Mymarket-მა კრიპტოგადახდები დაუშვა | ინტერვიუ ნიკა ჩილინდრიშვილთან

Mymarket-მა კრიპტოგადახდები დაუშვა | ინტერვიუ ნიკა ჩილინდრიშვილთან

საქართველოს ბაზარზე ციფრული კომერციის ერთ-ერთი პიონერის, Mymarket-ის ვებგვერდზე პროდუქტის შეძენისას, თანხის გადახდას ამიერიდან კრიპტოვალუტებითაც შეძლებთ. ჯამში, ხელმისაწვდომია თერთმეტი კრიპტოვალუტა, მათ შორის Bitcoin-ი, Etherium-ი, Litecoin-ი და Dogecoin-ი. პროდუქტის შესაძენად მომხმარებელმა სასურველი პროდუქტი უნდა აირჩიოს და ის MyCoins-ის კრიპტოსაფულის გამოყენებით შეიძინოს. საინტერესოა, რომ ამ გადაწყვეტილებით, Mymarket-ი ერთ-ერთი პირველი ქართული კომპანია გახდა, რომელმაც გადახდის საშუალებად კრიპტოვალუტა აღიარა.

კრიპტოვალუტებით გადახდის გადაწყვეტილებისა და ამ ფუნქციონალის მომავლის შესახებ, MY.GE-ის პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელს, ნიკა ჩილინდრიშვილს ვესაუბრეთ.

რატომ გადაწყვიტეთ, რომ Mymarket-ზე კრიპტოვალუტებით გადახდის ფუნქცია დაგემატებინათ?

კრიპტოვალუტები და მათი საშუალებით განხორციელებული ონლაინ-ვაჭრობა, დღითიდღე უფრო პოპულარული და მოთხოვნადი ხდება. კრიპტოვალუტებით გადახდის ფუნქციონალი მსოფლიოს ბევრმა წამყვანმა კომპანიამ დანერგა და ჩვენც, როგორც მრავალმხრივად ინოვატორმა კომპანიამ, რომელმაც, თავის დროზე, ქართული ელექტრონული კომერცია შექმნა და მომხმარებლებს არაერთი ისეთი სერვისი შესთავაზა, რითაც ინდუსტრიის წესები თავდაყირა დააყენა, გადავწყვიტეთ, რომ ამ სფეროშიც პირველები ვყოფილიყავით და მომხმარებლებისათვის კრიპტოვალუტებით ვაჭრობის საშუალება მიგვეცა.

რამდენად მაღალია მოთხოვნა კრიპტოვალუტებით ვაჭრობაზე? უფრო მარტივად რომ ვთქვათ, რამდენად ხშირად იყიდება Mymarket-ზე განთავსებული ნივთები კრიპტოვალუტებით?

გარკვეული მოთხოვნები აქამდეც ფიქსირდებოდა, როგორც წესი, შეკითხვების სახით – მომხმარებლებს აინტერესებდათ, კრიპტოვალუტებით გადახდის ფუნქციონალს ხომ არ ვამატებდით. ტრანზაქციებს რაც შეეხება, ბუნებრივია, რომ ჯერჯერობით, რაოდენობრივად, ისინი ბევრი არ არის, რადგან ეს ფუნქციონალი სულ რამდენიმე დღის წინ გავუშვით. უახლოეს მომავალში, მომხმარებლებს გარკვეულ აქციებსაც შევთავაზებთ, მაგალითად, კრიპტოვალუტებით მიღებულ ქეშბექს. ვფიქრობთ, რომ ამგვარი წამახალისებელი ღონისძიებები, ამ ინდუსტრიის განვითარებაზე დადებითად იმოქმედებს.

რის მიხედვით შეარჩიეთ კონკრეტული კრიპტოვალუტები, რომლებითაც ვაჭრობა დაუშვით?

ზოგადად, MY.GE-ში, სტრატეგიული პარტნიორების შერჩევას დიდი სიფრთხილით ვეკიდებით, რადგან ვფიქრობთ, რომ საბოლოო პროდუქტის სრულყოფაში სანდო პარტნიორს უდიდესი წვლილი მიუძღვის. აქედან გამომდინარე, როდესაც კრიპტოვალუტებით გადახდის ფუნქციონალის ინტეგრაციაზე ვფიქრობდით, პარტნიორად MyCoins-ი ავირჩიეთ – კომპანია, რომელმაც საქართველოში კრიპტოვალუტებით ვაჭრობა შესაძლებელი გახადა. აღნიშნული თერთმეტი კრიპტოვალუტა, რომლებითაც Mymarket-ზე გადახდას შეძლებთ, MyCoins-ს აქვს დამატებული.

გეგმავთ თუ არა, რომ კრიპტოვალუტებით გადახდის ფუნქცია MY.GE-ში შემავალი სხვა პროდუქტებისთვისაც დაუშვათ, მაგალითად სახლების ან მანქანების შემთხვევაში?

ამ მიმართულების განვითარებას, რა თქმა უნდა, სხვა პროდუქტებზეც ვგეგმავთ, რამდენადაც ამის საშუალებას უშუალოდ პროდუქტი მოგვცემს. Mymarket-ი არ იქნება ჯგუფის ერთადერთი პლატფორმა, რომელზეც კრიპტოვალუტებით ვაჭრობა იქნება შესაძლებელი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.