Netflix-ის  ,,Squid Game“–ი დაახლოებით $900 მილიონი ღირს - Bloomberg

Netflix-ის  ,,Squid Game“–ი დაახლოებით $900 მილიონი ღირს - Bloomberg

Bloomberg–ის ინფორმაციით, Netflix–ის ახლახან გამოშვებული სერიალი Squid Game–ი $900 მილიონად არის შეფასებული. Bloomberg-ი ამ ინფორმაციას Netflix–ის შიდა დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს. ცხრა ეპიზოდისგან შემდგარი  ტრილერი სექტემბერში გამოვიდა და უპრეცედენტო პოპულარობა მოიპოვა.

სერიალის გადაღება დაახლოებით $21.4 მილიონი დაჯდა. ანგარიშის მიხედვით, 23 დღეში სერიალი 132 მილიონმა ადამიანმა ნახა და მაყურებელთა რაოდენობით გადაასწრო ბრიტანულ დრამას, „Bridgerton“–ს, რომელიც 28 დღეში 82–მა მილიონმა მაყურებელმა იხილა.

Netflix–მა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სერიალს 111 მილიონი მაყურებელი ჰყავდა, მაგრამ Bloomberg–ის ინფორმაციით ეს რიცხვები უფრო ძველ მონაცემებს ემყარება.

Netflix–მა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. კომპანიის ადვოკატმა კი Bloomberg-ს განუცხადა, რომ კონფიდენციალური ინფორმაციის გასაჯაროება მათი მხრიდან შეუსაბამო საქციელი იყო.

Netflix–ის შეფასებით, Squid Game–ის მაყურებელთა 89%–მა ერთზე მეტ ეპიზოდს უყურა, ხოლო 68%-მა სერიალის ყურება პირველი 23 დღის განმავლობაში დაასრულა.

Squid Game–ი პლატფორმის პირველი კორეული სერიალია, რომელიც  შეერთებულ შტატებშიც ყველაზე პოპულარული აღმოჩნდა და საზოგადოებაში კორეული ენის სწავლის ინტერესიც კი გამოიწვია.

შოუს  დადებითი გამოხმაურება მოჰყვა Amazon–ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსისგან. მილიარდერმა ნამუშევარს  „შთამბეჭდავი და შთამაგონებელი“ უწოდა. საინტერესოა, რომ Amazon–ის სტრიმინგსერვისი  Prime Video  Netflix–ის კონკურენტია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *