Facebook-ი კომპანიის სახელწოდების შეცვლაზე ფიქრობს

Facebook-ი კომპანიის სახელწოდების შეცვლაზე ფიქრობს

როგორც ჩანს, მომავალ კვირას, Facebook-ი კომპანიის სახელწოდებას შეიცვლის, რათა ახალმა სახელწოდებამ კომპანიის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის მეტავერსის შექმნის ამბიციური გეგმა უკეთესად ასახოს, – ამის შესახებ გამოცემა The Verge წერს.

მოსალოდნელია, რომ კომპანიის სახელწოდების ცვლილებაზე ცუკერბერგი 28 ოქტომბერს, Facebook-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე ისაუბრებს, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ კომპანიის რებრენდინგის შესახებ უფრო ადრე გავიგოთ. ასეა თუ ისე, დიდ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ: როგორც ჩანს, სოციალური ქსელი Facebook-ი კომპანიის მფლობელობაში არსებულ ერთ-ერთ კომპანიად, ან პროდუქტად გადაკეთდება და Instagram-ის, Whatsapp-ის, Oculus-ისა და სხვათა შორის მოხვდება.

აღსანიშნავია, რომ ვირტუალური და გაფართოებული რეალობის სათვალეების და  მეტავერსისათვის საჭირო სხვა აპარატურის შექმნაზე Facebook-ში ათი ათასი ადამიანი უკვე მუშაობს, ხოლო მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში კომპანია კიდევ ათი ათასი ადამიანის დამატებას გეგმავს. ამას გარდა, ცუკერბერგმა ჯერ კიდევ ივლისში თქვა, რომ სურს, მომხმარებლებმა Facebook-ი მეტავერსად აღიქვან და არა – სოციალურ მედიად.

The Verge-ის ინფორმაციით, კომპანიის ახალი სახელწოდება საიდუმლოა და ის კომპანიის ბევრმა აღმასრულებელმა წევრმაც კი არ იცის. გამოცემაში ვარაუდობენ, რომ სახელწოდება დაკავშირებული იქნება Facebook-ის ექსპერიმენტებთან ვირტუალური რეალობის სფეროში და ის Horizon-ის მსგავსი იქნება.

ცნობისთვის, Facebook-ი არ იქნება პირველი გიგანტური კომპანია, რომელიც სახელწოდებას შეიცვლის. 2015 წელს Google-ი და მისი სხვა პროდუქტები მშობელი კომპანიის, Alphabet-ის ქვეშ მოექცა, რათა დაემტკიცებინათ, რომ Google-ი საძიებო სისტემაზე ბევრად მეტი იყო. მსგავსი ცვლილება განიცადა Snapchat-მაც, რომელიც 2016 წლის შემდეგ კამერაზე ფოკუსირებული კომპანია გახდა და სახელიც შესაბამისი დაირქვა – Snap Inc.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *