აზერბაიჯანსა და საქართველოში ერთობლივი ტურისტული კომბინირებული ტურები იგეგმება

აზერბაიჯანსა და საქართველოში ერთობლივი ტურისტული კომბინირებული ტურები იგეგმება

საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა უკვე მრავალ ათეულ წელს ითვლის. ამ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის საუკეთესო დასტური კი არაერთი ერთობლივი პროექტია, რომელთა რიცხვს ამიერიდან კიდევ ერთი შეემატება.

„აზერბაიჯან-საქართველოს კომბინირებული მოგზაურობა“ – ასე ჰქვია პროექტს, რომელშიც ორივე ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ერთობლივი ტურისტული პაკეტის შექმნის მიზანი რეგიონული ტურიზმის განვითარებაა. ოპტიმისტური მოლოდინის საფუძველს კი ნამდვილად ქმნის საქართველოს და აზერბაიჯანის სამოგზაურო-სანახაობრივი პოტენციალი: უნიკალური ისტორია და კულტურა, შთამბეჭდავი ბუნება, ავთენტური ტრადიციები, სხვადასხვა ტიპის ღირსშესანიშნაობები. ორი ქვეყნის ტურისტულ მიმოსვლას და ერთობლივ შეთავაზებას ამარტივებს ისიც, რომ ქვეყნებს შორის მოქმედებს უვიზო რეჟიმი.

პროექტის პრეზენტაცია აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭოს ინიციატივით, თბილისის ცენტრში მდებარე „Azerbaijan Travel“-ის სადემონსტრაციო  დარბაზში გაიმართა. ღონისძიებას წინ უძღვოდა შეხვედრა, რომელსაც  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი კანან გულუზადე ესწრებოდნენ. მათ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს და ყურადღება გაამახვილეს ასევე კოვიდ-პანდემიის გამოწვევებსა და  გავლენაზე ტურიზმის სფეროში.

ერთობლივი სამოგზაურო ტურების ძირითად სამიზნე ჯგუფად ჩინეთის, იაპონიის, ინდონეზიის, მალაიზიის, აშშ-ს, კანადისა და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენელი, შორ მანძილზე მოგზაურობის მსურველები მოიაზრებიან.

ორ ქვეყანას წინ დიდი გეგმები აქვს: საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი პროექტები სტარტს პანდემიის დასრულებისთანავე აიღებს.

მანამდე კი პარტნიორი ქვეყნები ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე თანხმდებიან – იმაზე, რაც აუცილებლად გამოიღებს შედეგს სულ ახლო მომავალში და უდიდეს წვლილს შეიტანს საქართველოს და აზერბაიჯანის ტურისტულ განვითარებაში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *