ისრაელის სახელმწიფო მსოფლიო ვაქცინაციის კამპანიის ავანგარდშია
როგორც უკვე სრულიად ცხადად დავინახეთ, კორონავირუსს საზღვრები არ გააჩნია და მსოფლიოს ყველა ქვეყნის ჯანდაცვისა და ეკონომიკის სფეროები ერთი და იმავე გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. ისრაელის საელჩო საქართველოში მიესალმება ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, ქალბატონი ეკატერინე ტიკარაძის მიერ ახლახან გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ მალე საქართველოს მოსახლეობას ექნება ვაქცინაციის შესაძლებლობა COVAX-ის მექანიზმისა და სხვა საერთაშორისო კავშირების ხელშეწყობით. პანდემიის დაწყებისთანავე ისრაელი წამყვანი სახელმწიფო გახდა კორონავირუსის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში, სწავლობდა რა სხვა ქვეყნების გამოცდილებას და უზიარებდა მსოფლიოს საკუთარს. ისრაელმა მძიმე გადაწყვეტილებები ადრეულ ეტაპზევე მიიღო – დაკეტა საზღვრები და სკოლები, ბიზნესი, შეზღუდა ნაკლებმნიშვნელოვანი საქმიანობები და მთლიანად გადაერთო პანდემიასთან დაკავშირებულ ინოვაციურ მიდგომებზე, რაც მოიცავს ახალი კომპანიების შექმნასა და ფუნქციონირებას, მანქანიდან გადმოსვლის გარეშე ტესტის გაკეთების ცენტრებს, დისტანციურ სამედიცინო მომსახურებას, ვაქცინის კვლევასა და შემუშავებას და სხვა. ისრაელის წარმატება პანდემიასთან ბრძოლაში გრძელდება 2021 წელსაც. სახელმწიფოს უკვე შეუძლია, იამაყოს ჩატარებული აცრების რაოდენობით, რადგან ამ საკითხში მან ბევრად გაუსწრო მსოფლიოს სხვა ქვეყნებს. ისრაელის სახელმწიფომ ვაქცინაციის პროცესი 2020 წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყო და პირველი ორი დღის განმავლობაში ქვეყნის დაახლოებით 30,000-მდე მცხოვრებს უკვე გაკეთებული ჰქონდა ვაქცინის პირველი დოზა. ახლა, სულ რამდენიმე კვირის შემდეგ, ისრაელის 1.8 მილიონამდე მოქალაქეა აცრილი და მარტის ბოლომდე აიცრება ქვეყნის ყველა მოქალაქე 16 წლის ასაკის ზევით. ამ ამბიციური მიზნის დაჩქარებული ტემპით მიღწევა შესაძლებელი გახდა ახალი შეთანხმების გაფორმებით ფარმაცევტულ კომპანიებთან იანვრის დასაწყისში. ისრაელმა დაიწყო ოპერაცია “ვუბრუნდებით ცხოვრებას“, რაც ითვალისწინებს მომავალი თვეების მანძილზე ვაქცინის უწყვეტ ტრანსპორტირებას, რაც შესაძლებლობას მისცემს სახელმწიფოს, მიაღწიოს დასახულ თამამ მიზანს და გახდეს ერთ- ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც თავს დააღწევს კორონავირუსის შედეგად გამოწვეულ კრიზისს. უფრო მეტიც, საკუთარი სტატისტიკური მონაცემების გაზიარებით კომპანია პფაიზერისა და მსოფლიოსთვის, ისრაელი შეასრულებს მნიშვნელოვან როლს ვაქცინის ეფექტიანობის დემონსტრირებასა და პანდემიის დაძლევის გლობალური სტრატეგიის შემუშავებაში.
ფაქტობრივად, ისრაელის მცირე, დაახლოებით ცხრა მილიონი მოსახლეობა და მისი მძლავრი ჯანდაცვის სისტემა მიანიშნებს, რომ ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ფარმაცევტული კომპანიებისთვის. ვაქცინაციის ჩვენი კამპანიის წარმატება და გამოცდილება გახდება ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყარო, რაც ასე სჭირდებათ ფარმაცევტულ კომპანიებს იმისათვის, რომ ვაქცინა კიდევ უფრო ეფექტიანი გახადონ სხვა ქვეყნებისთვის. ისრაელი, როგორც ქვეყანა, რომელიც პირველი აცრის მთელ მოსახლეობას ახალი ვაქცინით, შეასრულებს მსოფლიო ექსპერიმენტის ძირითადი ობიექტის ფუნქციას.
ისრაელის უნივერსალური ჯანდაცვის სისტემა საყოველთაოდ არის აღიარებული მისი ეფექტიანობისა და შედეგიანობის კუთხით. ქვეყანამ შეიმუშავა პაციენტთა მოვლის რთული და მაღალი ხარისხის დონე და მისი ყველა მოქალაქე და მუდმივი მცხოვრებლის სტატუსის მქონე პირები გარანტირებულად იღებენ ჯანდაცვის მომსახურებას ქვეყნის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო ჯანდაცვის დაზღვევის კანონის შესაბამისად. ისრაელის ყველა მოქალაქეს შეუძლია, აირჩიოს ოთხი ყოვლისმომცველი, არაკომერციული ჯანდაცვის სქემიდან ერთ-ერთი, რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურების სტანდარტულ პაკეტს და თითოეული პროვაიდერი ვალდებულია, მიიღოს მოქალაქე მიუხედავად მისი ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობისა. მთლიანობაში, ათასობით კლინიკა ფუნქციონირებს ქვეყნის მასშტაბით, რაც ყველა ადგილობრივი თემისთვის სამედიცინო მომსახურების მიღებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ქვეყნის სახელმწიფო ჯანდაცვის მომსახურებას აქვს უნიკალური თანამედროვე და მაღალგანვითარებული ციფრული სისტემა, რაც ისრაელის მონაცემებს განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ხდის ფარმაცევტული კომპანიებისთვის. ისრაელის სამედიცინო მომსახურების ფართო სახელმწიფო ქსელის შედეგიანი და გამართული მუშაობა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციაა.
სწორედ ექიმები, ექთნები და სამედიცინო სფეროს სხვა მოსამსახურეები ძალიან სწრაფად შეიკრნენ ერთ მუშტად, შექმნეს სრულყოფილი სისტემა, რათა რეაგირება მოეხდინათ კორონავირუსის პანდემიაზე და ახლაც ეს სისტემა იღვწის, რომ თვეების განმავლობაში განხორციელდეს ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ფაქტობრივად, ისრაელის მუდმივმა და ყოველდღიურმა ბრძოლამ ეგზისტენციური საფრთხეების წინააღმდეგ მოამზადა ქვეყანა ისეთი მასშტაბის საგანგებო სიტუაციასთან გასამკლავებლად, როგორიც კორონავირუსმა მოიტანა. ისრაელის სახელმწიფო სისტემები გაერთიანდა ერთ მთლიან ორგანიზმად კრიზისის დაძლევის მიზნით. ქვეყნის პრემიერ- -მინისტრს ჰქონდა რამდენიმე საუბარი პფაიზერის აღმასრულებელ დირექტორთან, რათა უზრუნველეყო ვაქცინის უწყვეტი მომარაგება. Magen David Adom-ი, ისრაელის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური, მუდმივად იმყოფება პანდემიის წინა ხაზზე. ამჟამად მას დააკისრეს მოხუცთა თავშესაფრებში მყოფი ადამიანებისა და პერსონალის ვაქცინაციის პასუხისმგებლობა და იგი დახმარებას უწევს ყველა არსებულ ცენტრს. მსგავსად იქნა მობილიზებული ისრაელის თავდაცვის ძალები, რომელიც დახმარებას უწევს სასტუმროებში კარანტინის ადმინისტრირებას და პანდემიის პიკის დროს საკვების მიწოდებას კარანტინში მყოფი ოჯახებისთვის. ამჟამად თავდაცვის ძალებმა ჩართეს საკუთარი პარამედიკოსები და სამხედრო რეზერვი ვაქცინაციის დაჩქარების მიზნით. სწორედ ასე გახდა ისრაელი ვაქცინაციის პროცესის მსოფლიო რეკორდსმენი და ამ გზით შეძლებს, სწრაფად დაასრულოს საყოველთაო ვაქცინაციის პროცესი. ისრაელის საელჩომ და საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (MASHAV) დიდი ძალისხმევა გასწიეს, რათა დაეხმარონ საქართველოს კოვიდ- 19-თან ბრძოლის პროცესში. ჩვენი ადგილობრივი პარტნიორები დიდად აფასებენ ისრაელის გულუხვ შეწირულებას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისთვის. გარდა ამისა, ისრაელის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ დააფინანსა დავით ხოსროშვილი, წარმატებული ქართველი მეწარმე და MASHAV-ის კურსდამთავრებული, რათა მას შეემუშავებინა ინოვაციური კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ადგილობრივ ბიზნესებს პანდემიით გამოწვეულ პრობლემებთან ადაპტირებაში დაეხმარება. MASHAV-მა, ასევე, მიიწვია ჯანდაცვის სფეროს მაღალი რანგის ქართველი სპეციალისტები, სპეციალური საერთაშორისო ფორუმის რეგულარულ კონსულტაციებში მონაწილეობის მიღებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით.
ამ გამორჩეული ძალისხმევის ფონზე, ისრაელი იმედს იტოვებს, რომ ამ წლის ებრაული აღდგომის ღამეს მაგიდის გარშემო კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან ბებია-ბაბუები, მშობლები, შვილები და შვილიშვილები და როცა დავსვამთ ტრადიციულ შეკითხვას, თუ რით განსხვავდება ეს ღამე სხვა ღამეებისგან, შევძლებთ ვუპასუხოთ: “ყველაფერი შეიცვალა; ამ ღამეს ჩვენ იმედიანად და მშვიდად ვართ“. ისრაელის საელჩო გააგრძელებს საკუთარი წვლილის შეტანას იმ საერთო ძალისხმევაში, რომელიც საშუალებას მისცემს უამრავ ქართველ მეგობარს, კოლეგასა და პარტნიორს, რომ მომავალი მართლმადიდებლური აღდგომა საყვარელ ოჯახებთან ერთად აღნიშნონ.