე გარემოზე დებს. “ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი პროექტის მთავარი დამატებული ღირებულება სწორედ ის მწვანე საფარია, რომლის შექმნასა და შენარჩუნებას ძალიან დიდ ძალისხმევას ვახარჯავთ”,  ამბობს ნოდარ ადეიშვილი. მისივე თქმით, ეს ადვილი საქმე არ არის. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში კომპანიამ ის გუნდი შეკრა, რომელსაც შეუძლია, ლანდშაფტის დიზაინით დაწყებული და რეალური მებაღეობით დასრულებული, ყველა სამუშაოს წარმატებით გაართვას თავი, საჭირო კვალიფიკაციის მქონე ახალი მუშახელის დამატება არც ისე ადვილი საქმეა. ბაზარზე ასეთი კადრი ცოტაა.

ამ სირთულის მიუხედავად, დღეს “ლისი დეველოპმენტმა” მოახერხა და თავისი კონცეფცია ეფექტიან ბიზნესმიმართულებადაც აქცია. ეს სანერგე “ლისი გრინსია”, რომელიც ექსკლუზიურად იტალიიდან ჩამოტანილი მცენარეების ფართო ასორტიმენტით გამოირჩევა. “ლისი გრინსი” გარემოს გასამწვანებლად მრავალგვარ მარადმწვანე და ფოთოლმცვენ მოყვავილე ხეებსა და ბუჩქებს, იშვიათი ჯიშის ხილის ხეებს, იაპონურ ნეკერჩხალს, ლიანებს, ბონსაის, ვარდებსა და ღვიების კოლექციების გვთავაზობს. “ლისი გრინსის” პარტნიორია ცნობილი იტალიური კომპანია Innocenti & Mangoni Piante, რომელიც 1950 წლიდან წარმატებით ასპარეზობს სანერგე ინდუსტრიაში.

ჯგუფის საკუთრებაში არსებული ტერიტორია 350 ჰექტარს იკავებს, რაც სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ “მწვანე ქალაქი ლისზე” მართლაც სრულფასოვანი ქალაქი იყოს. 15 ჰექტარი უკვე სრულად განაშენიანებულია და “მწვანე ქალაქი ლისზე” ერთადერთი პროექტი არ გახლავთ, რომელიც მთელ ტერიტორიას უფრო მიმზიდველს ხდის და, რაც მთავარია, არა მხოლოდ მათთვის, ვინც მწვანე ქალაქში უკვე დაიდო ან მალე დაიდებს ბინას.

კომპანია “ლისი დეველოპმენტმა” 2012 წელს ლისის ტბის ინფრასტრუქტურის განახლება დაიწყო. ლისის ტბა, რომელიც თავისი შემოგარენით ზღვის დონიდან 615-730 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და მათ შორის, ამ მდებარეობის გამოც, რაც თბილისის სხვა უბნებთან შედარებით უფრო მაღალია, მე-20 საუკუნის 30- იანი წლებიდან მოყოლებული სულ ითვლებოდა ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სარეკრეაციო ზონად, 2012 წლამდე, გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო, მთლიანად ამოვარდნილი იყო ქალაქის ცხოვრებიდან. არადა, ტბის ტერიტორია თბილისში ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანი ფაუნით გამოირჩევა. 2012 წლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც ამ ტერიტორიის განვითარებაზე ზრუნვა უკვე აქტიურად დაიწყო, თბილისის მერიასთან ერთად ტბის გარშემო შეიქმნა სარბენი და ველობილიკები, სავარჯიშო სივრცე. სანაპიროზე გამოჩნდა სპორტული და საბავშვო მოედნები. 2015 წლიდან ფუნქციონირებს ღია კაფე, სანაოსნო პუნქტი და ახალი სანაპირო ზოლი გარუჯვის მოყვარულთათვის.

2015 წელი ტბის ტერიტორიის განვითარებისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. ამავე წელს ამ ადგილას გოგირდის აბანოც გაიხსნა, რის შესახებაც ბევრმა შეიძლება არც კი იცის. “ლისი დეველოპმენტმა” ლისის ტბის შემოგარენში თერმული წყარო გოგირდის სამკურნალო წყლების აბაზანებით და მექისის მომსახურებით დატვირთა. ამ ადგილის დამატებული ღირებულება ლისის ტბის ულამაზესი ხედებიც არის, აბანოს ტერასიდან რომ იშლება.

“თიბისი ბანკისა” და “ლისი დეველოპმენტის” პარტნიორობით ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნა საერთაშორისო სტანდარტების ამერიკული აკადემია, რომლის ახალი შენობა 4700 კვადრატულ მეტრზეა განლაგებული და მოიცავს 33 საკლასო ოთახს, 3 მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილ ლაბორატორიას, 300 მოსწავლეზე გათვლილ აუდიტორიასა და კაფეტერიას. აკადემიის ბიბლიოთეკა მოსწავლეებს საინფორმაციო რესურსების ფართო არჩევანს სთავაზობს: 24 000 წიგნი მოსწავლეთა განკარგულებაშია. როგორც “ლისი დეველოპმენტის” გენერალური დირექტორი გვიხსნის, სამომავლოდ ამ ტერიტორიის კიდევ უფრო მეტად განვითარება იგეგმება – მათ შორის, ტერიტორიის სხვა, მაღალი კლასის სასწავლებლებისთვის შეთავაზებით, რომლებიც ლისის დასახლების ბინადრებს ხარისხიანი განათლების მიღების არჩევანსაც გაუფართოებენ.

ხარისხი “ლისი დეველოპმენტისთვის” ძალიან ფაქიზი და მნიშვნელოვანი თემაა. ნოდარ ადეიშვილი ამბობს, რომ ახალი ტიპის ურბანული განვითარება არა მხოლოდ უკეთესი საცხოვრისის შეთავაზება უნდა იყოს მომხმარებლებისთვის, არამედ მათთვის ევროპული ღირებულებების, ხარისხისა და გარემოს მაგალითადაც უნდა იქცეს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც საქართველომ უკვე მოაწერა ხელი ასოცირების ხელშეკრულებას.

ევროპასთან დაახლოების კუთხით საქართველოს მნიშვნელოვან წარმატებად უნდა ჩავთვალოთ ასევე ევროპის ენერგოგაერთიანებაში გაწევრიანებაც. ენერგეტიკული გაერთიანების წევრობის ფარგლებში, საქართველო ვალდებულებას იღებს, განახორციელოს დირექტივები შენობებში ენერგოეფექტიანობის დანერგვის საკითხებთან დაკავშირებით. ვალდებულების მიხედვით, ყველა ახალი შენობა უნდა შეესაბამებოდეს ენერგოეფექტიანობის სტანდარტებს. “ლისი დეველოპმენტმა” ამ კუთხით დროს ნამდვილად გაუსწრო. როგორც ნოდარ ადეიშვილი გვიხსნის, მშენებლობაში მხოლოდ თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტიანი მასალები გამოიყენება. ყველგან, სადაც შესაძლებელია, დამონტაჟებულია სენსორები იმისთვის, რომ ენერგია ავტომატურ რეჟიმში დაიზოგოს. წვიმის წყლის შეგროვებაც ხდება, რომ სარწყავი მიზნებისთვის წყალი ზედმეტად არ დაიხარჯოს. “ჩვენი მომხმარებლები გადასახადების 30%-ს ზოგავენ ზუსტად იმ ენერგოეფექტიანობის წყალობით, რაც ჩვენ მშენებლობაში სტანდარტად გვაქვს დანერგილი”, – ამბობს ნოდარ ადეიშვილი.

“ლისი დეველოპმენტის” გენერალურ დირექტორს მიაჩნია, რომ საქართველო და ქართველი მომხმარებელი უკვე მზად არის, მოითხოვოს  არა უბრალოდ საცხოვრისი, არამედ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული, უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი ადგილი. მისი თქმით, დროა, სამშენებლო კომპანიებიც დაეწიონ მომხმარებლის ამ დაკვეთას, წინააღმდეგ შემთხვევაში, სექტორი შეიძლება სერიოზული რისკების წინაშე დადგეს.

უახლეს სტატისტიკას თუ შევხედავთ, ნათლად ჩანს, რომ 2017 წლის მეორე კვარტალის წინასწარი მონაცემებით, მშენებლობის დარგი მთლიან შიდა პროდუქტში წილის მიხედვით, უმსხვილესი დარგების ხუთეულშია – 9.4%-ით. განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად სწორედ სამშენებლო დარგი გაიზარდა – 16.4%-ით.

ნოდარ ადეიშვილი ამ საკმაოდ მაღალი ზრდის ტენდენციას საპნის ბუშტს არ უწოდებს, თუმცა ამბობს, რომ სექტორის მდგრადი განვითარება მხოლოდ სწორი პროდუქტების მიწოდებისა და ეკონომიკის ზრდის პირობებში იქნება შესაძლებელი.

ეკონომიკური ზრდის მთავარ წინაპირობად “ლისი დეველოპმენტის” გენერალური დირექტორი ბიზნესის წარმოებისთვის მიმზიდველ გარემოს და საკუთრების უფლების დაცულობას მიიჩნევს. ამბობს, რომ ბოლო წლებში ორივე ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება და ახლა მთავარია, განვითარების ტემპი არ დავაგდოთ.

ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში თავისი წვლილი “ლისი დეველოპმენტსაც” შეაქვს. 100 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია, ასეულობით დასაქმებული ადამიანი და თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისად განვითარებული ერთ დროს უკაცრიელი ადგილი, რომელიც დღეს უკვე სრულფასოვნად არის ჩართული ქვეყნის ეკონომიკაში – ეს არის 2011 წლიდან დღემდე დაგროვილი “ლისი დეველოპმენტის” მონაგარი.

კომპანიის მთავარ მენეჯერს, რომელიც დღეს მთლიანად დეველოპერულ საქმიანობაშია ჩაფლული და გადაწყვეტილებებს გუნდური პრინციპით იღებს, სულ თავიდან იურისტობა უნდოდა, თუმცა საბანკო სფეროთი უმაღლესში ჩაბარების დღიდანვე დასაქმდა და ამის შემდეგ ბიზნესთან და ფინანსებთან კავშირი არც გაუწყვეტია. ჯერ თიბისი ბანკში მუშაობდა, შემდეგ უძრავი ქონების სფეროში მოსინჯა თავი, შემდეგ მადრიდში ბიზნესის მიმართულებით ცოდნა გაიღრმავა და ბოლოს “ლისი დეველოპმენტში” მოიკიდა ფეხი.

“თუ ამ ბიზნესში შედიხარ, შეჩვევა იცის. როდესაც შენი წარმოდგენა რეალობად იქცევა, ეს ძალიან ემოციური მომენტია – სწორედ ეს არის მთავარი ფაქტორი, რამაც ამ ბიზნესისადმი ჩემი ინტერესი განაპირობა”, – ამბობს ნოდარ ადეიშვილი.

სულ რაღაც 18 თვეში, ახალი წარმოდგენა უკვე რეალობად იქცევა. ნოდარ ადეიშვილი გვპირდება, რომ მისი კომპანია კიდევ ერთ ახალ სიტყვას იტყვის დეველოპერულ ბიზნესში. ბაზარზე სრულიად განსხვავებული პროდუქტი, რომელსაც ის ცნობილი არქიტექტორები დააპროექტებენ, ვინც თავის დროზე შტუტგარტში მერსედესის მუზეუმი დააპროექტეს, ქალაქის თითქმის ყველა კუთხიდან გამოჩნდება და მწვანე ქალაქის ცენტრალური ღერძი გახდება. “ასეთი საცხოვრებელი შენობა თბილისში ამ ეტაპზე არ იდგება”, – სიამაყეშეპარული ხმით ამბობს ნოდარ ადეიშვილი.

“ლისი დეველოპმენტის” გენერალურ დირექტორს სიამაყის კიდევ ერთი მიზეზი აქვს. ჩვენ მიერ სტატიის დასაწყისში ნახსენებმა, “ლისი დეველოპმენტის” მთავარმა კონცეფციამ – 80/20 – 2012 წლიდან არაერთხელ მიიღო საერთაშორისო აღიარება და დღეს ევროპის დეველოპერების ინოვაციებს შორის ერთ-ერთ საუკეთესოდაც მიიჩნევა.

თუმცა მთავარი ალბათ მაინც სხვა რამაა: მწვანე ქალაქის განაშენიანების ტემპსა და სტატისტიკას კიდევ ერთხელ თუ გადავხედავთ, აუცილებლად ვიტყვით: “ლისი დეველოპმენტის” წარმატებულმა პროექტებმა და გამორჩეულად ეთიკურმა მიდგომამ დეველოპმენტის მიმართ, უკვე შეძლეს პოტენციურ მომხმარებლებში იმ სტერეოტიპის დამსხვრევა, რომ იდეალური საცხოვრებელი ადგილი მაინცდამაინც ცენტრალური უბანია. ახალი კონცეფციის განხორციელებამ ცხადყო, რომ ეს არის ადგილი, სადაც უკეთესად ცხოვრობ – ბუნებასთან და ევროპულ სტანდარტებთან ახლოს.