Facebook-ი 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის Instagram-ის შექმნას აანონსებს. მოსახლეობისა და უფლებადამცველების ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად, კომპანიის განცხადებით, მათი ახალი პლატფორმა ამ ასაკის მომხმარებლებისთვის სრულიად უსაფრთხო იქნება.
Facebook-ის წარმომადგენლების განცხადებით, 13 წლის ასაკის ბავშვების დიდ ნაწილს ისედაც აქვს წვდომა Instagram-ის აპლიკაციასთან, ამის გაკონტროლება კი თითქმის შეუძლებელია. საბავშვო, მათზე მორგებული პლატფორმის დანერგვით კი კომპანია აპირებს შეამციროს ბავშვების მიერ ასაკის განზრახ არასწორი მითითებით ყალბი ანგარიშების შექმნის რაოდენობა.
მიმდინარე წლის მაისში Facebook-ის გადაწყვეტილების საპასუხოდ 44-მა უფლებადამცველმა მიმართა კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, მარკ ცუკერბერგს. მათი განცხადებით, საბავშვო პლატფორმა საფრთხეს წარმოადგენდა როგორც ბავშვების მენტალური ჯანმრთელობისთვის, ასევე მათი უსაფრთხოების დაცვისთვის. აღსანიშნავია, რომ მათ მოსაზრებას როგორც ბავშვთა უფლებების დამცველი ჯგუფები, ისე კონგრესიც იზიარებს.
მიუხედავად ამისა, კომპანიამ განაგრძო ე.წ. „ახალგაზრდული ინსტაგრამის“ პლატფორმის შექმნაზე მუშაობა. პლატფორმის განვითარების პროცესში გამკაცრდა უსაფრთხოების ზომები, რაც მოიცავს არასასურველ უცხო პირთა, ასევე რეკლამის განმთავსებლების მიერ 16 წლამდე ასაკის მომხმარებლების ანგარიშებზე წვდომის მინიმუმამდე დაყვანას. გარდა ამისა, კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასაც გეგმავენ, რათა უფრო დაბალი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებს საბავშვო პლატფორმის გამოყენება შეეზღუდოთ.
კრიტიკოსთა ნაწილი აცხადებს, რომ ახალგაზრდული ონლაინპლატფორმის განვითარება საშინელი გადაწყვეტილებაა, ხოლო „უსაფრთხო ინსტაგრამის“ მიღწევა ახალგაზრდა მომხმარებლებისთვის მხოლოდ მისი არქონის შემთხვევაშია შესაძლებელი. ამას გარდა, მათი განცხადებით, იმედგამაცრუებელია, რომ კომპანია მშობლების, ექსპერტებისა და უფლებადამცველების წინააღმდეგობის მიუხედავად, არ აპირებს დასახულ მიზანზე უარის თქმას.
ახალგაზრდული ონლაინპლატფორმის დანერგვის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. Facebook-ი აქამდეც ბევრჯერ გაუკრიტიკებიათ ონლაინპლატფორმაზე რეგისტრაციისას ასაკობრივი ზღვრის გაკონტროლების მექანიზმის არაეფექტიანობისთვის, მაგრამ კომპანიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ სრულიად ახალი პლატფორმა ამ პრობლემის გადაწყვეტისაკენ გადადგმული ნაბიჯია, სამომავლოდ კი უფლებადამცველებთან და ბავშვთა უსაფრთხოების ექსპერტებთან მუშაობას გეგმავენ.