AstraZeneca $1 მილიარდად Pfizer-ის გენური თერაპიის პორტფელს შეიძენს

AstraZeneca $1 მილიარდად Pfizer-ის გენური თერაპიის პორტფელს შეიძენს

ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მისი დანაყოფი Alexion-ი ამერიკული Pfizer-ის იშვიათი დაავადებების სამკურნალოდ განკუთვნილ გენური თერაპიის პორტფელს შეიძენს. ამის შესახებ მედიასააგენტო Reuters-ი წერს.

როგორც ირკვევა, გარიგების ღირებულება დაახლოებით $1 მილიარდს შეადგენს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ შეთანხმება გაყიდვებზე ჰონორარსაც ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, AstraZeneca-მ Alexion 2021 წელს შეიძინა. ის იშვიათ დაავადებებზეა ფოკუსირებული. კომპანია Pfizer-თან გარიგების დახურვას მიმდინარე წლის მესამე კვარტალში გეგმავს.

გარიგების შედეგად, AstraZeneca-სა და Alexion-ის ხელში გადავა ახალი ადენო-ასოცირებული ვირუსის (AAV) კაფსიდები. ბრიტანულ-შვედური კომპანიის განცხადებით, AAV-ის კაფსიდები ეფექტიანი მექანიზმია გენური თერაპიისა და გენის რედაქტირებისთვის და დანიშნულების ადგილამდე საჭირო ნივთიერებებისა და მასალის მიწოდებას უზრუნველყოფს.

როგორც AstraZeneca აღნიშნავს, ამ გარიგებით, გენურ მედიცინაში მისი და Alexion-ის პოზიციები მნიშვნელოვნად გამყარდება.