სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი ამერიკული კომპანია Nike-ი, ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის ბრენდის წარმოებაში დაბრუნებას გეგმავს. გაყიდვიდან მიღებული წილი 2020 წელს ავიაკატასტროფაში ტრაგიკულად დაღუპული კალათბურთელის ოჯახს გადაეცემა.
Nike-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯონ დონაჰოს ინფორმაციით, კობის ხაზის ხელახალი გაშვება მიმდინარე წლის 24 აგვისტოდან იგეგმება. თარიღი კალათბურთელის დაბადების დღისა და Los Angeles Lakers-ში მისი მაისურის ნომრიდან გამომდინარე შეირჩა. Nike-ში აცნობიერებენ, რომ კობის ბრენდი ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ხაზია სპორტული ტანსაცმლის ისტორიაში და ჯორდანის ბრენდის მსგავსი წარმატების მიღწევის პოტენციალი აქვს.
Nike Kobe 11-ის შემდეგ, კობის ბრენდის ოფიციალური ხაზის წარმოება შეწყდა, თუმცა ძველი მოდელები გაყიდვაში კვლავ რჩებოდა. ახალი გეგმით, ამერიკულ კომპანიას ბაზარზე Kobe 12-ის მოდელების გამოტანა სურს, სამომავლოდ კი, განუსაზღვრელი ვადით, ახალი მოდელების წარმოებასაც გააგრძელებს.
კობის ხაზის ყველაზე პოპულარულ დიზაინებს შორისაა Kobe 8-ის, Kobe 10-ისა და Kobe Protro-ს სერიები. თუმცა კალათბურთელთან თანამშრომლობით შექმნილ სპორტულ ფეხსაცმელებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით Kobe 6-ის „Reverse Grinch“-ი სარგებლობს.