14 მარტს Netflix-ის ერთი აქციის ფასმა 331 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის მარტის შემდეგ, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამოცხადებიდან დღემდე, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ორშაბათს კომპანიის ფასიანი ქაღალდების ღირებულებამ თითქმის 3%-ით იკლო, ხოლო გასული ნოემბრის რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით, როცა ერთი აქციის ფასმა დაახლოებით 700 აშშ დოლარი შეადგინა, მისი ღირებულება 50%-ით შემცირდა. ამის პარალელურად, ინვესტორები პოპულარული სტრიმინგ-სერვისის აქციების გაყიდვას აგრძელებენ, ვინაიდან ბოლო დროს, გაზრდილი კონკურენციის ფონზე, Netflix-ის გამომწერების ზრდის ტემპი შენელდა, სანაცვლოდ კი ხარჯებმა მოიმატა.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის განმავლობაში Netflix-ის აქციების ფასი 60%-თ გაიზარდა, 2021 წელს კი კომპანიის ფასიანი ქაღალდების ღირებულებამ საერთო ჯამში 11%-იანი ზრდა აჩვენა. ეს დიდწილად კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვებით იყო გამოწვეული, ვინაიდან მოსახლეობა დროის დიდ ნაწილს სახლში ატარებდა. აკრძალვების შემსუბუქების შემდეგ გამომწერების ზრდის ტემპი შენელდა, ვინაიდან ხალხი კინოთეატრებს დაუბრუნდა.
Netflix-მა ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ Apple-ისა და Disney-ს მხრიდან კონკურენცია გაიზარდა. ამას გარდა, კომპანია წარმოების ხარჯების მომატების გამო იძულებული გახდა მიმდინარე წლის დასაწყისში აშშ-სა და კანადაში ფასები გაეზარდა, რაც მისი აბონენტების განწყობასა და გადაწყვეტილებებზე, ბუნებრივია, უარყოფითად აისახებოდა.