ოპრა უინფრის სკოლის შესასვლელთან ცისფერი ევკალიპტებისა და ბალახოვანი მცენარეების სიმწვანის ფონზე, სამხრეთ აფრიკის დაშვებული დროშა მოჩანს. ოთხი დღით ადრე პოლიციამ აქედან ჩრდილოეთით ორი საათის სავალზე მდებარე პლატინის მაღაროს გაფიცულ მუშებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 34 ადამიანი დაიღუპა. კამპუსის დიდებულ დარბაზში მწვანე პიჯაკებსა და დაპლისულ ქვედატანებში გამოწყობილი 296 თავჩაღუნული გოგონა დგას. ზოგი მათგანი ჩუმად ლოცულობს.
ოპრა უინფრის ლიდერობის აკადემიის (Leadership Academy; OWLAG) გოგონებისათვის მწუხარების ასე გამოხატვა ჩვეულებრივი რამ არის. კვირა არ გადის ისე, რომ სკოლის რომელიმე მოსწავლეს ნათესავი არ დაეღუპოს და ისინი ორშაბათობით ოფიციალურად იკრიბებიან, რათა ერთმანეთის მწუხარება გაიზიარონ. „ეს სამხრეთი აფრიკის რეალობაა, – ამბობს ანი ვან ზილი – აკადემიის ხუთწლიან ისტორიაში მისი უკვე რიგით მეოთხე დირექტორი, მათ იციან, რა არის შიდსი. მათ იციან, რა არის ძალადობა”.
18 წლის მაშადი ოპრას სკოლის ტიპური მოსწავლეა: მამამისი ოთხი წლის წინ გარდაიცვალა და ოჯახს ერთადერთ მარჩენლად დედა დარჩა. მაგრამ როდესაც მისი ყოფილი თანაკლასელები მაღაროელებს მიაგებენ პატივს, ის ახალი რიტუალისათვის ემზადება. აგვისტოს იმავე კვირას მაშადი, ოპრა და OWLAG-ის ( სტუდენტების მას „oh-lag”-ს ეძახიან) ექვსი კურსდამთავრებული გოგონა, რომლებიც შემოდგომით აშშ-ის კოლეჯში იწყებენ სწავლას, ბოსტონის მაღაზია Bed, Bath & Beyond-ში მიდიან, რათა შეიძინონ თეთრეულის კომპლექტები და ყველაფერი ის, რაც მაშადის უელსლის კოლეჯის საერთო საცხოვრებლის ოთახის მოსაწყობადაა საჭირო. მაშადი ალექსანდრიიდანაა – იოჰანესბურგის ჩრდილოეთით მდებარე პატარა, საშიში დასახლებიდან, ლითონის გოფრირებული ფურცლებით შეჭედილი ერთნაირი სახლებით. სახლში ის ერთადგილიან საწოლს იყოფს დედასთან, რომელიც თეთრკანიანთა ოჯახში მოსამსახურედ მუშაობს. მეთერთმეტე კლასამდე მას კოლეჯში სწავლაზე არც კი უოცნებია. „მე ვფიქრობდი: როგორ დავტოვო დედა? , – ამბობს ის. უინფრი კი ამატებს: „მის სახლში ტუალეტი არ იყო, წყალიც კი არ ჰქონდა, ახლა კი უელსლიში სწავლობს”.
თეთრეულის შეძენის შემდეგ ქალი, რომელსაც მოსწავლეები „დედა ოპრას” ეძახიან, ახალბედა სტუდენტთა ჯგუფს მაღაზია Target-ისაკენ მიუძღვება. მაღაზიაში მყოფი ადამიანები დაჟინებით აშტერდებიან ვარსკვლავს, შვიდი გოგონა თავის კალათებს ბლოკნოტებით, საკანცელარიო ნივთებითა და სხვა საჭირო საგნებით ავსებს, უინფრის კი უეცრად მოწოლილი ემოციების დამალვა უწევს.
58 წლის მედია-მილიარდერს ღირსეულად ეჭირა თავი იანვარშიც – თავისი სკოლის პირველ გამოშვებაზე, როდესაც კოხტა თეთრ კაბებში გამოწყობილი 72 გოგონა აუდიტორიიდან ქუჩაში, თაკარა მზის ქვეშ გამოეფინა – თითოეული მათგანი უნივერსიტეტში მიდიოდა და ეს იმ ქვეყანაში, სადაც შავკანიანი მოსახლეობის მხოლოდ 14% ამთავრებს სკოლას. თუმცა საერთო საცხოვრებლისათვის პირსახოცების ყიდვა – რიტუალი, რომელიც ჩვეულებრივი ამბავია საშუალო კლასის ზედა ფენის ამერიკელებისათვის, ამ წამოწყების მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. „მე მხოლოდ ახლა გავაცნობიერე – ღმერთო, ეს ნამდვილად ხდება”, – ამბობს უინფრი რამდენიმე დღის შემდეგ Forbes-თან ინტერვიუში, რომელიც შედგა სანტა-ბარბარაში (კალიფორნია), მის 42-აკრიან სანაპირო მამულში, სადაც მუდმივად ცხოვრობს მას შემდეგ, რაც გასული წლის მაისში ჩიკაგოში მისი ტოქშოუ დაიხურა.
მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ღიად არ საუბროს, მისი ემოციები, უდავოდ, შვებისა და დანაშაულის გამოსყიდვის გრძნობასაც უკავშირდება. 5 წლის წინ უინფრის ახალგახსნილი სკოლა სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვია, რომელმაც დამფუძნებლის ცნობილი სახელის გამო საერთაშორისო მასშტაბი მიიღო. სკანდალი გაჯერებული იყო იმ ადამიანთა ღვარძლიანი განწყობით, რომლებიც დაღალა 25 წლის განმავლობაში კვირაში ხუთჯერ იმის ყურებამ, თუ როგორ ტრანსფორმირდებოდა რომელიმე უცნობი მწერალი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ბესტსელერების ავტორად ან როგორ იქცეოდა აუდიტორია ახალი ავტომობილების მფლობელთა აჟიტირებულ მასად.
ამ ამბის შემდეგ უინფრიმ სკოლა გარე სამყაროსათვის მიუწვდომელი გახადა. დროთა განმავლობაში სკანდალი ჩაცხრა. ოპრა კვლავაც განაგრძობდა სვლას თავისი საქველმოქმედო მიზნისაკენ: გოგონებისათვის არა მხოლოდ განათლების მიცემა, არამედ მათი ცხოვრების ტრაექტორიის შეცვლა. აგვისტოს ბოლო უიკენდზე უინფრიმ ამის დასტური თავისი სკოლის კურსდამთავრებულის შეშფოთებულ შეტყობინენებში მიიღო. 18 წლის ბონგეკა განიცდიდა, რომ ვერ გაამართლა იმედები, რადგან გამოცდა ვერ ჩააბარა. უინფრიმ მას გაახსენა, რომ სახლში ის სარეცხს მდინარეში რეცხავდა, ახლა კი ატლანტაში, სპელმანის კოლეჯში სწავლობს. მან უკვე გაიმარჯვა.
როდესაც სექსუალური სკანდალის აჩრდილი გაქრა და კურსდამთავრებულთა მეორე ნაკადმა საბუთები კოლეჯებში გაგზავნა, უინფრიმ ისევ გახსნა სკოლა გარე სამყაროსათვის. მან Forbes-ი სამხრეთ აფრიკაში მიიწვია და თავისი სკოლა გააცნო. ეს არის ამბავი იმაზე, თუ როგორ აღმოჩნდა უფსკრულის პირას კარგი წამოწყება, ისტორია მიზანმიმართულებასა და … გამართლებაზე.
უინფრის სკოლის შექმნას საკმაოდ უცნაური პრეისტორია აქვს. 2000 წელს ოპრა და მისი ძველი მეგობარი სტედმენ გრემი სამხრეთ აფრიკის დასავლეთ კაპის პროვინციაში ნელსონ მანდელას სტუმრობდნენ. ათი დღის განმავლობაში უინფრი და სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი ერთმანეთს უზიარებდნენ ისტორიებსა და იდეებს, მსჯელობდნენ საგაზეთო სტატიებზე. როდესაც საუბარი სიღარიბეს შეეხო, ოპრა გულახდილად ალაპარაკდა. მან ამ თემის შესახებ ყველაფერი იცოდა.
ოპრა მისისიპის შტატის ქალაქ კოსიკუში დაიბადა, მაგრამ მისი ბავშვობა სამხრეთაფრიკელი ბავშვის ცხოვრებისაგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა. ის ძირითადად ბებიასთან იზრდებოდა – ფერმაში, სადაც წყალი და კანალიზაცია არ იყო. 9 წლის ასაკში საკუთარმა ბიძაშვილმა გააუპატიურა; 14 წლისამ ბავშვი გააჩინა, რომელიც მალევე გარდაიცვალა. ხსნა სახელმწიფო პროგრამამ მოუტანა, რომლის წყალობითაც მიიღო წვდომა გარეუბნის პრესტიჟულ სკოლაზე, სადაც ის ერთ-ერთი იყო რამდენიმე აფროამერიკელ მოსწავლეს შორის. მისი ყოველდღიური ცხოვრება მიედინებოდა, ერთი მხრივ, სახლის სიღარიბესა და, მეორე მხრივ, სკოლის დიდ შესაძლებლობებს შორის. აქ მან საჯარო გამოსვლებისა და დებატების ნიჭი გამოავლინა, რაც რადიოში დასაქმებაში, შემდეგ კი ტენესის სახელმწიფო უნივერსიტეტის გრანტის მოპოვებაში დაეხმარა.
როდესაც თავისი სახელობის ტოქშოუში და მასზე აგებულ მედიაიმპერიაში ნამდვილი ფულის – მილიონებისა და შემდეგ მილიარდების – კეთება დაიწყო, ოპრამ პირობა დადო, რომ ღარიბ შავკანიან ბავშვებს კოლეჯში სწავლას დაუფინანსებდა. მან თავისი დანაპირები შეასრულა: დღეისათვის ოპრას დაახლობეით $400 მილიონი აქვს დახარჯული განათლებაზე, მათ შორის – 400-ზე მეტ სტიპენდიანტზე ატლანტის მორჰაუზ-კოლეჯში. მანდელას სახლში იატაკზე ფეხმორთხმულმა ოპრამ, თავისი გმირით სრულიად მოხიბლულმა და ქვეყნის სკოლების მდგომარეობის შესახებ მისი მონაყოლით დათრგუნულმა, დაიფიცა, რომ ამ საქმეში მნიშვნელოვან მონაწილეობას მიიღებდა.
უინფრიმ დაუყოვნებლივ გამოუყო სამხრეთ აფრიკის სკოლებს $10 მილიონი. „როდესაც ნელსონ მანდელას სახლში მიდიხარ, რა უნდა წაიღო? – ამბობს ის – სანთელს ხომ ვერ მიიტან!” ათი წლის წინ მან დაიწყო თავისი სკოლის მშენებლობა ჰენრი-ონ-კლიფში, იოჰანესბურგის სამხრეთით, 40 კილომეტრში მდებარე არაფრით გამორჩეული რანჩოს ადგილას. 2006 წელს, როდესაც უინფრიმ და მისმა გუნდმა მოსწავლეების მიღება დაიწყეს, მან მტკიცედ გადაწყვეტა შეერჩია მხოლოდ ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე ღარიბი ბავშვები: საჯარო სკოლაში კლასის საუკეთესო მოსწავლეები, რომელთა ოჯახების თვიური შემოსავალი $950-ზე ნაკლები იყო.
2007 წლისათვის, იმ დროისთვის, როდესაც მაშადიმ, ბონგეკამ და პირველი ორი კლასის კიდევ 150-მა მოსწავლემ დაიწყეს სწავლა, ის $10 მილიონი $40 მილიონამდე გაიზარდა, ვინაიდან უინფრიმ აუთვისებელ მიწის ნაკვეთზე ახალი კამპუსი ააშენა, რომელიც უფრო Ivy League სტანდარტებთან იყო მიახლოებული, ვიდრე თუნდაც იმ პრესტიჟულ სკოლასთან, რომელშიც თვითონ სწავლობდა. „ჩემთვის ეს სკოლა მორალური ვალის გადახდის საშუალებაა, – ამბობს უინფრი, – ეს ჩემი ცხოვრების გზად იქცა. სინამდვილეში ეს არის ინვესტიცია ლიდერობაში და ქვეყნის მომავალში და მე არ ვუყურებ ამას ასე – რა მაგარია, მე ჩემი სკოლა მაქვს!”
სკოლის დათვალიერებისას ნათელი ხდება, რაში იხარჯება ეს თანხა. ახალი საცურაო აუზი ემიჯნება სპორტულ დარბაზს, სადაც მოსწავლეები ველოტრენაჟორებზე ვარჯიშობენ. ადმინისტრაციის შენობა სამხრეთაფრიკული ხელოვნების გალერეას უფრო წააგავს, აუდიტორიები კი – ბროდვეის თეატრის დარბაზებს. თავისი საქმიანობის ყველა ასპექტში უინფრი პერფექციონისტია. 2007 წლის იანვარში, როდესაც სკოლა ოფიციალურად იხსნებოდა და ისეთ საპატიო სტუმრებს ელოდა, როგორებიც არიან ნელსონ მანდელა, დიანა სოიერი და სპაიკ ლი, მზით გადამწვარი, გაყვითლებულ ბალახი მწვანე საღებავით შეღებეს. „მე ფეხსაცმელი დამესვარა”, – იცინის სკოლის აღმასრულებელი დირექტორი და ოპრას „თვალი და ყური” სემ ბლეიკი.
ეს იმიჯი ძალიან მალე შეილახა.
ჰენრი-ონ-კლიფში სკოლა დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა. ბლეიკი იღებდა საყვედურებს მეზობლებისგან, რომლებიც ამბობდნენ, რომ აწუხებდათ ჩოგბურთის ბურთის დარტყმის ხმა სკოლის კორტებიდან. „მე მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ: იმედია, თქვენი ნერგები არ გაიხარებენო, – ამბობს ბლეიკი, – ისინი ვერ ეგუებოდნენ 150 შავკანიანი გოგონას არსებობას იმ უბანში, სადაც მხოლოდ თეთრკანიანები ცხოვრობენ”. ადგილობრივები სკოლას უთვალთვალებდნენ, რათა ოპრას რჩეულები დაენახათ. „ისინი უყურებდნენ, როგორ თამაშობდნენ გოგონები ფეხბურთსა და ფრენბურთს, – ამბობს ბლეიკი, – ჩვენ ღობე გავაკეთეთ. თუმცა ოპრამ ცოცხალი ღობის გაკეთებაც დაიჟინა”.
ეს წამოწყება ამერიკულმა მედიამაც არაერთგვაროვნად მიიღო. რატომ ხარჯავს ოპრა $40 მილიონს ერთ სკოლაზე, როდესაც ამ თანხით რამდენიმე სკოლის აშენებაა შესაძლებელი? რატომ სძინავთ გოგონებს განსაკუთრებულ, ძვირფას ზეწრებზე? რატომ არის ბიბლიოთეკაში ჭაღები, კაფეტერიის წინ კი – მოზაიკით გაწყობილი კოლონები? მაშინდელი სტატიების გახსენებისას ბლეიკს სახე ეღუშება.
„როდესაც მშვენიერ ადგილას შედიხარ, საკუთარ თავზეც უკეთესად იწყებ ფიქრს”, – მარტივად ხსნის ბლეიკი. კამპუსის დათვალიერებისას ის იხსენებს პირველ პროექტებს, მიღებულს ადგილობრივი განათლების ადმინისტრაციისგან, რომელმაც უინფრის ეს მიწა იჯარით მისცა. „ოპრამ განაცხადა, რომ ეს საქათმეს უფრო ჰგავს”, – იცინის ბლეიკი. უინფრიმ ხელისუფლებასთან ურთიერთობა გაწყვიტა და საქმიანობა დამოუკიდებლად განაგრძო: დაიქირავა არქიტექტორები, რომლებაც იოჰანესბურგის ცნობილი აპარტეიდის მუზეუმი დააპროექტეს; ჩაიცვა ჯინსის შარვალი, დაიხურა ჩაფხუტი და თვალს ადევნებდა მშენებლობას. ის ყველა დეტალზე ფიქრობდა: მაგალითად, ყოველი შენობის წინ დასამონტაჟებელ დიდ ქოლგებზე წვიმის სეზონისათვის, რომლის დროსაც სამხრეთ აფრიკაში თითქმის გადაუღებელი თავსხმაა მთელი 40 დღის განმავლობაში. ქოლგები მისი საყვარელი მწვანე ფერისაა და გოგონების ფორმას ეხამება.
სკოლის პირველ კრებაზე უინფრიმ სცენიდან მიმართა სამხრეთ აფრიკის ყველა კუთხიდან ავტობუსით ჩამოსულ გოგონებსა და მათ ნათესავებს. „წლების განმავლობაში მუდმივად მეკითხებოდნენ, რატომ არ მყავს შვილები, – უთხრა მან შეკრებილ ხალხს, – ახლა ვიცი, რატომ”.
2007 წლის ოქტომბერში უინფრის საქველმოქმედო ოცნება მოწამლა ერთმა სატელეფონო ზარმა, რომლითაც შეიტყო, რომ რამდენიმე გოგონა 27 წლის აღმზრდელ ქალს სექსუალურ ძალადობაში სდებდა ბრალს. „დაცვის თანამშრომელი ხედავდა, როგორ შედიოდა და გამოდიოდა აღმზრდელი საერთო საცხოვრებლის შენობიდან. ის ჰყვება, რომ შეკითხვაზე, რას აკეთებდა იქ, აღმზრდელმა უპასუხა, რომ გოგონებს საშინაო დავალების მომზადებაში ეხმარებოდა. დილის ხუთ საათზე?!”
დანაშაულის გრძნობით შეპყრობილი, აღელვებული უინფრი სასწრაფოდ ჩაჯდა თვითმფრინავში. „იმ დროისთვის, როდესაც გოგონები ჩემს სკოლაში ხვდებიან, მათ უკვე გადატანილი აქვთ ცხოვრების ექვსი ყველაზე დიდი ტრავმა, – ამბობს უინფრი. – ერთი ან ორივე მშობლის დაკარგვა, უბედური შემთხვევები, ოჯახის წევრის გარდაცვალება, შიდსი, გაუპატიურება, სექსუალური ძალადობა – ყველაფერი ეს მათ გამოვლილი აქვთ. გოგონებს ბევრი ისეთი რამ გადახდენიათ თავს, რისი წარმოდგენაც კი შეუძლებელია”. ყოველწლიურად რამდენიმე ახალ მოსწავლეს სკოლის ფსიქოლოგთა ჯგუფი და სოციალური მუშაკები პოსტრავმატული სტრესული აშლილობის დიაგნოზს უსვამენ, რაც მათი ცხოვრების ყოველდღიურობის შედეგია. ახლა კი ეს მის თვალწინ ხდებოდა.
ადგილზე უფრო მძიმე სიტუაცია დახვდა, ვითარებას ართულებდა მედიის კრიტიკაც, რომელიც სკანდალს წინასწარმეტყველებდა. მომდევნო თვეებსა და წლებში „არასათანადო საქციელისათვის” სკოლიდან კიდევ შვიდი გოგონა გაირიცხა თანაკლასელებზე სექსუალური ძალადობის გამო; 17 წლის მოსწავლის ჩანთაში კი ბავშვის გვამი იპოვეს. „ის, რომ ეს ადგილი არ განადგურდა, ნამდვილი სასწაულია”, – ამბობს დაწყებითი კლასების ინგლისურის მასწავლებელი კლერ მაკინტეირი. ზოგ გოგონას ეშინოდა, რომ უინფრის გული აუცრუვდებოდა და სკოლას დატოვებდა. „მას შეეძლო დაეხურა სკოლა და ჩვენ სადმე სხვაგან გავეგზავნეთ” , – ამბობს ბონგეკა.
მწარე ირონია იმაშია, რომ ქვეყანაში, სადაც ახალგაზრდა ქალების მესამედი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხდება, უინფრიმ გაატარა უსაფრთხოების უპრეცედენტო ღონისძიებები – ეკლიანი მავთულის ღობე, საშვების მაღალტექნოლოგიური სისტემა, მხოლოდ ქალებით დაკომპლექტებული დაცვის სამსახური. „საფრთხეს მამაკაცებისაგან ველოდით და ამიტომ ჩემი მიზანი მათგან იზოლირება გახლდათ”, – ამბობს ის. აღმოჩნდა, რომ კრიზისი შინაგანი იყო.
რეტროსპექტივაში, ძირითადი პრობლემის ნაწილი განპირობებული იყო ადგილობრივი კულტურისადმი მაღალი მგრძნობელობით. „მე დიდი ხნის განმავლობაში მაფერხებდა შემდეგი რამ: ‘რას იტყვის ხალხი’, ‘ეს არ არის აფრიკული საქციელი’ ან ‘ეს არ შეესაბამება ჩვენს კულტურას’, – ამბობს ის. – მე კი ვიტყოდი: იცი რა, ვფიქრობ, რომ ადამიანები დანიშნულების ადგილას დროულად და შესაბამისად ჩაცმულები უნდა ცხადდებოდნენ. მე ვცდილობდი დამეცვა ბალანსი საკუთარ შეხედულებებსა და ადგილობრივ კულტურულ ნორმებს შორის”.
პრობლემა იყო კომუნიკაციაც. 3 500 პრეტენდენტს შორის პირადად ოპრას მიერ არჩეული 12 -13 წლის 152 გოგონა სამხრეთ აფრიკის ცხრავე პროვინციიდან იყო ჩამოსული და ქვეყნის 11 ოფიციალურ ენაზე საუბრობდა. ბონგეკა შვიდ ენას ფლობდა და ყველაზე ცუდად ინგლისური იცოდა.
უინფრიმ დაუყოვნებლივ გაათავისუფლა სამსახურიდან ბავშვებზე სავარაუდო მოძალადე (რომელიც შემდეგ სამხრეთ აფრიკის სასამართლომ გაამართლა), ასევე სკოლის ყველა ადგილობრივი თანამშრომელი, დირექტორის ჩათვლით. „მას უნდოდა გამოეწმინდა სახლი და ყველაფერი თავიდან დაეწყო”, – ამბობს სკოლის ბიბლიოთეკარი სიბუსისივი ტემბელა, რომელმაც სკოლაში ე.წ. „კრიზისულ” პერიოდში დაიწყო მუშაობა. მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა 2008 წელს, როდესაც ყოფილმა დირექტორმა უინფრის სასამართლოში უჩივლა მიზანმიმართული ცილისწამებისათვის, რაც გამოიხატებოდა დირექტორის დახასიათებაში: „არასანდო ადამიანი, რომელიც აკლებდა მოსწავლეებს საგამოცდო ქულებს, არ ზრუნავდა მათზე, იცოდა ფიზიკური და სექსუალური ძალადობის შესახებ და მონაწილეობდა აღნიშნული დანაშაულის დამალვაში”. საქმე მხოლოდ 2010 წელს დაიხურა, როდესაც მხარეები შეთანხმდნენ გაუხმაურებელი თანხის გადახდაზე.
პრესა, მას შემდეგ, რაც გვარიანად შელახა უინფრის დაუმარცხებელი იმიჯი, რა თქმა უნდა, სხვა ამბებზე გადაერთო. ბევრს დაავიწყდა სკოლის არსებობა ან ჩათვალეს, რომ ის ჩუმად დაიხურა.
ალტრუისტთა დიდი ნაწილი მსხვილმასშტაბიანი ქველმოქმედების დაწყებამდე არ აანალიზებს ნაკლებად ცნობილ სტატისტიკას: საქველმოქმედო ინიციატივების უმეტესობა არ მუშაობს; წამოწყებათა 75% პირველსავე წელს იხურება. თუმცა მცდელობას აქვს აზრი: ქველმოქმედებაში, ისევე როგორც ბიზნესში, მიღწევები შეცდომის გააზრებას მოაქვს. უინფრიმ ხმაურის გარეშე, გაორმაგებული ძალისხმევით გააგრძელა თავისი საქმიანობა.
ძირეული გარდაქმნები 2010 წელს დაიწყო, როდესაც სკოლის დირექტორად დაინიშნა მაღალი და სერიოზული ქალბატონი ვან ზილი – მალავაში ემიგრირებული ანგლიკანელი მღვდლის შთამომავალი. ვან ზილს ჰქონდა გვარიშვილობა და ხასიათი: ის ხელმძღვანელობდა პრეტორიის ქალთა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლას – რეგიონის პირველ თეთრკანიანთა სკოლას, რომელმაც აპარტეიდის გაუქმების შემდეგ სასწავლებლად შავკანიანი ბავშვები მიიღო.
ვან ზილს ეხმარება უინფრის ნდობით აღჭურვილი პირი, ბლეიკი – მელოტი, სათვალიანი ტეხასელი, რომელიც, სანამ უინფრის პილოტი გახდებოდა, 27 წელი საჰაერო ძალებში მსახურობდა. შემდეგ ის 15 წელი Harpo Productions-ში მუშაობდა და უინფრის შოუს პოპულარობის დროს მას მთელ ქვეყანაში Gulfstream 4-ით დაატარებდა. მას შემდეგ, რაც თავბრუსხვევების გამო თვითმფრინავის მართვა ვეღარ შეძლო, უინფრიმ მისთვის სხვა როლი შეარჩია – თავიდან ის ხელმძღვანელობდა საქველმოქმედო მისიას, Angel Network-ს, რომელიც ქარიშხალ კატრინას შედეგად დაზიანებულ სახლებს აღადგენდა ნიუ-ორლეანში, ახლა კი სამხრეთ აფრიკაში სკოლის ყოველდღიურ საქმიანობას ადევნებს თვალს. „ძია სემი”, როგორც მას გოგონები ეძახიან, უინფრის დაჰპირდა, რომ სკოლაში ორი წლით დარჩებოდა. ის უკვე ექვსი წელია იქ არის.
უინფრის მიაჩნია, რომ თემთან შეთანხმების გარეშე სკოლის მშენებლობის დაწყება მისი ერთ-ერთი შეცდომა იყო („მე შემიძლია დავწერო წიგნი ‘101 შეცდომა’, – ამბობს ის). დღეს გოგონები მოხალისეებად მუშაობენ მეზობლად მდებარე მეიერტონის ბავშვთა სახლში; ადგილობრივ ბავშვებს კი, სწავლისგან თავისუფალ საათებში, საცეკვაო სტუდიაში პატიჟებენ. იმისათვის, რომ სამხრეთ აფრიკის მთავრობისათვის ეჩვენებინა, რისი გაკეთება შეიძლება $40 მილიონზე ბევრად ნაკლები თანხით, უინფრიმ ააშენა ორი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, რომელთაგან თითოეულის ღირებულება $3 მილიონს არ აღემატება. ერთ-ერთ საპილოტო სკოლაში სასწავლო დღის დამთავრების შემდეგ კლასები ზრდასრული მსმენელებისათვის იხსნება.
„როდესაც აქ 2010 წელს ჩამოვედი, სკოლა გარესამყაროს მოწყვეტილი იყო”, – ამბობს ვან ზილი და ამ კარჩაკეტილობის მიზეზად უინფრის მიმართ წაყენებული ცილისწამების ბრალდებით აღძრულ საქმეს მიიჩნევს. „მე მინდოდა, რომ ის გახსნილიყო და გოგონებს გარეთ გასვლის საშუალება ჰქონოდათ”. მან ასევე მოსთხოვა თავის პედაგოგიურ კოლექტივს – რომელთა უმრავლესობა სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელია სამხრეთ აფრიკის ყველა ნაწილიდან – არ დაეშვათ, რომ გოგონების ცუდ მანერებს მათი მისიისათვის ხელი შეეშალა.
„ეს მთელ მსოფლიოში ასეა, ადამიანები, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებთან მუშაობენ, ხედავენ, რომ ყველაფერი არც ისე კარგადაა, – ამბობს ის, – ოპრა თანაგრძნობის, სრულყოფილებისა და სხვა მრავალი სიკეთის ბრენდია. ამავდროულად ის უკომპრომისოა. როდესაც ოპრას წერილს ვწერ, ვინმეს ვთხოვ ხოლმე შეამოწმოს, შეცდომები ხომ არ დავუშვი. ყველასგან, ვინც მასთან მუშაობს, ის აბსოლუტურ პროფესიონალიზმსა და სრულყოფილებას მოითხოვს. თუ სრულყოფილი არ არის, ე.ი. არ არის საკმარისად კარგი”.
ახალი მოსწავლეებისათვის მათი მფარველის მოლოდინის გამართლება (ის პირდება მათ, რომ დაუფინანსებს სწავლას, თუ კოლეჯში ჩააბარებენ) იწყება მათი კულტურისათვის დამახასიათებელი იმ წინასწარგანწყობის გადალახვით, რომ ქალები არ უნდა სწავლობდნენ, რადგან უნდა გათხოვდნენ და შვილები გააჩინონ.
„ჩვენ მართლაც ვასწავლით ამას, – ამბობს სასწავლო ნაწილის გამგე და მათემატიკის მასწავლებელი მამპო ლანგა, – თქვენ შეგიძლიათ, თქვენ უნდა გააკეთოთ, თქვენ უკვე აკეთებთ. ის, რომ მათი მისაბაძი მაგალითი ქალბატონი უინფრია, ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ხედავენ, რისი მიღწევა შეუძლია ქალს და თავიანთი შესაძლებლობითა და შანსით გამხნევებულნი დაუღალავად მუშაობენ”.
„ისინი მიდიან სახლში მამის ან ხანძრის დროს დაღუპული ძმის დაკრძალვაზე, – ამბობს ის. – შემდეგ კი ჩემთან მოდიან და მეუბნებიან: ‘შეიძლება ტესტი გავიარო?’ ამან სრულიად შეცვალა ჩემი წარმოდგენა სრულყოფილებაზე. არ ვიცი, ამას როგორ ახერხებენ. ტირილი მინდება”.
უინფრის ხარჯებმა $105 მილიონს გადააჭარბა, რადგან მან გოგონების კოლეჯის საფასურის გადახდა თავის თავზე აიღო. მაგრამ დღეს ის ხედავს, როგორ ბრუნდება მისი ინვესტიციები.
ივლისში სკოლის „შესანიშნავი შვიდეული” აშშ-ში გაემგზავრა და ორი კვირა ბოსტონის კოლეჯის კამპუსში გაატარა. უინფრიმ მათთვის ასიმილაციის პროგრამა მოაწყო. მანამდე არც ერთი მათგანი არ გასცდენია სამხრეთ აფრიკის ფარგლებს, 2010 წელს კი 12 დღის განმავლობაში 15 უნივერსიტეტი მოინახულეს (მათ ჰქონდათ დრო შეხვედროდნენ უინფრის მეგობრებსა და პრეზიდენტ ბარაკ ობამას თეთრ სახლში).
ინგლისურის მასწავლებელმა მოუტანა შვიდ მოზარდს ის, რასაც თვითონ კულტურული ტექსტები უწოდა: გაზეთი New Yorker-ი, Brooks Brothers-ის კატალოგი, ვეგეტარიანული სამზარეულოს წიგნი. კინოვარსკვლავივით ლამაზი 19 წლის ტანდო, რომელსაც მოკლე ქვედატანი და გრძელი ნაწნავები ამშვენებს, დაიმანჭა, როდესაც გაიგო, რომ ამერიკელები ურძეო ნაყინს მიირთმევენ. ტანსაცმლის კატალოგის დათვალიერებისას ბონგეკას მშვენიერი სახე მოეღუშა და ხმამაღლა აღნიშნა, რომ Brooks Brothers-ის მოდელებიდან მხოლოდ ერთი იყო შავკანიანი.
მათი კლასელი მპუმი ამდენს ვერ ლაპარაკობს. სულ ცოტა ხნის წინ მას ანგინა ჰქონდა. ლანჩსა და შუადღისას გამართულ რასთაშორისი ურთიერთობის გაკვეთილს შორის მან მითხრა, რომ ძალიან გახარებული იყო, რადგან უინფრიმ დაურეკა და მისი ჯანმრთელობის ამბავი იკითხა. „ამქვენად არც ისე ბევრი ადამიანია, ვისთან დარეკვაც შემიძლია”, – მითხრა აცრემლებულმა მპუმიმ.
თავისი გოგონებისათვის უფრო მეტი დახმარების გასაწევად უინფრიმ სამხრეთაფრიკულ კომპანიებსა და მდიდარ ადამიანებს მიმართა თხოვნით ჩართულიყვნენ სკოლის დაფინანსებაში. თავისი წვლილი მისმა მილიარდერმა მეგობრებმაც შეიტანეს: მაიკლ დელმა გოგონებს ლეპტოპები აჩუქა, Spanx-ის შემქმნელმა სარა ბლეკლიმ $1 მილიონის ჩეკი გამოუწერა, Amazon-ის მფლობელმა ჯეფ ბეზოსმა Kindle-ები დაურიგა. უინფრი კი მომდევნო სერიოზულ ნაბიჯზე ფიქრობს: სკოლაზე აშშ-ში, შესაძლოა, მის მშობლიურ შტატ მისისიპიში.
„ვერაფერი შეედრება იმას, როდესაც ხედავ, როგორ იზრდებიან ეს გოგონები ადამიანური თვალსაზრისით და ხდებიან ისეთები, როგორებიც იცი, რომ შეუძლიათ იყვნენ, – ამბობს ის. – მათი წყალობით მე კვლავ და კვლავ ახალი ცხოვრებით ვცხოვრობ”. ხუთწლიანი მწარე გაკვეთილებისა და შეძენილი გამოცდილების შემდეგ უინფრი ცხოვრების ახალ თავს იწყებს. „თუ ამის გაკეთებას სამხრეთ აფრიკაში შეძლებ, ესე იგი, ყველგან შეძლებ”.