OPEC-ის კრიზისი სახელმწიფოთა შეუთანხმებლობის გამო კვლავ გრძელდება

OPEC-ის კრიზისი სახელმწიფოთა შეუთანხმებლობის გამო კვლავ გრძელდება

ნავთობის მწარმოებელ სახელმწიფოთა და მათ პარტნიორთა შეხვედრა კვლავ გადაიდო. გასულ კვირას ორგანიზაციის შეთანხმება მოულოდნელად ჩავარდა, რის შემდეგაც სახელმწიფოები ახალი შეთანხმების დადებას ცდილობდნენ.

ენერგოალიანსმა წინა კვირას წარადგინა შეთავაზება, რომლის მიხედვითაც აგვისტოს ბოლოსათვის ნავთობის წარმოება დღიურად დაახლოებით 2 მილიონი ბარელით უნდა გაზრდილიყო, თუმცა აღნიშნული წინადადება არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დაბლოკა, რითაც კიდევ უფრო მეტად გაახანგრძლივა ნავთობის ფასების ირგვლივ არსებული კრიზისი.

ოპეკის წარმომადგენლები ვიდეოკონფერენციის გაგრძელებას ელოდნენ, თუმცა 2-საათიანი ლოდინის შემდეგ გაირკვა, რომ შეთანხმება კვლავ გადაიდო. მედიისათვის გავრცელებულ კომუნიკეში ვკითხულობთ, რომ შეხვედრის ჩატარების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნავთობის მოპოვება და წარმოება ამჟამად არსებული კვოტებით გაგრძელდება.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, მათ ამ შეთანხმების დეტალები არ აწყობდათ და ამგვარი გადაწყვეტილებაც სწორედ ამის გამო მიიღეს. თავის მხრივ, საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა მხარეებს რაციონალურობისა და კომპრომისისაკენ მოუწოდა.

ნავთობის ფასი წლის დასაწყისის შემდეგ დაახლოებით 45%-ით გაიზარდა, რაც პოსტპანდემიურ მოწყობას, ვაქცინების დამტკიცებასა და უკეთეს მოლოდინებს უკავშირდება. ანალიტიკოსების აზრით, ნავთობის მოპოვება მომდევნო თვეების განმავლობაში ყოველდღიურად დაახლოებით 500 000 ბარელით გაიზრდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *