უკრაინისათვის სამხედრო და ფინანსური დახმარების მიწოდების საკითხი ბოლო პერიოდში კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა. მიზეზი კი ისაა, რომ აშშ-ის კონგრესში უკრაინის დახმარების მრავალმილიარდიანი პაკეტი კვლავ არ მტკიცდება. ამის ფონზე უკრაინელი პოლიტიკოსები სულ უფრო აქტიურად იწყებენ რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად საჭირო ფინანსების მოზიდვის ალტერნატიული გზების ძიებას. თუმცა ალტერნატივა არც ისე ფართოა.
ერთ-ერთი ალტერნატივა საშემოსავლო გადასახადის გაზრდაა, რაც ისედაც დაუძლურებული ეკონომიკისთვის შესაძლოა კიდევ უფრო დამაზარალებელი აღმოჩნდეს. კიდევ ერთი შესაძლებლობა სოციალური ხარჯების შემცირებაა. მონეტარული ბერკეტი კი, უკრაინის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ეროვნულ ვალუტაზე უარყოფით გავლენას იქონიებს და მას კიდევ უფრო გააუფასურებს.
ამ მდგომარეობის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში იმყოფება, სადაც ის კონგრესის წინაშე წარდგება და დახმარების შეფერხებულ $60-მილიარდიან პაკეტზე ისაუბრებს. ამერიკული დახმარების პარალელურად, ევროკავშირის ფინანსური დახმარების $53-მილიარდიან პაკეტს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ბლოკავს.
ამერიკული და ევროპული დახმარების შეწყვეტა, უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებებით, ვლადიმირ პუტინს პოტენციურად გამარჯვებასთან აახლოებს. ამჟამად უკრაინის ბიუჯეტის დეფიციტი ეკონომიკის დაახლოებით 1/5-ს შეადგენს. შემოსავლების ხელოვნურად გასაზრდელად კი ფინანსთა მინისტრი ეროვნული ბანკისაგან ვალუტის დევალვაციას ითხოვს.
უკრაინელი პოლიტიკოსების მთავრობისათვის შეთავაზებული კიდევ ერთი ალტერნატივა მეტი ფულის დაბეჭდვაა. გასულ წელს უკრაინის ეროვნულმა ბანკმა სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ობლიგაციების შესყიდვით $10.9 მილიარდის შემოსავალი მიიღო.
თუმცა ყველაზე დიდი მოცულობის დახმარებას უკრაინა მაინც საერთაშორისო დონორებისაგან იღებდა. დახმარების ნაკადები კი უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე თითქმის 90%-ით შემცირდა. შესაბამისად, უკრაინის ფინანსური შესაძლებლობები სულ უფრო მცირდება.