Nestle კაკაოს ფერმერებს ბავშვების სამუშაო ძალად გამოყენების შესაჩერებლად დამატებით გადაუხდის

Nestle კაკაოს ფერმერებს ბავშვების სამუშაო ძალად გამოყენების შესაჩერებლად დამატებით გადაუხდის

საკვების მწარმოებელი უდიდესი კომპანია, Nestle, კაკაოს მდგრადი მომავლისათვის გამოყოფილ ინვესტიციას უახლოეს მომავალში გაასამმაგებს. ის საკუთარ საქმიანობაში კაკაოს უსაფრთხო და მდგრადი გამოყენებისათვის 1.4 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს. საინტერესოა, რომ აღნიშნული თანხის უდიდესი ნაწილი კაკაოს ფერმერებისათვის პირდაპირ გადახდებს მოხმარდება, რათა საკუთარი მიწოდების ჯაჭვიდან ბავშვთა სამუშაო ძალა სრულად ამოიღონ.

შვეიცარიული კომპანიის განცხადებით, ბავშვების სამუშაო ძალად გამოყენების უმთავრესი მიზეზი უკიდურესი სიღარიბეა. Nestle კი პირველი მულტიეროვნული კომპანია იქნება, რომელიც მის შესაჩერებლად ფერმერებს თანხას პირდაპირ გადაუხდის. სატესტო ქვეყნებად კოტ-დივუარი და განა შეირჩნენ. აღნიშნული სახელმწიფოები შოკოლადის მთავარი ინგრედიენტის ორი უდიდესი მწარმოებლები არიან.

კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ის განასა და კოტ-დივუარში კაკაოს მომპოვებელ შინამეურნეობებს ორი წლის განმავლობაში წლიურად დამატებით დაახლოებით 540 აშშ დოლარს გადაუხდის. ამის შემდეგ კი 2030 წლამდე აღნიშნული თანხა დაახლოებით 270 აშშ დოლარით განისაზღვრება.

2020 წლის კვლევით, ზემოთ აღნიშნულ ორ სახელმწიფოში კაკაოს წარმოების პროცესში დაახლოებით 1.5 მილიონი ბავშვია ჩართული. მათ მუშაობისას ბასრი ნივთების გამოყენება უხდებათ, შეხება აქვთ ქიმიურ ნივთიერებებთან და ხშირად მძიმე ნივთების გადაადგილებაც უწევთ. ამ პრაქტიკის შეცვლისაკენ კი Nestle უდიდეს ნაბიჯს გადადგამს, რაც სხვა კომპანიებისთვისაც სამაგალითო იქნება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *