ნეობანკების განთიადი

ნეობანკების განთიადი

დღეს პრაქტიკულად ყველას, ვისაც ნახევარი მილიონი დოლარი და მაღალი სიჩქარის ინტერნეტი აქვს, შეუძლია, ბანკი შექმნას. ათობით ციფრული ბანკი უკვე ღიაა ბიზნესისთვის, ვენჩურ – კაპიტალისტები კი მილიარდების ტოლფას ფსონს ჩამოდიან, რომ ეს ახალი ბანკები თქვენი ქუჩის კუთხეში მდებარე ფილიალს ჩაანაცვლებენ.

MoneyLion-ი შეძლებს, სიმდიდრის მენეჯერად იქცეს, კერძო ბანკად $50,000-ის მქონე ოჯახისთვის“, – აღნიშნავს ჩუბი. ბოლო დათვლებით, MoneyLion-ის აპლიკაციას 5.7 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა, მაშინ როცა წინა წელს მათი რიცხვი 3 მილიონს შეადგენდა, მათგან მილიონი კი გადამხდელი მომხმარებელია. ეს ადამიანები, რომელთაგან ბევრი ისეთ ადგილას ცხოვრობს, როგორიც ტეხასი და ოჰაიოა, თვეში $20-ს გამოდიან, MoneyLion-ის მიმდინარე ანგარიში რომ ჰქონდეთ, მონიტორინგი რომ გაუწიონ თავიანთ საკრედიტო ქულას ან მცირეპროცენტიანი სესხი აიღონ. ჯამში, MoneyLion-ი მომხმარებელს შვიდ ფინანსურ პროდუქტს სთავაზობს, მათ შორის, ისეთ მოულოდნელებს, როგორიც სახელფასო ავანსი და – რაც მალე ჩაეშვება – საბროკერო სერვისებია. ჩუბის პროგნოზით, შემოსავალმა წელს $90 მილიონს – ანუ შარშანდელი $30 მილიონის გასამმაგებულ მაჩვენებელს – უნდა მიაღწიოს. მის ბოლო საინვესტიციო რაუნდზე, როცა $100 მილიონი მოიზიდა ისეთი ინვესტორებისგან, როგორიცაა პრინსტონში (ნიუ-ჯერსი) დაფუძნებული Edison-ი და McLean-ი და ვირჯინიაში დაფუძნებული Capital One-ი, კომპანია თითქმის $700 მილიონად იყო შეფასებული.

ჩუბის გათვლებით, 2020-ის შუა პერიოდისთვის MoneyLion- ის დანახარჯები და მოგებები ერთმანეთს გაუტოლდება. მალე კომპანია FDIC-ის მიერ დაზღვეულ მაღალპროცენტიან შემნახველ ანგარიშს შემოგვთავაზებს, ხოლო საკრედიტო ბარათები უფრო გვიანი 2020-ისთვისაა დაგეგმილი. მომხმარებელთა შესანარჩუნებლად, მისი თქმით, “პროდუქტთა ქარხანად უნდა ვიქცეთ“. ანტრეპრენიორთა უმეტესობის მსგავსად, ჩუბიც ფიქრობს, რომ მისი კომპანიის პოტენციალს, ფაქტობრივად, საზღვარი არა აქვს. მაგრამ Citi-ში, Goldman-ში, Citadel-სა და Barclays-ში მოხეტიალე საინვესტიციო ბანკირად გატარებული ათი წლის შემდეგ მან იცის, სადამდე შეუძლია რეალობაში ჰორიზონტს გაწელვა. და ის ნამდვილად არ გახლავთ ერთადერთი, ვინც ხედავს შესაძლებლობას, ამ ახალბედა, მხოლოდ ციფრულად მომუშავე ბანკებმა – ე.წ. ნეობანკებმა – გარდაქმნან ტრადიციული საბანკო სფერო და მორგანებისა და მელოუნების ახალი თაობა შექმნან. “ამას წინათ ჭორად გავიგე, რომ Chime-ი მორიგ რაუნდზე $5 მილიარდად იქნება შეფასებული“, – ამბობს ის. ნეობანკების უშველებელ არმიას, გლობალური მასშტაბით, ათასგვარი სამომხმარებლო და მცირე ბიზნესის ნიში აქვს მიზანში ამოღებული, ახალი ათასწლეულის წარმომადგენელი ინვესტორებით დაწყებული, სტომატოლოგებითა და ფრანშიზთა მფლობელებით დამთავრებული.

McKinsey-ის შეფასებით, მსოფლიოში 5,000 სტარტაპია, რომლებიც ახალ და ტრადიციულ ფინანსურ სერვისებს გვთავაზობს, სამი წლის წინ კი მათი რიცხვი სულ რაღაც 2,000 იყო. 2019-ის პირველ ცხრა თვეში, CB Insights-ის თანახმად, ვენჩურ- კაპიტალისტებმა $2.9 მილიარდი ჩაღვარეს ნეობანკებში, მაშინ როცა ეს თანხა 2018-ში $2.3 მილიარდს შეადგენდა. ამ აფეთქების საფუძვლადმდებარე მექანიზმს ახალი ინფრასტრუქტურა წარმოადგენს, რომელიც ნეობანკის წამოწყებას იაფსა და მარტივს ხდის; ამას ახალი თაობა ემატება, რომელსაც ურჩევნია, ყველაფერი თავისი ტელეფონის მეშვეობით გააკეთოს. მაშინ როცა, სამართლებრივი თუ სხვა ხარჯების სახით, წლები და მილიონებია საჭირო ნამდვილი ბანკის დასაფუძნებლად, მარტივად გამოსაყენებელი აპლიკაციები საშუალებას აძლევენ სტარტაპებს, ტრადიციული ბანკების მიერ უზრუნველყოფილ პროდუქტებს ციფრულად დაუკავშირდნენ და სულ რაღაც $500,000-იანი კაპიტალით ჩაეშვან. “დღეს შეგიძლია, [ფინანსური ტექნოლოგიის] კომპანია სულ რამდენიმე თვეში – და არა რამდენიმე წელიწადში – წამოიწყო“, – ამბობს Andreessen Horowitz-ის გენერალური პარტნიორი ანჯელა სტრეინჯი, რომელიც Synapse-ის საბჭოშია – სან-ფრანცისკოში დაფუძნებული სტარტაპის საბჭოში, რომლის ტექნოლოგია სხვა სტარტაპებს მომხმარებელთათვის საბანკო პროდუქტების შეთავაზებას უადვილებს.

მსგავსი შუამავალი პლატფორმების გამოყენებით, პაწაწინა ნეობანკებს ეძლევათ საშუალება, დიდი ბანკების პროდუქტები შემოგვთავაზონ: FDIC-ის მიერ დაზღვეული შემნახველი ანგარიშები, მიმდინარე ანგარიშები სადებიტო ბარათებით, წვდომა ბანკომატებზე, საკრედიტო ბარათები, ვალუტათა ტრანზაქცია და ქაღალდის ჩეკებიც კი. ეს ყველაფერი ფინანსური ტექნოლოგიის ანტრეპრენიორებს ათავისუფლებს თავიანთი ნიშების კულტივირებაზე ზრუნვისგან და სულ ერთია, რამდენად პატარა ან ექსცენტრიულია მათი ბიზნესი. აიღეთ, მაგალითად, Dave-ი (ჰო, ასე ჰქვია). ეს პატარა აპლიკაცია ხალხს ბანკის ოვერდრაფტის გადასახადთა ქრონიკული ტკივილის შემსუბუქებაში ეხმარება. ფინანსურ სერვისებში გამოცდილებას მოკლებული სერიული ანტრეპრენიორის, 34 წლის ჯეისონ უილკის მიერ შექმნილი Dave-ი მომხმარებლებს თვეში მხოლოდ $1-ს ართმევს და, თუ ამ უკანასკნელთ ტენდენცია უჩნდებათ, ჭარბად გამოიტანონ ფული, უმალ გადააქვს $75 ანაბარზე. მშვენიერი პატარა ბიზნესია, თუმცა არაფერი ისეთი, Bank of America-ს თრთოლა რომ მოჰგვაროს. მაგრამ უილკმა გადაწყვიტა, Dave-ი ნეობანკად აქციოს. ივნისში, Synapse-ის მეშვეობით, Dave-მა მიმდინარე ანგარიში და სადებიტო ბარათი ჩაუშვა.

ახლა მას შეუძლია, “მიმოცვლაზე“ გააკეთოს ფული – იმ 1%-2%-ზე, რომლის გადახდაც მოვაჭრეებს უწევთ, როცა კი კლიენტი მათთან სადებიტო ბარათით იხდის. ეს გადასახადები ბანკებსა და სადებიტო ბარათების ისეთ გამცემებს შორის იყოფა, როგორიც Dave-ია. უილკის ოპტიმისტური პროგნოზით, Dave-ი წელს $100 მილიონის შემოსავალს მოიტანს თავისი 4.5 მილიონი მომხმარებლისგან, მაშინ როცა შემოსავალი $19 მილიონს შეადგენდა 2018-ში – ერთი წლით ადრე, სანამ ეს ბიზნესი ნეობანკად იქცეოდა. ამას წინათ Dave-ი $1 მილიარდად იქნა შეფასებული. თამაშში ბაზარზე დამკვიდრებული ფინანსური ტექნოლოგიის ის კომპანიებიც ებმებიან, რომელთაც საქმიანობა საბანკო აქტივობებით არ დაუწყიათ. ნიუ- იორკში დაფუძნებულმა Betterment-მა – რომელიც, კომპიუტერული ალგორითმების გამოყენებით, მომხმარებელთა სააქციო და ობლიგაციური ინვესტიციების სახით, $18 მილიარდს განკარგავს – ცოტა ხნის წინ მომხმარებელს მაღალპროცენტიანი შემნახველი ანგარიში შესთავაზა. სულ რაღაც ორ კვირაში, ანაბრების სახით, $1 მილიარდი მიიღო. ,,წარმატება უპრეცედენტო გამოდგა. მთელი ჩვენი არსებობის მანძილზე ასეთი სწრაფი ზრდა არასდროს გვქონია“, – გაკვირვებით შენიშნავს Betterment- ის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი ჯონ სტეინი. ახლა ის საკომისიოსგან თავისუფალ ანგარიშს უშვებს სადებიტო ბარათით, ხოლო მომდევნო ნაბიჯები, მისი თქმით, ალბათ საკრედიტო ბარათები და იპოთეკური სესხები იქნება. ნეობანკები სწრაფ- სწრაფად იქცევიან ტრადიციული ბანკების სერიოზულ საფრთხედ.

McKinsey-ის გაანგარიშებით, 2025-ისთვის ბანკების კოლექტიური შემოსავლის 40% შეიძლება, ახალი ციფრული კონკურენციის რისკის ქვეშ დადგეს. “არ ვფიქრობ, რომ Netflix-ის მომენტი დადგეს, – სადაც Netflix-ი, პრაქტიკულად, Blockbuster-ს ამარცხებს, – მომენტი, როცა ფინანსური ტექნოლოგიის კომპანიები ბანკებს ბიზნესიდან ყრიან“, – ამბობს ნაიჯელ მორისი, QED Investors– ის მმართველი პარტნიორი – ალექსანდრიაში (ვირჯინია) დაფუძნებული ვენჩურული კაპიტალის ფირმისა, რომელიც ფინანსურ ტექნოლოგიაში სპეციალიზდება. – [ტრადიციული ბანკები] ძალიან კომპლექსური ბიზნესებია, კომპლექსური რეგულაციური საკითხებითა და შედარებით ინერტული მომხმარებლებით“. მაგრამ, ამატებს მორისი, “[თუ] ნეობანკები მოახერხებენ, ბლომად ხალხს მოუყარონ თავი, მომხმარებლის საფულიდან მეტ ულუფასაც აიღებენ. ეკონომიკა შეიძლება, დრამატულად შეიცვალოს. ეს თამაშსაც შეცვლის“. დივაკარ (დი) ჩუბი, წესით, ინჟინერი უნდა გამოსულიყო, საინვესტიციო ბანკირი კი – არა. რანჩიში, ინდოეთში, დაბადებული, აშშ- ში ოთხი წლისა მოხვდა, როცა მამამისი Syracuse University-ში ინჟინერიის მიმართულებით მაგისტრატურას ამთავრებდა. ოჯახი, საბოლოოდ, ნიუ- ჯერსიში დასახლდა. ჩუბის დედა აუტისტური აშლილობის მქონე ბავშვებს ამეცადინებდა, მამა კი ინჟინრად მუშაობდა Cisco-ში… და ვაჟის მომავალს გეგმავდა.

როცა 1999-ში ჩუბიმ University of Chicago-ში დაიწყო სწავლა, კომპიუტერული მეცნიერების არაერთ კურსზე ჩაეწერა, რომელიც მისთვის მამას შეერჩია. მაგრამ რამდენიმე B-მინუსის მიღების შემდეგ, მისი თქმით, დანებდა. მთავარ საგნად ეკონომიკა აირჩია და ნიშნებიცა და სამუშაო პერსპექტივებიც გამოასწორა, ამისთვის კი ბიზნესსკოლაში კორპორაციული ფინანსებისა და ბუღალტერიის სწავლას მიჰყო ხელი. სწავლის წარჩინებით დასრულების შემდეგ საინვესტიციო საბანკო სფეროში ჩაერთო, სადაც გაატარა კიდეც მთელი მომდევნო ათწლეული. შიდა სამზარეულოში ჩახედულის პერსპექტივიდან ის ხედავდა, რომ ტრადიციული ბანკები აუტანლად ზანტები იყვნენ, როცა მომხმარებელთა განახლებულ გემოვნებასა და ჭკვიანი ტელეფონის ძალის ექსპლუატაციაზე მიდგებოდა საქმე. ეს, პლუს საბანკო სკანდალების უსასრულო სერიები, საკმარისი გახდა მისთვის, რათა დარწმუნებულიყო, რომ ციფრული ,,კერძო ბანკირისთვის“ კარი იხსნებოდა. 2013-ში თითქმის შვიდნიშნა ხელფასზე თქვა უარი და MoneyLion-ის შექმნას შეუდგა. ჩუბიმ, საწყისი ინვესტიციის სახით, $1 მილიონი მოიზიდა და საქმიანობა უსასყიდლო საკრედიტო ქულებისა და მიკროსესხების შეთავაზებით დაიწყო. მაგრამ დამატებითი ფულის მოზიდვა უჭირდა. ორმოცმა ვენჩურულმა ინვესტორმა ის უარით გაისტუმრა – ჩათვალეს, რომ მისი ხედვა არაპრაქტიკული და ფოკუსს მოკლებული იყო. “უამრავი ვენჩურ-კაპიტალისტის ოთახიდან სიცილის თანხლებით გამოვსულვარ“, – იხსენებს ის.

     

მანამ ჩუბი წარუმატებლად აკაკუნებდა ვენჩურ-კაპიტალისტთა კარებზე, MoneyLion-ი თავისთვის მიიწევდა წინ: სესხის პროცენტიდან და საკრედიტო ბარათის რეკლამებიდან პატარა შემოსავალს იღებდა და უამრავ მონაცემს აგროვებდა მომხმარებლის ქცევის შესახებ. როგორც იქნა, 2016 წელს, მან Edison Partners-ი $23-მილიონიანი საინვესტიციო რაუნდის გაძღოლაზე დაიყოლია. ამან MoneyLion-ს საშუალება მისცა, რობოტი- მრჩევლის სერვისი ჩაეშვა, რომლითაც მომხმარებლები სულ რაღაც $50-ის დაბანდებას შეძლებდნენ აქციებისა და ობლიგაციების პორტფოლიოებში. 2018-ში მან უსასყიდლო მიმდინარე ანგარიში და სადებიტო ბარათი დაიმატა, რომელიც აიოვაში დაფუძნებული Lincoln Savings Bank-ის მეშვეობით გაიცემოდა. სწრაფი ზრდის განკარგვა დაბალი დანახარჯების შენარჩუნებით საკმაოდ რთული გამოდგა. გასულ გაზაფხულსა და ზაფხულს MoneyLion-ს თავს Better Business Bureau-დან საჩივრების ზღვა დაატყდა. ზოგ მომხმარებელს MoneyLion- ის ანგარიშებზე ან ანგარიშებიდან ფულის გაგზავნაში დიდი შეფერხებები ჰქონდა და როცა დახმარების მისაღებად კონტაქტზე გადიოდნენ, მხოლოდ კომპიუტერის ავტომატიზებულ პასუხებს იღებდნენ. ჩუბის თქმით, პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხარვეზები გასწორებულია, მომხმარებელთა სერვისის წარმომადგენელთა რიცხვი კი 140-დან 230-მდეა გაზრდილი. ოპერაციული ზრდის ტკივილები სხვა ნეობანკებსაც აწუხებთ. ასე, მაგალითად, ოქტომბერში, სან- ფრანცისკოში დაფუძნებულ Chime-ს, რომელიც 5 მილიონ ანგარიშს განაგებს, სამ დღეზე გაწელილი ტექნიკური პრობლემები შეექმნა. მომხმარებლებს არ შეეძლოთ საკუთარი ბალანსის ნახვა, ზოგს კი, პერიოდულად, არც სადებიტო ბარათების გამოყენება შეეძლო.

Chime-მა ხარვეზი პარტნიორს, Galileo Financial-ს დააბრალა – პლატფორმას, რომელსაც ფინანსური ტექნოლოგიის არაერთი სტარტაპი იყენებს ტრანზაქციების დასამუშავებლად.  შემოდგომის თბილი დღეა. 1.90 მეტრის სიმაღლის ტიმ სპენსი სწრაფად დადის თავისი დამქირავებლის თვალუწვდენელ, 31-სართულიან ცინცინატის სათავო ოფისში. Fifth Third-ი გვაქვს მხედველობაში, რომელიც 161 წლის რეგიონალური ბანკია $171 მილიარდის ტოლფასი აქტივებით. უჰალსტუხოდ, კუბოკრულ სპორტულ პიჯაკში გამოწყობილი სპენსი ნამდვილად არ ჰგავს ტრადიციულ ბანკირს. და არც არის. ინგლისური ლიტერატურისა და ეკონომიკის სპეციალისტმა Colgate University-დან, 40 წლის სპენსმა, კარიერის პირველი შვიდი წელი ციფრული რეკლამირების სტარტაპებში გაატარა. შემდეგ ნიუ- იორკში, საკონსულტაციო ფირმა Oliver Wyman-ში გადაინაცვლა, სადაც ციფრული ტრანსფორმაციის თაობაზე ბანკებს რჩევებით ამარაგებდა. 2015-ში Fifth Third-მა ის ოჰაიოში, სტრატეგიების დირექტორად გადაიბირა და მერე გაუზარდა კიდეც მანდატი, კერძოდ, სპენსი დღეს სამომხმარებლო საბანკო აქტივობებს და გადახდებსაც მეთვალყურეობს, რაც ნიშნავს, რომ Fifth Third-ის $6.9 მილიარდიდან $3 მილიარდზე მაინც არის პასუხისმგებელი. შარშან, სრული კომპენსაციის სახით, შინ $3 მილიონი მიიტანა, რითაც ბანკის მეოთხე ყველაზე მაღალანზღაურებულ აღმასრულებლად იქცა.

Fifth Third-ს 1,143 ფილიალი აქვს, მაგრამ სპენსი ახლა Dobot-ზეა კონცენტრირებული – მობილურ აპლიკაციაზე, რომელიც ბანკმა 2018-ში შეიძინა და წელს ახლიდან გამოუშვა. Dobot-ი მომხმარებლებს დანაზოგებთან დაკავშირებული პერსონალიზებული მიზნების დასახვაში ეხმარება და ავტომატურად გადააქვს ფული მიმდინარედან შემნახველ ანგარიშზე. ,,სულ რაღაც ექვს თვეში 80,000 ჩამოტვირთვის მოწმე გავხდით, თანაც ისე, რომ მარკეტინგზე, ფაქტობრივად, არაფერი დაგვიხარჯავს“, – ამბობს სპენსი. ახალი პროდუქტების დაწინაურება სამწახნაგიანი სტრატეგიის – ,,იყიდე-ითანამშრომლე-შექმენი“ – ერთ- ერთი ნაწილია, სტრატეგიისა, რომელიც სპენსის დახმარებით შემუშავდა, რათა ნეობანკის გამოწვევა დაემარცხებინათ. ,,თანამშრომლობა“ გულისხმობს როგორც ინვესტირებას ფინანსურ ტექნოლოგიებში, ისე ახალბედების მიერ დამტკიცებული სესხების დაფინანსებას. Fifth Third-ს ვრცელი ხელშეკრულება აქვს დადებული მორისის QED-თან, რაც აძლევს შანსს, იმ სტარტაპებში დააბანდოს ფული, რომელთაც ეს ვენჩურ- -კაპიტალის ფირმა აფინანსებს.

QED-თან დაკავშირებული ერთ- ერთი პირველი ინვესტიცია Fifth Third-ისა GreenSky-ში იყო – ატლანტაში დაფუძნებულ ფინანსური ტექნოლოგიის კომპანიაში, რომელიც სესხებს სახლის რემონტისთვის იძლევა (ზოგი ეს სესხი Fifth Third-ის დაფინანსებულია) გენერალური კონტრაქტორების ქსელის მეშვეობით. ამ თანამშრომლობათაგან საუკეთესოები Fifth Third-ს უფრო ახალგაზრდა მსესხებლებთან აძლევს წვდომას, განსაკუთრებით კი მათთან, ვისაც კარგი შემოსავალი აქვს. 2018-ში კომპანია $50-მილიონიან საინვესტიციო რაუნდს გაუძღვა ნიუ- იორკში დაფუძნებული CommonBond-ისთვის, რომელიც სტუდენტური სესხების რეფინანსირებას სთავაზობს მაგისტრატურადამთავრებულებს კონკურენტულ საპროცენტო განაკვეთებში. ანალოგიურად, Fifth Third-ს ორ სანფრანცისკოურ სტარტაპში აქვს ინვესტიცია განხორციელებული – ონლაინ პლატფორმა Lendeavor-ში, რომელიც კერძო კლინიკების გახსნის მოსურნე სტომატოლოგებს დიდ სესხებს აძლევს, და ApplePie Capital-ში, რომელიც სესხს სწრაფი კვების მეფრანშიზეებისთვის გასცემს. “როცა საქმე ვენჩურ-კაპიტალით დაფინანსებულ ჩვენს მეტოქე სტარტაპებზე მიდგება, ყველაზე მეტად იმ ტალანტის მშურს, რომლის საქმეში ჩართვაც შეუძლიათ“, – ამბობს სპენსი. მართალია, სპენსს ნეობანკების ზოგჯერ შურს და ვისთანაც შეუძლია, თანამშრომლობს კიდეც, ის არაა დარწმუნებული, რომ ეს ბანკები მნიშვნელოვნად შეიჭრებიან ტრადიციული ბანკების მოედანზე. “არც ერთ მათგანს არ უჩვენებია, რომ შესწევს ძალა, ტრადიციული საბანკო სფერო დაჯაბნოს“, – ამბობს ის. იმასაც ამატებს, რომ ფიზიკური ფილიალების ქონა კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებს მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარებაში. Javelin-ის ბოლოდროინდელ კვლევაში, სადაც 11,500 მომხმარებელი გამოიკითხა, ონლაინ- შესაძლებლობები და ფილიალის მოსახერხებლობა ერთნაირი რაოდენობის ადამიანმა დაასახელა ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორებად, როცა საქმე ეხება გადაწყვეტილებას, გააგრძელო თუ არა ბანკთან ურთიერთობა.

Fifth Third-ი თავისი ფილიალების საერთო რიცხვს ამცირებს – წელიწადში, საშუალოდ, 3%-ით, მაგრამ ახლებს ხსნის, რომლებიც ახალი ათასწლეულისადმი მეგობრულობით გამოირჩევიან. ეს პლატფორმები ტრადიციული ფილიალების ზომის სულ რაღაც ორ მესამედს წარმოადგენს. ოპერატორთან მდგარი დაკლაკნილი რიგების ნაცვლად, აქ სერვისის ბარებსა და ტახტებით გაწყობილ შეხვედრის სივრცეებს ნახავთ. ტაბლეტებით შეიარაღებული ბანკის თანამშრომლები მომხმარებლებს კართან ეგებებიან, Apple Store-ის სტილში. ეს წამოჭრის კითხვას, გახდება თუ არა რომელიმე ნეობანკი იმდენად წარმატებული, რომ, რაღაც მომენტში, ფიზიკურ პლატფორმასაც გახსნის, ისე როგორც ეს ინტერნეტმოვაჭრეებმა, Warby Parker-მა, Casper-მა და, რა თქმა უნდა, Amazon-მა გააკეთეს. ბოლო- ბოლო, ეს ხომ ადრეც მომხდარა. Capital One-ი პირველი იყო, ვინც 1990-იანების დასაწყისში, საკრედიტო ბარათების გაყიდვის მიზნით, დიდი მონაცემები გამოიყენა, რამაც ის პირველ წარმატებულ ფინანსური ტექნოლოგიის კომპანიად აქცია. მაგრამ 2005-ში მან ტრადიციული ბანკების ყიდვა დაიწყო, დღეს კი ქვეყნის მეათე უმსხვილესი ბანკია – $379 მილიარდის აქტივებითა და 480 ფილიალით.