NATO-ს გენმდივანმა შავი ზღვის რეგიონის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა

NATO-ს გენმდივანმა შავი ზღვის რეგიონის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა

გასულ კვირას ნატოს გენერალური მდივანი რუმინეთში სამხედრო ბაზას ეწვია და მოკავშირეების ძალების რუმინეთში განლაგება მოინახულა. იენს სტოლტენბერგმა ვიზიტისას შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა რუმინეთს ალიანსში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.

იენს სტოლტენბერგმა შავი ზღვის რეგიონის საჰაერო სივრცის დაცვაში გერმანიის, იტალიისა და ესპანეთის შეიარაღებული ძალების ძალისხმევაზეც ისაუბრა. გარდა ამისა, მოინახულა შეერთებული შტატებიდან დამატებით 1,000 სამხედროს რუმინეთში გადასმის პროცესიც, რომელიც ახლაც მიმდინარეობს. პროცესის დასრულების შემდეგ კი რუმინეთში ორი ათასამდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იქნება განთავსებული.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რეგიონის უსაფრთხოებას ალიანსისათვის საციცოცხლოდ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ამაში კი ნატოს სამი წევრი სახელმწიფო და მოკავშირეები ეხმარებიან საქართველოსა და უკრაინის სახით.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ნატოს მოკავშირეებმა არაერთი განცხადება გაავრცელეს ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე, ბალტიისპირეთიდან შავი ზღვის რეგიონამდე დამატებითი ძალების განლაგების შესახებ. იენს სტოლტენბერგმა რუმინეთში ვიზიტისას აღნიშნა, რომ მომავალ კვირას ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე განიხილავენ, თუ როგორ შეიძლება ამ არეალში ნატოს წარმომადგენლობა გაიზარდოს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *