საქართველოს ბანკის, Visa-სა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივ პროექტში, „შარქ თენქ საქართველო“, თამაშების მწარმოებელმა ქართულმა კომპანია Onyx Wings Studio-მ, 250 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია მოიზიდა. ტელეგადაცემა პოპულარული შოუს, Shark Tank-ის ქართული ოფიციალური ანალოგია, რომელიც დამწყებ ბიზნესებსა და კომპანიებში ინვესტიციების განხორციელებას ისახავს მიზნად.
თამაშების მწარმოებელი ქართული კომპანია რამდენიმე მეგობრის მიერ შექმნილი სტარტაპია, რომელიც სამომავლოდ საერთაშორისო ბაზარზე გასვლასაც გეგმავს. კომპანიამ 250 000 ლარის სანაცვლოდ 49%-იანი წილი დათმო. ინვესტორებს კი მენი ბენიში, სოსო ფხაკაძე და დაჩი ჭოლაძე წარმოადგენენ. კომპანიისა და მათი სამომავლო გეგმების შესახებ უფრო მეტის გასაგებად, Forbes Georgia კომპანიის მარკეტის ანალიტიკოსს, ირაკლი ჭოლოკავას ესაუბრა. გთავაზობთ ინტერვიუს ირაკლი ჭოლოკავასთან, Onyx Wings Studio-ს მარკეტის ანალიტიკოსთან.
ირაკლი, მოგვიყევით, როგორ დაარსდა თქვენი კომპანია, სად შეხვდით ერთმანეთს და რა გაკავშირებდათ მანამდე?
Onyx Wings Studio-ს დაარსების იდეა დაიბადა თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში. აბსოლუტურად სხვადასხვა ბექგრაუნდის მქონე სტუდენტები გავერთიანდით საერთო იდეის გარშემო – გვინდოდა თამაშებისადმი ჩვენი სიყვარული და ენთუზიაზმი რეალურ საქმედ გვექცია და თავად დაგვეწყო კომპიუტერული თამაშების წარმოება. გუნდში გვყავს მხატვარი, დიზაინერი, დეველოპერი და კომპოზიტორი, შესაბამისად, საწყის ეტაპზე დემო-ვერსიის შექმნისთვის არ დაგვჭირვებია დამატებითი სახსრების მოზიდვა, მაგალითად ისეთის, როგორიც 3F-ია. ერთი წლის განმავლობაში გუნდის თითოეული წევრი მუშაობდა სიყვარულითა და ენთუზიაზმით საკუთარი როლის ფარგლებში, ასე მოვედით „შარქ თენქამდე“.
რატომ სათამაშო ინდუსტრია? ეს გუნდის გადაწყვეტილება იყო თუ ჯერ იდეა გაჩნდა და შემდეგ შემოიკრიბა გუნდიც მის გარშემო?
ჯერ კომპანიის შექმნის იდეა იყო და შემდეგ კონკრეტულად თამაში სახელწოდებით – Mistcaller-ი. ხშირად ხდება, რომ კომპანია რაღაც პროდუქტის შესაქმნელად ყალიბდება და ორგანიზაციის დაარსებამდე გუნდის წევრებმა ნათლად იციან, თუ რის გაკეთება სურთ, მაგრამ ჩვენ გუნდის ჩამოყალიბებისას ზოგადი ინსპირაცია გვქონდა და მხოლოდ შემდეგ დავფიქრდით მეტ კონკრეტიზაციაზე – რა სჭირდებოდა მომხმარებელს ყველაზე მეტად, სად იყო მოთხოვნა მიწოდებაზე მეტი. ის, რომ გეიმინგის ინდუსტრიას ვუმიზნებდით, თავიდანვე ვიცოდით.
როგორია მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზე თქვენი მომსახურებისადმი? შეძლებთ საქართველოში ოპერირებას თუ თქვენი მიზანი საერთაშორისო ბაზარზე გასვლაა?
საქართველოში მოთხოვნა სავსებით ნორმალური და სტაბილურია, თუმცა აქ არსებობს ბევრი „მაგრამ“-ფაქტორი. ქართველ მომხმარებლებს, ჩვენი დაკვირვებით, უფრო მეტად უფასო თამაშები იზიდავთ და მომხმარებელთა მეტი კონცენტრაცია მობილურ ტელეფონს – ანდროიდ/აიოს სისტემებს იყენებს. ასევე, ქართული ბაზარი მოსახლეობის არცთუ ისე დიდი პოპულაციის გამო, არ გვესახება იმ ადგილად, რომელიც საკმარისია გეიმინგბიზნესის გასამართად. ამ მიზეზების გამო ჩვენი თვალთახედვა უფრო ევროპისა და ამერიკისკენ არის მიმართული. უცხოურ ქვეყენებში გაცილებით დიდია ბაზრის საჩვენო სეგმენტი, ცალსახა და მკაფიოა Puzzle-Platform-მიმდინარეობა და მომხმარებლებში ერთგვარი კულტურაც კია თამაშებში ფულის გადახდა. აქვე დავძენ, რომ ქართველ გეიმერებს გული არ უნდა დაწყდეთ, რადგან ჩვენს თამაშებზე წვდომა მათაც ექნებათ და მეტიც – ვცდილობთ, In-Game-სიუჟეტში ქართული ელემენტები ჩავრთოთ, იქნება ეს ტანისამოსი, ანდაზები, ფრაზები თუ სხვა. ასე რომ, იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი თამაშის launch-ს ელოდებიან, სიურპრიზებს ვპირდებით. ქართველ გულშემატკივრებს განსაკუთრებული მადლობა – მათგან წამოსული პოზიტივი გამბედაობას გვმატებს!
ირაკლი, გარდა ინვესტიციისა, როგორ ფიქრობთ, რაში გამოიხატება „შარქების“ მხარდაჭერა?
ზოგადად, ნებისმიერი კომპანიის წარმატების საიდუმლო არის 4+2 ფორმულა. ოთხი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლადი არის: სტრატეგია, აღსრულება, კულტურა და სტრუქტურა. დამატებითი ორი ჩვენს შემთხვევაში ტალანტი (ინდივიდუალური ნიჭი შემოქმედებაში) და პარტნიორებია (იქნება ეს დისტრიბუტორები თუ ფაბლიშერები). „შარქების“ მხარდაჭერა ამ წარმატების ფორმულის მიხედვით ყველაზე უკეთ სტრატეგიისა და პარტნიორების ნაწილში გამოიხატება. ისინი გვეხმარებიან ბიზნესსქემის დაგეგმარებაში, ჰყავთ მნიშვნელოვანი კონტაქტები და ამ კუთხით მზად არიან კომპანიის წინ წასაწევად. ფორმულის დანარჩენი ცვლადები გუნდის პასუხისმგებლობაა და ვფიქრობთ, რომ გასულმა ერთმა წელიწადმა ეს ყოველივე კარგად ჩამოგვიყალიბა.
როგორია კომპანიის მიზნები უახლოესი ერთი წლის განმავლობაში?
უახლოესი ერთი წელიწადი მეტად მნიშვნელოვანი პერიოდია ჩვენი კომპანიისთვის. ეს არის დრო, როდესაც ბევრ რამეს დავამტკიცებთ და მსოფლიოს გავაცნობთ ჩვენს თავს. Mistcaller-ი დასრულდება შემდგომ წელს, დაილანჩება უცხოურ ბაზრებზე და ასევე, ვიმუშავებთ სხვა შეკვეთებზე. ამრიგად, შემართებითა და ნაცნობი ენთუზიაზმით ველოდებით მომდევნო წელს.
აპირებთ თუ არა გუნდის გაფართოებას, სხვა ინვესტიციების მოზიდვას?
გუნდის გაფართოებას ეტაპობრივად ვაპირებთ. ჩვენი მიზანი არის რამდენიმე პარალელურ პროექტზე ერთდროულად მუშობა ისე, რომ ხარისხი ოპტიმალურ დონეზე გვქონდეს. გუნდის გაფართოების დროს არც უნდა ვიჩქაროთ და არც უნდა დავაგვიანოთ, ამიტომ ვსწავლობთ იმ ტემპს, რაც ჩვენს ინდუსტრიას ახასიათებს და ამ რიტმის შესაბამისად ვვითარდებით/ვფართოვდებით.
ინვესტიცია, ცხადია, დაგვჭირდება. შარქებისგან მოზიდული სახსრები არის პირველი ბიძგი, თუმცა დროსთან და ზრდასთან ერთად მეტი კაპიტალი დაგვჭირდება. როდესაც დავამტკიცებთ, რომ ჩვენი მიზნები სავსებით რეალური და ხელშესახებია, ამ რწმენაში შარქებიც უფრო ღრმად გამოგვყვებიან და მოახდენენ დამატებითი თანხის ინიექციას, თუ ეს საჭირო გახდება. ასევე, აქტიურად ვეცდებით გრანტებითა და სხვა პროექტებით დაფინანსების მოპოვებასაც.
ბოლოს კი, როგორ ფიქრობთ, სად იქნება კომპანია 10 წლის შემდეგ?
სად იქნება ჩვენი კომპანია ათი წლის შემდეგ? ეს დრო იმდენად დიდია, რომ ჩვენს შთაგონებას უსაზღვრო ორიენტირს უსახავს. მოდი, ასე ვიტყვი – ათი წლის შემდეგ Onyx Wings Studio იქნება გასართობი ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია მსოფლიო მასშტაბით. ჩვენი შემოქმედება დივერსიფიცირებული იქნება უამრავი ტრენდული დარგის, ჟანრისა და მიმდინარეობის თამაშებით. გვექნება სერიოზული R&D-მიმართულება, რომელიც მოგვცემს საშუალებას, მუდმივად დავეწიოთ ანდა გავასწროთ კიდეც სხვათა ტემპს. ასევე, ათი წლის შემდეგ, წარმომიდგენია, რომ ყველა ჩვენს გლობალურ მომხმარებელს ეცოდინება საქართველოს შესახებ – მუდამ ვეცდებით ჩვენი სამშობლოს სახელისა და ღირსების წარდგენას თამაშებში მრავალფეროვანი ელემენტების ჩართვით. მესმის, ეს მიზნები ძალიან შორი და არარეალური ჩანს, მაგრამ გვჯერა, რომ – “თუ ოცნებები არ გაშინებენ, ეს ოცნებები საკმარისად დიდი არ ყოფილა” ( Ellen Sirleaf ).