მწვანე, იგივე განახლებადი ენერგია მწვანე ეკონომიკის ხერხემალია. განახლებადი ენერგიის ქვეშ იგულისხმება მზის, ქარის, გეოთერმული, საზღვაო/ტალღების, ჰიდრო, ბიოგაზისა და ბიომასისგან მიღებული ენერგია. მწვანე ეკონომიკის განვითარება ხელს უწყობს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას და ამცირებს გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებას. ამიტომაც მწვანე ენერგეტიკის განვითარება მსოფლიოს მრავალი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს, მთავარი პრიორიტეტია. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები საკმაოდ სოლიდურ თანხებს ხარჯავენ და მწვანე ენერგეტიკის განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებს ატარებენ: ხშირია ენერგიის გარანტირებული შესყიდვა ინვესტორისგან, გარანტირებული ფასის შეთავაზება; მწვანე ტარიფები და სხვა.
ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლებაც არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას და ღონისძიებას ატარებს ამ კუთხით. რეფორმების ძირითადი ნაწილი ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარეობს. რეფორმის ფარგლებში დამტკიცდა მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზა, შემუშავდა საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა, მთავრობის მიერ ასევე დამტკიცდა განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოების ფინანსური წახალისების მექანიზმი, გამოცხადდა ორი აუქციონი და ჯამში დაკონტრაქტდება 1100 მეგავატი სიმძლავრის განახლებადი ენერგიის წარმოება. საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ¾ ჰიდროენერგიაზე მოდის და ჯერჯერობით მცირეა სხვა ისეთი წყაროების წილი, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია, თუმცა ბოლო პერიოდში ამ ენერგიის ობიექტების პროექტირება აქტიურად მიმდინარეობს. 2024 წლის იანვრის მონაცემებით, ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის სადგურების რიცხვმა 1066 ერთეული შეადგინა, დადგმული სიმძლავრით 67 მგვტ, რაც სწორედ წამახალისებელი მექანიზმების დამსახურებაა.
ევროპის მწვანე შეთანხმების მიხედვით (EU Green Deal, რომელიც მიღებულია 2019 წლის დეკემბერში), 2050 წლისთვის ნავარაუდებია ევროკავშირის კლიმატნეიტრალურ ტერიტორიად გარდაქმნა. ამ მიზნის მისაღწევად პირველი ინდიკატორია ემისიების 55%-ით შემცირება. საბოლოო ჯამში, ნავარაუდებია, რომ ამ გეგმის რეალიზაციით:
- შემცირდება ემისიები გარემოში;
- შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები და წახალისდება ზრდა;
- გადაიჭრება ენერგიის დეფიციტის პრობლემა;
- შემცირდება იმპორტირებულ ენერგიაზე დამოკიდებულება და გაუმჯობესდება ენერგომომარაგება;
- გაუმჯობესდება ჯანმრთელობა და გაიზრდება კეთილდღეობა.
საბოლოო ჯამში, მწვანე შეთანხმება ამ მიდგომებით ითვალისწინებს არა ეკონომიკური ზრდის შეფერხებას, არამედ ეკონომიკის ზრდასა და გარემოში ემისიების შემცირებას შორის კავშირის გაწყვეტას (Decoupling) განახლებად ენერგიებსა და ენერგოეფექტიანობაში მზარდი ინვესტიციების განხორციელების გზით. რაც შეეხება კონკრეტულად ენერგეტიკას, დაგეგმილია ენერგეტიკის სტრუქტურაში განახლებადი ენერგიის სავალდებულო წილის 40%-მდე ზრდა. უნდა მოხდეს განახლებადი საწვავის, მათ შორის, მწვანე წყალბადის მასობრივი გამოყენება ინდუსტრიასა და ტრანსპორტში. ამასთან, მეტად უნდა განვითარდეს ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიები.
მწვანე ენერგიის მართვის ძირითადი ასპექტები საქართველოში
ენერგეტიკის საერთაშორისო ასოციაციის (International Energy Agency) შეფასებით, ჰიდრორესურსები საქართველოს მნიშვნელოვანი ბუნებრივი სიმდიდრეა. ენერგიის საწარმოებლად შესაძლოა 300-მდე მდინარე იქნას გამოყენებული, 15000 მგვტ დადგმული სიმძლავრით და 50 ტრვტ წარმოების პოტენციალით. აღნიშნული რესურსებიდან მხოლოდ 22,5%-ია გამოყენებული. საქართველოს აქვს ასევე 4 ტრვტ (1500 მგვტ) ქარის ენერგიისა და მზის ენერგიის წარმოების დიდი პოტენციალი (250-280 მზიანი დღე წელიწადში, 1900- 2200 საათი მზის ნათებით) 108 მგვტ-ის ოდენობით (IEA, 2023).
საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა ითვალისწინებს კლიმატის ცვლილების შერბილებასა და მასთან ადაპტაციის პოლიტიკას, ასევე, ამ მხრივ ენერგეტიკული გაერთიანების წევრობის მოთხოვნებს. ჩვენმა ქვეყანამ პარიზის შეთანხმებაზე მიერთებით აიღო სათბური გაზების გაფრქვევის შემცირების ვალდებულება, რაშიც ენერგეტიკულ სექტორს უმნიშვნელოვანესი წილი შეაქვს. ენერგოეფექტიანობის, განახლებადი ენერგიის, მათ შორის, ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის განვითარებით, მოწინავე სუფთა ტექნოლოგიების ხელშეწყობით, ქვეყანა ცდილობს წვლილი შეიტანოს განახლებადი ენერგიის სხვადასხვა წყაროს განვითარებაში. კლიმატის ცვლილება გავლენას ახდენს თავად ენერგეტიკულ სექტორსა და ენერგიის მოთხოვნაზე, რის გამოც აუცილებელია ადაპტაციის ღონისძიებების დაგეგმვა. მათ შორის კლიმატური და ჰიდროლოგიური პროგნოზების, ენერგოეფექტიანობის ღონისძიებების, შესაძლო მოთხოვნის და პიკური დატვირთვების პროგნოზების საფუძველზე უნდა მოხდეს კლიმატის ცვლილების მიმართ სექტორის მდგრადობის ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა.
ამავე სტრატეგიის მიხედვით, განახლებადი წყაროების ათვისებასთან ერთად მოხდება მოწინავე სუფთა ტექნოლოგიების განვითარება. იგეგმება მწვანე წყალბადის წარმოების, ენერგიის შენახვის სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების ოპტიმალური ათვისება ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნას მეტი მზისა და ქარის ელექტროსადგურების ინტეგრირება როგორც მთლიან ენერგეტიკულ სისტემაში, ასევე ლოკალურ და სამომხმარებლო მიკროქსელებში. კლიმატური მიზნებისა და „სუფთა ენერგიის პაკეტის“ დანერგვა განხორცილდება ენერგიის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციით, ენერგეტიკული რესურსების ოპტიმალური ათვისებით, რეზერვების შექმნით და კვლევისა და ინოვაციების ფართომასშტაბიანი განხორციელებით.
მწვანე ენერგიის განვითარების ხელშეწყობა საქართველოს როგორც საერთაშორისო ვალდებულებაა, ასევე ქვეყნის ეროვნული და ეკოლოგიური ინტერესებიდანაც გამომდინარეობს. შესაბამისად, ქვეყანა ისწრაფვის მეტი განახლებადი ენერგიის წარმოებისკენ, რათა უკეთ იყოს დაცული გარემო, მოხდეს ქვეყნაში ენერგორესურსების მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება და ჭარბი ენერგიის საექსპორტოდ გატანა. ამ კუთხით მნიშვნელოვანია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომლის პოზიტიური შედეგებიც ქვეყანას ევროპაში მწვანე ენერგიის პირდაპირი ექსპორტის შესაძლებლობას მისცემს.
სახელმწიფო პოლიტიკა ორიენტირებულია ევროკავშირთან ენერგეტიკული კანონმდებლობის ჰარმონიზაციზე, ამასთან, დამტკიცებულია მთელი რიგი მარეგულირებელი აქტები და ხელშემწყობი ღონისძიებები, რათა მეტი განახლებადი ენერგია იქნას ქვეყანაში წამოებული. ამ გზაზე პრობლემა და გამოწვევაც არაერთია. მაგალითად, შეფერხებულია კაშხლიანი ჰესების მშენებლობა, რადგანაც მაღალია ცალკეული ჯგუფების სოციალური პროტესტი. გახსნილი კომუნიკაცია და სოციალური ჩართულობის გეგმა შეამცირებს საზოგადოების წინააღმდეგობას და ინვესტირების რისკს დეველოპერებისთვის (Renewable Energy in Georgia, 2021). ამდენად, ამ თვალსაზრისით აუცილებელია მუშაობის გაგრძელება.
ევროინტეგრაციის ამოცანების შესრულება ენერგეტიკის სექტორში და მწვანე შეთანხმების სამიზნე ინდიკატორების მიღწევა, მწვანე ენერგიის ხელშეწყობა და მეტი გენერაციის ასეთი ობიექტების შექმნა საბოლოო ჯამში ენერგეტიკისა და ეკოლოგიის ბალანსს უზრუნველყოფს. ეს კი უკეთეს ენერგოუსაფრთხოებას მოგვცემს, უკეთ იქნება უზრუნველყოფილი ადგილობრივი ენერგომოთხოვნა და გაჩნდება მეტი საექსპორტო ენერგიაც, რაც უცხოური ვალუტის ნაკადების შემოდინებას განაპირობებს.
სტატია წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე -„მწვანე ეკონომიკა და მდგრადი განვითარება“ ავტორის მიერ გაკეთებული მოხსენების შემოკლებულ ვერსიას.