თავგადაკლული კოლექციონერი, როგორც მოსწავლე

თავგადაკლული კოლექციონერი, როგორც მოსწავლე

ალექსანდერ კალდერის $20 000-ად შეფასებული გუაში თვალში საცემი და მიმზიდველია – ტალღისებურ წითელ ჰორიზონტალურ ხაზებში თეთრი და წითელი სფეროები იკვეთება, რომლებიც ალისფერ ზღვაში მოტივტივე პლანეტებს გვაგონებს. მათ შორის, ოდნავ მარცხნივ, ერთადერთი შავი წრე ლივლივებს, ხაზებს ზემოთ კი კაშკაშა ნარინჯისფერი მზე ამოდის. ეს ნამუშევარი დატვირთულია დრამატული დინამიკით და Pace Gallery-ის დილერის, მარკ გლიმშერის აზრით, იდეალურად შეესაბამება ხელოვნების ნიმუშთა ნიუიორკელი კოლექციონერის, სარეკლამო სფეროს სპეციალისტ რიჩარდ კირშენბაუმის, ჰიპერკინეტიკურ ენერგიას.

თუმცა თავიდან კირშენბაუმის პოზიცია ნამუშევრის შეძენასთან დაკავშირებით არაერთმნიშვნელოვანი იყო. მართალია, კირშენბაუმი ცნობილია თავისი გაბედული ნაბიჯებით სარეკლამო სფეროში – ცოტა არ იყოს არაკორექტული, პოლიტიკური სარეკლამო ფრაზებით და Jump-ის კედების სლოგანით – „ერთადერთი გზა, რომლითაც ამაზე მაღლა აგიყვანთ, არალეგალურია” (The only way you can get higher is ­illegal) – მაგრამ, როგორც კოლექციონერი, იგი ყოველთვის ნაცად და უსაფრთხო გზას მიჰყვება. კოლექციონერობა მან ადრეულ ასაკში, 13 წლისამ დაიწყო და ისეთი სახელოვანი ფოტოგრაფების 50-ზე მეტი ნამუშევარი შეაგროვა, როგორებიც არიან ჰორსტი და ლუიზა დალ-ვულფი.

მაგრამ როდესაც საქმე ფერწერამდე მივიდა, იგი ყიდულობდა სახვითი ხელოვნების მხოლოდ ისეთ ნიმუშებს, როგორიცაა მილტონ ევერის „ლარნაკი ყვავილებით” (ზეთი). რაც შეეხება კალდერის ნამუშევარს, თავისი ხაზებითა და წრეებით, ის აშკარად ამოვარდნილი იქნებოდა საერთო სურათიდან. „მე მქონდა წინასწარგანწყობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს ხელოვნება”, – ამბობს იგი.

და რატომ მაინცდამაინც კალდერი? კირშენბაუმს მეგობრული ურთიერთობები ჩამოუყალიბდა Pace-ის დამფუძნებელ არნი გლიმშერის შვილთან და სთხოვა მას სერიოზული კოლექციის შექმნაში დახმარებოდა. გლიმშერმა კირშენბაუმის ზემო ისტ საიდის აპარტამენტში კალდერის ნამუშევარი ალალბედზე გაგზავნა, მისი გალერეა ხანდახან მსგავს პრაქტიკას მიმართავს; ასეთ შემთხვევებში კლიენტი, როგორც წესი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ორი-სამი დღით თავისთან ინახავს ნამუშევარს.

კირშენბაუმმა ნამუშევარი ორი კვირის განმავლობაში დაიტოვა. „მახსოვს, როგორ დავურეკე მას და ვუთხარი: ნამდვილი ჩლუნგი ხარ – ამბობს გლიმშერი – შე იდიოტო, უბრალოდ იყიდე ეგ ნახატი”. ტილო თავად გლიმშერმა იყიდა, რადგან გამყიდველმა არ მოიცადა. საბოლოოდ კირშენბაუმმაც ყიდვა გადაწყვიტა. „ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს სახელოვნებო განათლების პირველი კურსი წარმატებით გავიარე”, – აღიარებს იგი.

ეს ყველაფერი ცხრა წლის წინ ხდებოდა. მას შემდეგ 51 წლის კირშენბაუმმა 48 წლის გლიმშერისაგან ათეულობით ნამუშევარი შეიძინა. იმ მხატვრისა და მისი ნამუშევრის შესახებ, რომელიც გლიმშერმა მეორედ შესთავაზა, მას არასოდეს გაეგო – ეს იყო ადრეული აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის ნაკლებად ცნობილი წარმომადგენლის, ბრედლი უოლკერ ტომლინის $75 000-ად ღირებული, ზეთში შესრულებული ნახატი (1947 წ). ამ დიდი ენერგიით დატვირთულ ნამუშევარზე გამოსახულია შავი, ლურჯი და ნაცრისფერი გეომეტრიული ფიგურები – მათ შორის ისრები და წრეები – მუქ რუხ ფონზე . „მე მაშინვე შემიყვარდა ეს ნამუშევარი”, – იხსენებს კირშენბაუმი. თუმცა იმის გამო, რომ მხატვარს არ იცნობდა, „ცოტას ვორჭოფობდი” – ამბობს იგი. გლიმშერმა მას ეს ნამუშევარი ისევ დროებით გაუგზავნა და 48 საათის განმავლობაში ათი სატელეფონო ზარი მიიღო კირშენბაუმისაგან. „იგი ნამუშევარს მხოლოდ იმ შემთხვევაში იყიდდა, თუ მე ვაიძულებდი”, – იხსენებს გლიმშერი და დასძენს, რომ ეს ნახატი ახლა, სავარაუდოდ, $450 000-ად გაიყიდება.

კირშენბაუმის ურთიერთობამ გლიმშერთან გარდაქმნა როგორც მისი კოლექცია, ასევე იმ სახლის ინტერიერი, სადაც კირშენბაუმი მეუღლე დანასთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს.

კირშენბაუმის თქმით, გლიმშერთან შეხვედრამდე „მართლაც არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი”. გლიმშერი მას ბოლომდე არ ეთანხმება: „მან უკვე ბევრი რამ იცოდა, – ამბობს იგი, – მას კარგი ხედვა ჰქონდა”.

1987 წელს, 26 წლის ასაკში, კირშენბაუმმა, თავის მეგობარ ჯონატან ბონდთან ერთად, დააარსა Kirshenbaum Bond + Partners. სააგენტოს საქმეები თავიდანვე კარგად აეწყო და საკმაოდ დაკავებული კირშენბაუმი კოლექციონერობას დიდ დროს ვერ უთმობდა. თუმცა იგი კვლავ ყიდულობდა ფოტოებს და პერიოდულად შემთხვევით ნახატებსაც. ზოგიერთ მათგანთან დაკავშირებით იგი ნანობს: „ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი”, – ამბობს ის.

2002 წლისათვის, როდესაც კირშენბაუმი გლიმშერს შეხვდა (მათი მეუღლეები მეგობრობდნენ), მის სააგენტოს უკვე ჰყავდა 200 თანამშრომელი, ჰქონდა ოფისები ნიუ-იორკსა და სან-ფრანცისკოში, მათ კლიენტებს შორის იყვნენ Coach, Snapple, Target, Moët & Chandon და Jergens. იმ დროისათვის მისი აპარტამენტი მეხუთე ავენიუსა და 77-ე ქუჩაზე დეკორირებული იყო ფოტოებით და ისეთი მასიური ევროპული ანტიკვარიატით, როგორიცაა მაღალფარდოვანი იტალიური ბაროკოს ავეჯი დაგრეხილი ფეხებითა და თეთრი დიზაინით.

როდესაც კირშენბაუმმა გლიმშერთან ერთად დაიწყო მუშაობა, მისი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდა. 2004 წელს მან და მისმა პარტნიორმა საკუთარი კომპანია Toronto’s MDC Partners-ს მიჰყიდეს. კირშენბაუმმა არ გაამხილა გარიგების დეტალები და პირობები, მაგრამ გამოქვეყნებული ანგარიშები ცხადყოფს, რომ მისი ღირებულება $75 მილიონს აჭარბებდა. იგი კვლავ თავმჯდომარეა, შარშან კი დააარსა ახალი კომპანია, რომელიც პატარ-პატარა მაღაზიების მარკეტინგითა და პროდუქციის განვითარებით არის დაკავებული.

თავიდან კირშენბაუმი წელიწადში ორი ნამუშევრის შეძენას ცდილობდა და თითოში დაახლოებით $100 ათასის გადახდას ვარაუდობდა. გლიმშერი ამბობს, რომ მან კირშენბაუმის განათლება მისთვის აბსტრაქტული ექსპრესიონიზმისა და mid century art-ის (მე-20 საუკუნის შუა წლების ხელოვნება) შეყვარებით დაიწყო და შემდეგ მისი თვალსაწიერი უფრო გააფართოვა. ეს პროცესი სწორხაზოვანი არ ყოფილა. ყველაფერი უფრო იმაზე იყო დამოკიდებული, თუ რას მოძებნიდა გლიმშერი კირშენბაუმის მიერ გათვალისწინებული თანხის ფარგლებში.

მას შემდეგ, რაც კირშენბაუმმა კალდერისა და ტომლინის ნამუშევრები შეიძინა, იგი დაინტერესდა ჯოზეფ ალბერსით – ბაუჰაუსის სკოლის წარმომადგენელი გერმანული წარმოშობის მხატვრით, ე.წ. „ფერადი ველის” ფერწერის პიონერით („ფერადი ველის” სტილი გულისხმობს ტილოზე ერთი ფერის სხვადასხვა ტონალობის დიდ ლაქებად განლაგებას). იქიდან გამომდინარე, რომ Pace ალბერის მემკვიდრეობის წარმომადგენელია, გლიმშერს ჰქონდა წვდომა 1957 წლის ზეთში შესრულებულ ნამუშევარზე – ცნობილი სერიიდან „პატივისცემა კვადრატისადმი” – რომელზეც გამოსახულია ერთიმეორეში ჩასმული ოთხი სხვადასხვა ფერის კვადრატი. ნამუშევარი $125 000 ღირდა. ამ შემთხვევაში კირშენბაუმმა მაშინვე გადაწყვიტა ყიდვა.

მან ასევე შეიძინა რამდენიმე ნამუშევარი, რომლებიც გამოუცდელი თვალისათვის სრულიად არ ჯდება mid century art-ის ესთეტიკაში. მან $150 000-ად იყიდა ამერიკელი მხატვრის, ალექს კაცის, ზეთში შესრულებული ტილო – უზარმაზარი იისფერი ზამბახი მწვანე ფონზე (1966 წ). ეს მკვეთრი გადახვევა იყო ალბერსის მარტივი გეომეტრიისა და ტომლინის აბსტრაქტული ხაზებისაგან, მაგრამ გლიმშერი ამბობს, რომ კაცის ნამუშევარი სწორედაც რომ აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის პერიოდიდან წარმოიშვა და მასში გამოყენებულია მარტივი, ე.წ. „ჟესტების აბსტრაქციის” სტილი. კირშენბაუმმა ასევე $150 000 გადაიხადა 42 წლის ამერიკელი მხატვრის, ტარა დონოვანის საოცარ ნამუშევარში (2010 წ). Pace-ის მხატვარმა მონიკელებული ფოლადის ათასობით ქინძისთავი თეთრ დაფაში ჩაარჭო, რითაც შექმნა მოციმციმე ვერცხლისფერი ზედაპირი, რომელიც თითქოს ღელავს, როდესაც ოთახში მოძრაობთ. გლიმშერი აღიარებს: „მართალი გითხრათ, ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა ჩამჯდარიყო ეს ნამუშევარი მის კოლექციაში, უბრალოდ მინდოდა, რომ რიჩარდს იგი ჰქონოდა”.

რაც უფრო მეტ ხელოვნების ნიმუშს ყიდულობდა კირშენბაუმი, მით უფრო მეტად ხვდებოდა, რომ მისი ავეჯი აღარ შეეფერებოდა მის კოლექციას. მას შემდეგ, რაც შეიძინეს აპარტამენტი დაბალ სართულზე, მან და მისმა მეუღლემ გაწმინდეს ბინა ანტიკვარიატისა და mid century-ის სტილის ავეჯისაგან (როგორიცაა, მაგალითად, ჰოლანდიელი მწარმოებლის Helioflex-ის 1955 წლის რბილი სავარძლები), რათა ახალ დუპლექსში საკუთარი კოლექცია გამოეფინათ.

გლიმშერი ფიქრობს, რომ უკვე დროა $1-მილიონიან ზღვარს გადასცდეს. კირშენბაუმის სასურველ ნამუშევართა სიის სათავეში მოქცეულია იმ ორი აბსტრაქტული ექსპრესიონისტის ნამუშევრები, რომელთაც შექმნეს ერთგვარი ხიდი მინიმალისტურ და კონცეპტუალურ მიმართულებებს შორის. ესენი არიან აგნეს მარტინი და რობერტ რიმანი.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, კირშენბაუმი შენაძენებს ხანდახან მაინც იმპულსურად აკეთებს (მაგალითად: თანამედროვე ბრიტანელი ხელოვანის ჩარმინგ ბეიქერის დიდი ტილო, რომელზეც პატარ-პატარა ნახვრეტებით გამოსახულია კურდღელი ვარდისფერ და ნაცრისფერ ფონზე), გლიმშერი კვლავაც მის მთავარ მრჩევლად რჩება. კირშენბაუმი ამბობს, რომ კირშენბაუმის კოლექციამ მის სარეკლამო საქმიანობაზე საოცარი გავლენა მოახდინა. მისი ყველაზე რთული შენაძენის – კალდერის ნამუშევრის წითელმა წრეებმა შთააგონა Target-ის სარეკლამო ჯაჭვში ე.წ. „ხარის თვალის” ლოგო უფრო გამოეკვეთა. ცხოვრება, ხანდახან, მართლა ხელოვნებას იმიტირებს.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *