ნამახვანჰესის მშენებლობა მომავალი წლის მაისიდან დაიწყება

ნამახვანჰესის მშენებლობა მომავალი წლის მაისიდან დაიწყება

წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, მდინარე რიონზე „ნამახვან ჰესების კასკადის“ ასაშენებლად ინვესტორმა კომპანიამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებები დაიწყო. პროექტის იმპლემენტაციის გეგმა მთავრობას უკვე წარედგინა, მისი ერთ-ერთი პირობა კი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოთხოვნების გათვალისწინება იყო.

ჰესის მშენებლობაზე, ოპერირებასა და ფლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ნორვეგიული კომპანია CLEAN ENERGY GROUP დაფინანსებისა და სესხის მოზიდვის თაობაზე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკების დასრულებას ოქტომბრის ბოლომდე ელოდება.

სს „ნამახვანის“ დირექტორი გიორგი ჩაჩიბაია ამბობს, რომ მოთხოვნები უკავშირდება, როგორც გარანტიებს, ასევე მოსახლეობის განსახლებისა და გარემოზე ზემოქმედების გეგმას.

შეგახსენებთ, რომ ნამახვანის ჰესი ერთ-ერთია, რომელის გარანტირებულ შესყიდვაზე გამონაკლისს საერთაშორისო სავალუტო ფონდიც უშვებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები (PPA) სახელმწიფოს ფისკალურ რისკებს შორის დაასახელა. IMF-ის რეკომენდაციით, მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების ინიცირებისგან, სანამ არ მოწესრიგდება შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო.

გიორგი ჩაჩიბაია ამბობს, რომ სახელმწიფო გარანტირებულ შესყიდვას 8 თვის განმავლობაში განახორციელებს, დანარჩენ 4 თვეზე კი რისკს საკუთარ თავზე ინვესტორი კომპანია აიღებს.

“გვსურს რომ ყველა მოთხოვნა ერთიან ხელშეკრულებაში იყოს გათვალისწინებული და არ მოხდეს შემდგომ ამ ხელშეკრულების განახლება, როგორც ეს ხდება ხოლმე. ინვესტორი კომპანია სრულად ვერ დააფინანსებს პროექტს, ამიტომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებთან სესხის მოზიდვის საკითხზე. არსებული სტანდარტით, მსგავს პრექტებში, 30-40 პროცენტი უნდა იყოს ინვესტორის კაპიტალი, დანარჩენი კი შესაძლოა იყოს სესხი. 

ჩვენი პროექტი არის უნიკალური, რადგან მთლიანად არის გათვალისწინებული საერთასორისო საფინანსო კომპანების მოთხოვნები. ნამახვანის ინვესტორი წინადადებაში ითხოვს მხოლოდ 8 თვიან გარანტირებულ შესყიდვას – სექტემბრიდან აპრილის ჩათვლით. ამ პერიოდში სახელმწიფოს თავად სჭირდება ელექტროენერგია“, – ამბობს ჩაჩიბაია. მისივე თქმით, დანარჩენ ოთხ თვეში ინვესტორი ელექტროენერგიის ექსპორტს გეგმავს თურქეთის მიმართულებით. ჰესის მთლიანი გენერაციის დაახლოებით 50% ექსპორტზე იქნება მიმართული, 50% კი ადგილობრივ ბაზარზე. ჯამში ჰესის აშენების შემდეგ, ის საქართველოს მთლიანი გენერაციის დაახლოებით 12-15%-ს დაფარავს.

CLEAN ENERGY GROUP პროექტს თურქულ ENKA-სთან ერთად ახორციელებს, რომელიც თურქეთში ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა და ქვეყნის გენერაციის 12%-ს ფლობს.

ჰესის მშენებლობა მომავალი წლის მაისში დაიწყება და მისი დასრულება 3-4 წელში იგეგმება. პროექტის საინვესტიციო მოცულობა მილიარდ დოლარამდეა.

CLEAN ENERGY GROUP თავად უზრუნველყოფს ჰესის ტერიტორიაზე განსახლებას. ამ მიზნით მიწების აზომვა და საკუთრებაში დარეგისტრირება უკვე მოხდა.

“მოსახლეობას მიწები ჩვენივე სახსრებით დავურეგისტრირეთ. გვქონდა პრობლემური სიტუაცია: რეალურად ხალხი ფლობდა მიწას, თუმცა ის არ იყო რეგისტრირებული, ამიტომ შიდა რესურებისთ მოვახდინეთ საკადასტრო აზომვები და 100-მდე ნაკვეთი დავურეგისტრირეთ კერძო მოსახლეობას, მთლიანი ფართობის დაახლოებით 40% იყო დაურეგისტრირებელი

მიწების გამოსყიდვის ვალდებულება ინვესტორს აქვს. განსახლების გეგმის საფუძველია, რომ მოსახლე განსახლების შემთხვევაში უნდა აღმოჩნდეს უკეთეს საცხოვრებელ პირობებში, ვიდრე განსახლებამდე იყო“, – ამბობს გიორგი ჩაჩიბაია.

ნამახვანის პროექტი მოიცავს ორი ჰესის მშენებლობას დადგმული სიმძლავრით 433 მგვტ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *