ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი „ტორპედო ქუთაისის“ მფლობელი გახდა

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი „ტორპედო ქუთაისის“ მფლობელი გახდა

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი საფეხბურთო კლუბ „ტორპედო ქუთაისის“   გასასხვისებლად გამოცხადებული აუქციონის გამარჯვებული და კლუბის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა. გარიგების თანახმად, უნივერსიტეტმა თავის თავზე აიღო კლუბის ყველა არსებული ვალდებულების გასტუმრება, ასევე მისი უზრუნველყოფა ყოველწლიურად მინიმუმ 4 000 000 ლარის ბიუჯეტით.

უნივერსიტეტის წარმომადგენლები საკუთარი მისიის ფარგლებში საქართველოს რეგიონებისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივების იდენტიფიცირების მიზნით იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ქუთაისის მერიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათ მიერ „ტორპედო ქუთაისის“ ხელშეწყობა რეგიონული განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახელდა. შესაბამისად, უნივერსიტეტმა საფეხბურთო კლუბის შეძენა გადაწყვიტა, რაც მიზნად ისახავს როგორც ფეხბურთის, ისე რეგიონული განვითარების ხელშეწყობას.

ახალ მფლობელს 2021 წლის ბოლომდე განსაზღვრული აქვს 3 მილიონი ლარის ინვესტირება კლუბის მიმდინარე დავალიანების დასაფარად და შემდგომი განვითარების დასაგეგმად. აუქციონის გამოცხადებამდე, უნივერსიტეტი ტორპედო ქუთაისის გენერალური სპონსორი გახდა და ნახევარი მილიონის ინვესტირება უკვე განახორციელა კლუბის დასახმარებლად.

„მომავალში კლუბის ბიუჯეტი მისი განვითარების პროპორციულად გაიზრდება, რაიმე ლიმიტი განსაზღვრული არ გვაქვს და განხორციელდება იმ მოცულობის ინვესტიცია, რაც კლუბის ღირსეულ განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩვენ გვაქვს გუნდის განვითარების როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი ხედვა“ – განმარტავს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის კანცლერი ეკა არაზაშვილი.

მოკლევადიანი გეგმის თანახმად, უნივერსიტეტი შექმნის ყველანაირ პირობას, რომ გუნდის თითოეულმა ფეხბურთელმა თავი იგრძნოს დაფასებულად და დაცულად, არ იფიქროს სპორტულ ფორმაზე, აღჭურვილობაზე, სადაზღვევო პაკეტზე, ხელფასების დროულ ჩარიცხვაზე და ა.შ. მათი ერთადერთი „გამოწვევა“ უნდა იყოს საუკეთესო სპორტული ფორმის შენარჩუნება, პერსონალურ და გუნდურ განვითარებაზე ზრუნვა და  საუკეთესო შესაძლო სპორტული შედეგების მიღწევა.

გრძელვადიანი ხედვით, დროის და რესურსის ინვესტირება ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაში მოხდება. აქ იგულისხმება როგორც თანამედროვე სასწავლო-საწვრთნელი ინფრასტრუქტურა, ასევე საერთაშორისო გამოცდილების მქონე როგორც ქართველი, ისე უცხოელი მწვრთნელების მოზიდვა და ევროპული ტრადიციების საფეხბურთო სკოლის შემდგომი განვითარება.

„ბავშვთა ფეხბურთი არის ფუნდამენტი, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მომავალში „ქუთაისის ტორპედოსა“ და ასევე სხვა გუნდების განვითარებაშიც. ჩვენ ასევე თბილისში ვავითარებთ სპორტულ კლუბს „ნიუ ვიჟენი“, სხვადასხვა სპორტული სახეობების ხელშეწყობისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურით. იგეგმება თანამედროვე სტანდარტების სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრის მშენებლობაც. ვგეგმავთ სპორტული ინფრასტრუქტურისა და აქტივობების განხორციელებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში“ – განმარტავს ეკა აზარაშვილი

ცნობისთვის, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი პარასპორტის განვითარებაშიცაა ჩართული. ის არის ა(ა)იპ „ბავშვთა პარასპორტის განვითარების ასოციაციის“ თანადამფუძნებელი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *