Forbes Auto: გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

Forbes Auto: გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

Forbes Georgia გასული კვირის მთავარ სიახლეებს წარმოგიდგენთ საავტომობილო ინდუსტრიიდან. მიმდინარე კვირის ბლოგში თქვენ გაიგებთ, თუ ვინ გახდა ფორმულა 1-ის 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული, რა ფასად შეძლებთ 2022 წლის Mustang Mach-E მოდელების შეძენას, რა ინფორმაცია მოჰპარეს შვედურ Volvo-ს ჰაკერებმა და რომელი პიკაპი დასახელდა წლის სატვირთო ავტომობილად MotorTrend-ის მიხედვით.

F1 2021-ის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა, ტიტული ნიდერლანდელმა მაქს ფერსტაპენმა მოიპოვა

თითქმის ერთწლიანი ვნებათაღელვის შემდეგ ფორმულა 1-ის წლის ტურნირი დასრულებულია. ბრიტანულ-ნიდერლანდურ დუელში გამარჯვებული ჰოლანდიელი პილოტი   გამოვიდა. მაქს ფერსტაპენმა შვიდგზის ჩემპიონს, Mercedes Benz-ის მრბოლელს, ლუის ჰამილტონს ბოლო 5 კილომეტრში გადაასწრო. შეუცვლელი საბურავების გამო კი ბრიტანელმა პირველ პოზიციაზე დაბრუნება ვეღარ მოახერხა და ტურნირში მეორე ადგილს დასჯერდა.

24 წლის ჩემპიონს აბუ-დაბის გრან-პრიზე მოპოვებული გამარჯვების ჯილდო შეჯიბრიდან ოთხ დღეში პარიზში გადასცეს. თუმცა საინტერესოა, რომ დაჯილდოებას ლუის ჰამილტონი არ დასწრებია. მაქს ფერსტაპენი F1-ის 34-ე ჩემპიონი და მეოთხე ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა. მისი განცხადებით, მთავარი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულია, ყველაფერი დანარჩენი კი მხოლოდ ბონუსია.

სიტყვით გამოსვლისას ნიდერლანდელმა ლუის ჰამილტონზეც ისაუბრა და ახსენა, რომ ის ღირსეული მოწინააღმდეგეა. „შესანიშნავი შეგრძნებაა F1-ის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მრბოლელთან ჭიდილი, რბოლისას ჩვენ ერთმანეთს ვაძლევდით მოტივაციას“.

როგორც აღვნიშნე, დაჯილდოებას არც ლუის ჰამილტონი და არც Mercedes-ის გუნდის ხელმძღვანელი ტოტო ვულფი არ ესწრებოდნენ. ამისდა მიუხედავად, „მერსედესის“ ბოლიდმა ზედიზედ მერვედ დაიმსახურა პრიზი. თუმცა, გერმანელებმა პარიზში საკუთარი ეგზემპლარები არ გაგზავნეს.

უდავოა, რომ წლევანდელი დაპირისპირება საკმაოდ საინტერესო გამოდგა და ფორმულა 1-ის გულშემატკივრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ამაღელვებელი რბოლის მომსწრენი გახდნენ. თუმცა, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მომავალ წელს არსებული დაპირისპირება კიდევ უფრო გამძაფრდება და მოდუნების საშუალებას არ მოგვცემს. ამისათვის კი საჭიროა, რომ ორივე სპორტსმენი აქტიურ სპორტში კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დარჩნენ.

Ford-მა ახალი, 2022 წლის, Mustang Mach-E-ის ფასები და სპეციფიკაციები დააანონსა

ამერიკულმა ავტომწარმოებელმა, Ford-მა, საკუთარი ახალი ელექტრომობილის, Mustang Mach-E-ის შემდეგი წლის მოდელების ფასები და სპეფიციკაციები დააანონსა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ჯიმ ფარლის, განცხადებით, Ford-ი შემდეგი წლებისათვის ავტომობილის წარმოების რაოდენობას გაასამმაგებს და 2023 წელს 200 000 ერთეულს გამოუშვებს.

პირველად ფასების ცვლილების შესახებ ცნობილი გასულ კვირას გახდა. საავტომობილო დილერების ინფორმაციით, სხვადასხვა მოდელზე ფასები დაახლოებით 1000-დან 2000 აშშ დოლარამდე მოიმატებდა, რიგ შემთხვევებში კი 3000 აშშ დოლარითაც გაიზრდებოდა. საინტერესოა, რომ ინფლაციის, ჩიპების დეფიციტისა და სხვა პრობლემების გამო ფასების მომატება თითქმის ყველა ელექტრომობილების მწარმოებელს მოუხდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

უფრო კონკრეტულად კი, 2021 წლის 8 დეკემბრიდან Mustang Mach-E Select-ის ფასი 1000 აშშ დოლარით მოიმატებს, California Route 1-ის ღირებულება კი 2000 დოლარით გაიზრდება. ამავე ოდენობით გაიზრდება GT ვერსიის ფასი, Premium-მოდელის ღირებულება კი 1000 აშშ დოლარით მოიმატებს.

ცნობისათვის, 2022 წლის Ford Mustang Mach-E-ის შეკვეთა უკვე შესაძლებელია Ford-ის ოფიციალურ საიტზე და მისი ღირებულება 43 895 აშშ დოლარიდან იწყება. თუმცა, არც ის უნდა ვიფიქროთ, რომ ავტომწარმოებელი ფასების ზრდის გარდა არაფერს გვთავაზობს. ასე ნამდვილად არ არის. მაგალითად, Mustang Mach-E California Route 1-ის ახალი მოდელი ერთი სრული დამუხტვით 505 კილომეტრს გაივლის და მას ოთხივე წამყვანი საბურავი ექნება. სხვა მოდელებისათვის ცვლილებები ძირითადად ვიზუალურ მხარეში გამოიხატება და ავტომობილის ფერების ხელმისაწვდომ კატალოგს შეეხება.

Toyota კონკურენტებთან ჩამორჩენის აღმოსახვრელად ელექტრომობილებზე 35 მილიარდ აშშ დოლარს დახარჯავს

აზიური ავტომწარმოებელი, Toyota, ელექტრომობილების დანაყოფში 35 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. აღნიშნული თანხა კი სრულად მოხმარდება გლობალურ ავტომწარმოებლებთან მწვანე ავტომობილების შექმნის თაობაზე რბოლას.

მსოფლიოს ყველაზე დიდი ავტომწარმოებლის განცხადებით, Tesla-სთან, GM-სა და Volkswagen-თან კონკურენციის გასაწევად ინვესტიცია 2022 წლიდან 2030 წლამდე ეტაპობრივად განაწილდება. თანხის ყველაზე დიდი ნაწილი მაინც ელექტროძრავების ელემენტების შექმნას მოხმარდება. 4.4 მილიარდი აშშ დოლარი კი ტექნოლოგიის დახვეწაზე დაიხარჯება. ეს უკანასკნელი იმ 13.2 მილიარდ დოლარს დაემატება, რაც კომპანიამ ცოტა ხნის წინათ დააანონსა.

ამჟამად ავტომწარმოებელი წელიწადში მხოლოდ რამდენიმე ათას ელექტრომობილს ყიდის. თუმცა Toyota 2030 წლამდე 30 ახალი ელექტრომობილის წარდგენას აპირებს. შედეგად კი, მათი გათვლებით, ყოველწლიურად გაყიდული ელექტრომობილების რიცხვი 2030 წლისათვის 3.5 მილიონ ერთეულს გაუტოლდება. ეს რაოდენობა კი დაახლოებით მესამედია იმისა, რასაც ამჟამად კომპანია ყოველწლიურად ყიდის. გასულ ფისკალურ წელს კომპანიამ ჯამში 9 მილიონი ერთეული ავტომობილი გაყიდა.

საინტერესოა, რომ Toyota-ს გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი Lexus-ის ბრენდზეც არის დამოკიდებული. Toyota-ს მოლოდინით, 2030 წლისათვის Lexus-ის ელექტრომოდელების დაახლოებით 1 მილიონი ეგზემპლარი უნდა გაიყიდოს. ასევე, ათწლეულის ბოლოსათვის ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ჩინეთში Lexus-ის მიერ გაყიდული ყველა ავტომობილი ელექტრო უნდა იყოს.  

შეგახსენებთ, რომ Toyota პიონერი გამოდგა ჰიბრიდული ძრავის ავტომობილებში. მისი საკულტო ავტომობილები, Prius-ი, Camry, Corrola მსოფლიო ბაზრებზე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს და ისინი სწორედ ჰიბრიდული ძრავებით არიან აღჭურვილნი. თუმცა, ბრენდმა ელექტრომობილებზე ტრანსფორმაციის პროცესი საკმაოდ ნელა გაიარა, ახლა კი ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა მეტი ინვესტიციით უწევს.

Volkswagen- და Bosch- ავტომობილის პროგრამულ უზრუნველყოფაზე ერთობლივად იმუშავებენ

გერმანულმა ყოველდღიურმა გაზეთმა Handelsblatt-მა, კომპანიის წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანული ავტომწარმოებელი Volkswagen-ი და მისი პროგრამული უზრუნველყოფის დანაყოფი, Cariad-ი ახლოს არიან შეთანხმებასთან საავტომობილო მიმწოდებელ Bosch-თან. როგორც ჩანს, შეთანხმების მთავარ საგანს საავტომობილო პროგრამული უზრუნველყოფა წარმოადგენს.

მედიასაშუალების ინფორმაციით, შეთანხმების შემდეგ გერმანული ავტომწარმოებელი პროექტში მინიმუმ ასი მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს. ბოლო წლების განმავლობაში Volkswagen-მა პროგრამული უზრუნველყოფის დანაყოფის, Cariad-სათვის, საკმაოდ დიდი რაოდენობის რესურსი გამოყო. მას სურს, რომ საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფა ჰქონდეს, რომელიც Tesla-სა და Alphabet-ის მსგავს პროდუქტებს ღირსეულ კონკურენციას გაუწევს.

შეგახსენებთ, რომ Volkswagen-ი უახლოეს მომავალში კომპანიის ტრანსფორმაციის სტადიაზე აქტიურად გადაერთვება. Cariad-ს კი ამ პროცესში და დღის წესრიგში მნიშვნელოვანი როლი უკავია. დანაყოფის წარმატების პასუხისმგებლობა პირადად აქვს აღებული Volkswagen-ის აღმასრულებელ დირექტორსაც.

ჰერბერტ დისისათვის პროგრამული უზრუნველყოფა მომავლის ბრძოლის ველს წარმოადგენს საავტომობილო ინდუსტრიაში. მისი მოსაზრებით, ეს სწორედ ის დისციპლინა გახლავთ, სადაც ავტომწარმოებელთა კონკურენცია მომავალში გადაინაცვლებს. ამაში კი იგულისხმება ყველაფერი –  თვითმართვადი ტექნოლოგიებით დაწყებული,  გამართული პროგრამული უზრუნველყოფით დამთავრებული.

ჯერჯერობით გაჟღერებულ ინფორმაციაზე კომენტარი არც ერთ ჩართულ მხარეს არ გაუკეთებია. Cariad -მა, რომელიც ყოველწლიურად Volkswagen-საგან 2.8 მილიარდ აშშ დოლარს იღებს, დამატებითი კომენტარის გაკეთებისაგან თავი შეიკავა. საინტერესოა, რომ კომენტარი არ გაუკეთებიათ არც Bosch-ის წარმომადგენლებს.

შეგახსენებთ, რომ Volkswagen-ი ევროპაში ყველაზე დიდი ავტომწარმოებელია. მისი გეგმები კი კიდევ უფრო გაფართოებას უკავშირდება. გერმანულ ავტომწარმოებელს აქვს ამბიცია, მომდევნო ათწლეულამდე ელექტრომობილების გაყიდვების ლიდერიც კი გახდეს. როგორც ჩანს, კომპანიის გეგმები და მიზნები მხოლოდ ფურცელზე არ რჩება და კონკრეტული ქმედითი ნაბიჯებიც მზადდება.

Volvo Cars-ის ინფორმაციით, R&D-ის ქურდობის თაობაზე გამოძიება მიმდინარეობს

გასულ კვირას შვედურმა ავტომწარმოებელმა, Volvo-მ განაცხადა, რომ R&D-ის ქურდობის თაობაზე გამოძიება მიმდინარეობს. საუბარია კიბერთავდასხმაზე, რომლის საშუალებითაც კვლევისა და განვითარების ისეთი დოკუმენტებია მოპარული, რომლებსაც კომპანიის ფუნქციონირებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

კომპანიის პრესსპიკერის განმარტებით, საქმეში მესამე პირები არიან გარეულები, თუმცა კომპანიის წარმომადგენელმა დამატებითი კომენტარის გაკეთებისაგან თავი შეიკავა. შვედური ავტომწარმოებლის განცხადებით, ამჟამად გამოძიებით დგინდება, რომ კიბერთავდასხმისას მოპარულია გარკვეული რაოდენობის კვლევისა და განვითარების დოკუმენტები, რომლებიც კომპანიის საკუთრებას წარმოადგენს.

როგორც ჩანს, დოკუმენტების ქურდობას გავლენა მომხმარებელთა უსაფრთხოებასა და მათ პერსონალურ მონაცემებზე არ ექნება. თუმცა კონკრეტულად რა ოპერაციებს შეაფერხებს ეს ამბავი, ჯერჯერობით უცნობია.

კომპანიის მტკიცებით, მათ უკვე მიიღეს შესაბამისი უსაფრთხოების კონტრზომები, რათა სამომავლო ქურდობის შემთხვევები თავიდან აიცილონ. თუმცა კონკრეტულად რა სახის ზომებზეა საუბარი, ესეც არ არის ცნობილი.

სამთავრობო უწყებებთან ერთად, Volvo მესამე პირის დახმარებით საკუთარ, კერძო გამოძიებასაც აწარმოებს, რამაც შესაძლოა, პროცესი კიდევ უფრო დააჩქაროს. როგორც ჩანს, მომხდარმა გავლენა იქონია კომპანიის აქციათა ფასებზეც, რომლებიც კვირის ბოლოს 3.2%-ით შემცირდა.

საქართველოდან აზერბაიჯანში ავტომანქანების რეექსპორტი კიდევ გაიზარდა

საქართველოდან აზერბაიჯანში ავტომანქანების რეექსპორტი მიმდინარე წლის იანვრიდან ოქტომბრამდე გასულ წელთან შედარებით 8.4%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში რეექსპორტირებული ავტომობილების ღირებულებამ 207 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს ეს რიცხვი 190 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ ოქტომბერში საქართველოდან აზერბაიჯანში იმპორტით 17.2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ავტომობილი შევიდა. ეს მაჩვენებელი კი 36.5%-ით მაღალია გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით, რაც 12.6 მილიონ აშშ დოლარს უტოლდებოდა.

თუმცა სანაცვლოდ საკმაოდ შემცირდა 2021 წლის ოქტომბერში რეექსპორტირებული ავტომობილების ღირებულება და მან 26 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება რაოდენობას, ამ მხრივ ძალიან დიდი ზრდა შეინიშნება. 2021 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე პერიოდში, აზერბაიჯანში რეექსპორტირებული ავტომობილების რაოდენობა 65%-ით, 19 246-დან 31 696-მდე გაიზარდა.

შესაბამისად, ბუნებრივიცაა, რომ ამ კატეგორიაში აზერბაიჯანს პირველი ადგილიც უკავია. საქართველოდან რეექსპორტირებული ავტომობილების სიაში მეორე ადგილზე უკრაინა, ხოლო მესამე ადგილზე ბელგია იმყოფება.

ამ ყველაფრისდა მიუხედავად, 2021 წელს რეექსპორტირებული ავტომობილების საერთო ღირებულებამ 908 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც თითქმის 3%-ით ნაკლებია 2020 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე.

Rivian R1T-ი MotorTrend-ის წლის სატვირთო ავტომობილად დასახელდა

MotorTrend-მა გასულ კვირას Rivian-ის ცნობილი პიკაპი, R1T-ი წლის საუკეთესო სატვირთო ავტომობილად დაასახელა. მან ისეთი კონკურენტების ავტომობილებს აჯობა, როგორიც Hyundai Motors-ი, General Motors-ი და Ford Motor-ი არიან. ცნობისათვის, MotorTrend-ის მიერ გაცემული ჯილდო ავტოინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და პრესტიჟულ აღიარებად ითვლება.

მეტიც, მას ავტომწარმოებლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით საკუთარი ახალი ავტომობილების რეკლამირებისა და მარკეტინგისათვისაც იყენებენ. შეიძლება ითქვას, რომ ის მესამე პირის მიერ გაცემულ ლიცენზიასაც კი უდრის საკუთარი პრესტიჟით.

პრესსრელიზში MotorTrend-მა აღნიშნა, რომ Rivian-ის პირველი ელექტროპიკაპი ყველაზე დასამახსოვრებელი პიკაპია, რაც მათ ოდესმე უმართავთ. მათი განცხადებით, Rivian-მა თავიდან აღმოაჩინა ის, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე პიკაპი და ჯილდოც დაიმსახურა.

როგორც MotorTrend-ი იუწყება, Rivian-მა ექვსივე არსებული კრიტერიუმის სრულად დაკმაყოფილება შეძლო. კრიტერიუმებს შორის შედის: უსაფრთხოება, ეფექტიანობა, ღირებულება, დიზაინი, საინჟინრო გამართულობა და დაგეგმილი ფუნქციების უხარვეზოდ შესრულება.

Rivian R1T-ის გარდა ნომინაციის ფინალისტებს Ford Maverick-ი, GMC Hummer EV და Hyundai Santa Cruz-ი წარმოადგენდნენ. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ Rivian-ისათვის ეს საკმაოდ დიდი აღიარებაა მსოფლიო მასშტაბით, თუმცა ეს კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობასაც ნიშნავს.

Toyota-ს მტკიცებით, ის იანვარში 800 000 ერთეულ ავტომობილს აწარმოებს

Toyota Motor Co-მ გასულ კვირას განაცხადა, რომ ის იანვარში 800 000 ავტომობილის წარმოებას გეგმავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აღნიშნული რიცხვი ერთ თვეში წარმოებული ავტომობილების რეკორდულ რაოდენობას წარმოადგენს. კომპანიის მტკიცებით, აღნიშნული ტემპები იმ ჩავარდნების აღმოსაფხვრელად გახდა საჭირო, რაც წლის განმავლობაში კოვიდშეზღუდვებმა და ჩიპების დეფიციტმა გამოიწვია.

კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ისინი შეეცდებიან, საწარმოო პროგნოზის რიცხვი 31 მარტისათვის 9 მილიონზე შეინარჩუნონ. ცნობისათვის, Toyota-ს ფისკალური წელი 31 მარტს სრულდება. შესაბამისად, ყველანაირი გეგმა სწორედ ამ დროისათვის უნდა შესრულდეს.

აღნიშნული რაოდენობის ავტომობილის წარმოება დაახლოებით 60 000 ერთეულით მეტია გასული წლის იანვრის საწარმოო შესაძლებლობაზე. შეგახსენებთ, რომ ავტომობილების გაყიდვის რაოდენობით მსოფლიოში ყველაზე დიდი ავტომწარმოებელი მნიშვნელოვნად დაზარალდა ჩიპების დეფიციტის გამო, რომელიც მალაიზიისა და ვიეტნამის ქარხნებში შეიქმნა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *