დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის, ნატოს, ახალი გენერალური მდივნის თანამდებობაზე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რიუტეს კანდიდატურას უჭერენ მხარს.
ნატოს ამჟამინდელი გენერალური მდივანი, ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იენს სტოლტენბერგი დაკავებულ თანამდებობას ოქტომბერში დატოვებს, მის ნაცვლად კი წევრმა სახელმწიფოებმა ახალი გენერალური მდივანი უნდა აირჩიონ. იენს სტოლტენბერგი ყველაზე დიდი სამხედრო ბლოკის ხელმძღვანელის პოზიციას 2014 წლის 1-ელი ოქტომბრიდან იკავებს. მაშინ მან ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე დანიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდერს ფოგ რასმუსენი ჩაანაცვლა.
ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ახალი ხელმძღვანელის მთავარი მისია უკრაინის მხარდაჭერის შიდაორგანიზაციული მობილიზაცია და შეიარაღების გადაცემაზე კონსენსუსის მიღწევა იქნება. გარდა ამისა, ახალი გენ-მდივნისთვის მთავარ ამოცანას რუსეთთან ესკალაციის და უშუალო საომარ მოქმედებებში ჩართვის თავიდან აცილებაც წარმოადგენს. პოტენციურად ახალი გენერალური მდივნისათვის ერთ-ერთი მთავარ გამოწვევად შესაძლოა დონალდ ტრამპის ნატოს მიმართ სკეპტიციზმთან გამკლავებაც იქცეს. თუმცა, ეს ყველაფერი ნოემბერში დაგეგმილ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზეა დამოკიდებული.
ნატოს გენერალური მდივანი კონსენსუსის საფუძველზე ინიშნება და მას 31-ვე წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მარკ რიუტეს კანდიდატურას მხარს უკვე ნატოს წევრი 20-მდე სახელმწიფოს ლიდერი უჭერს.
საინტერესოა, რომ ახალი გენერალური მდივნის არჩევის პროცესის მოახლოებამდე, შესაძლოა ნატო გაფართოვდეს და შვედეთის სახით 32-ე წევრი დაემატოს. ამისათვის, სამხედრო ბლოკს უნგრეთის თანხმობა სჭირდა.