დასავლეთ აფრიკის სახელმწიფო ნიგერში სამხედროებმა ეროვნული ტელევიზიის საშუალებით სახელმწიფო გადატრიალება გამოაცხადეს – ქვეყანაში ყველა ინსტიტუტის მუშაობა შეაჩერეს, კომენდანტის საათი დააწესეს და საზღვრებიც ჩაკეტეს. მოგვიანებით გვარდიის ჯარებმა პრეზიდენტ მუჰამედ ბაზუმის გადაყენების შესახებაც აცნობეს საზოგადოებას, რომელიც მანამდე, რამდენიმე საათის განმავლობაში პრეზიდენტის რეზიდენციაში ჰყავდათ გამოკეტილი.
ჯგუფის სპიკერ, პოლკოვნიკ ამადუ აბდრამანის ინფორმაციით, თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებმა ქვეყანაში იმ რეჟიმის დასრულება გადაწყვიტეს, რომელიც ცუდი მმართველობითა და უსაფრთხოების გაუარესებული მდგომარეობით გამოირჩეოდა. თუმცა, პრეზიდენტმა ბაზუმმა Twitter-ის საშუალებით, პირობა დადო, რომ დაიცავს ქვეყნისთვის „ძნელად მოპოვებულ“ დემოკრატიულ მიღწევებს, რადგან ეს, იმ ნიგერელთა სურვილია, რომელთაც დემოკრატია და თავისუფლება უყვართ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ზარით, ნიგერის პრეზიდენტს ურყევი მხარდაჭერა უკვე გამოუცხადა ვაშინგტონმა. მუჰამედ ბაზუმის ესაუბრა და დახმარება შესთავაზა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმაც. ცნობისთვის, ურანით მდიდარი სახელმწიფო რეგიონში ისლამისტური ძალების წინააღმდეგ დასავლეთის მთავარი მოკავშირეა.
1960 წელს, საფრანგეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ეს დასავლეთ აფრიკული ქვეყნის ისტორიაში რიგით მეხუთე წარმატებული სამხედრო გადატრიალებაა.
1974 წლის აპრილში, ლეიტენანტ სეინი კუნჩეს ხელმძღვანელობით დაწყებული სამხედრო გადატრიალების შედეგად, ჰამანი დიორის 14-წლიანი მმართველობა დასრულდა – აჯანყებულებმა გააუქმეს ქვეყნის კონსტიტუცია, ხოლო ეროვნული ასამბლეა დაითხოვეს. შემდგომში კუნჩემ, სამთავრობო საქმეების გასაკონტროლებლად, 12-წევრიანი უმაღლესი სამხედრო საბჭო ჩამოაყალიბა. არსებული ინფორმაციით, გადატრიალებას 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
1996 წლის იანვარში დაწყებული სამხედრო გადატრიალება პრეზიდენტ მაჰამან უსმანისა და პრემიერ ჰამა ამადუს დამხობას ისახავდა მიზნად. არმიის ოფიცრების განცხადებით, მათი პოლიტიკური ჩიხი ეკონომიკური რეფორმებისთვის საფრთხისშემცველი იყო, რაც ყოფილი კოლონიური ძალის, საფრანგეთის რისხვას იწვევდა. გადატრიალების შედეგად ქვეყნის სათავეში შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი იბრაჰიმ ბარე მაინასარა მოვიდა.
1999 წელს, დისიდენტი ჯარისკაცების მიერ მაინასარას მკვლელობით კი, ნიგერში რიგით მესამე სამხედრო გადატრიალება დაიწყო. ხელისუფლება ხელში პრეზიდენტის გვარდიის მეთაურმა დაუდა მალამ ვანკემ აიღო. საპრეზიდენტო არჩევნებში კი, ყოფილი პრემიერი მაჰამადუ ისუფუ, მამადუ ტანჯამ დაამარცხა. საერთაშორისო დამკვირვებლებმა 1999 წლის გადატრიალების შემდეგ ჩატარებული არჩევნები სამართლიანად ცნეს.
2010 წელს, სამხედრო ლიდერების ჯგუფმა, რომელიც საკუთარ თავს „დემოკრატიის აღდგენის უმაღლეს საბჭოს“ უწოდებდა, გენერალ სალუ ჯიბოს მეთაურობით, პრეზიდენტი ტანჯა ტყვედ აიყვანეს, კონსტიტუციის ანულირება მოახდინეს და ყველა სახელმწიფო ორგანოს მუშაობა შეაჩერეს. აჯანყებულებმა ტანჯა კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულეს და ნიგერის „დემოკრატიისა და კარგი მმართველობის ნიმუშად“ გადაქცევის პირობა დადეს.
ნიგერში პოლიტიკური დაძაბულობა 2009 წელს, ტანჯას მიერ პარლამენტის დათხოვნის შემდეგ მატულობდა. პარლამენტის დათხოვნასთან ერთად კი, პრეზიდენტმა საკუთარი მანდატი, რეფერენდუმის ჩატარების გარეშე, მეორე ვადითაც გააგრძელა. გადატრიალების შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვებულად, ქვეყნის ყოფილი პრემიერი ისუფუ გამოცხადდა.
მიმდინარე წლის 26 ივლისს კი, პრეზიდენტის გვარდიის წევრებმა გენერალ ომარ ჩიანის მეთაურობით, პრეზიდენტი ბაზუმი მისივე რეზიდენციაში დაატყვევეს. აჯანყებამ რეგიონული და საერთაშორისო შეშფოთება გამოიწვია. აჯანყებულთა გადაწყვეტილებით ჩაიკეტა სახმელეთო და საჰაერო საზღვრები, დაიხურა ყველა დაწესებულება და ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი გამოცხადდა. ნიგერის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰასუმი მასუდუმ აჯანყებულებს დიალოგისკენ მოუწოდა.